საქმე №ბს-1148(კ-21) 07 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ.ჯ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ.ჯ-მა 2020 წლის 20 ნოემბერს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ოქტომბრის №ბ16.16202982 ბრძანებისა და 2020 წლის 26 ოქტომბრის №16-162030023 წერილის ბათილად ცნობა და ზ.ჯ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის დადასტურების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ.ჯ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ზ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საოჯახო მეურნეობის განხორციელება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნებისმიერი კატეგორიის მიწის ნაკვეთზე იყო დასაშვები, თუმცა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისთვის, საოჯახო მეურნეობა, როგორც საქმიანობა, უკავშირდებოდა საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გამორიცხა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად მუნიციპალიტეტის მხრიდან ცნობის გაცემა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთს, რომელზეც არ იყო განთავსებული რაიმე სახის შენობა-ნაგებობა და აღნიშნულ ნაკვეთზე არ დგინდებოდა არც საოჯახო-მეურნეობის განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ.ჯ-ის მიერ.
კასატორის, ზ.ჯ-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სამართლის ნორმების შეფარდებისა და განმარტების პროცესში დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა, რაც არ გამომდინარეობს იმ სამართლის ნორმათა სისტემური და თელეოლოგიური განმარტებიდან, რომელიც გამოიყენა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც თავის მხრივ, დაეთანხმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლო.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირს გადაეცემა გარკვეული მიზნით, აღნიშნული არ გულისხმობს ასეთი მიზნის მიღწევის, როგორც შედეგის სავალდებულოობას. ტერმინები საოჯახო მეურნეობა და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული მიწის ნაკვეთი ერთმანეთისგან განსხვავდება შინაარსობრივად, რადგან პირველი ეხება საოჯახო მეურნეობას, ხოლო მეორე - მიწის ნაკვეთს, რომელიც საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად იქნა გადაცემული. საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის მიერ ცნობის გაცემის მომენტისთვის შესაძლოა არ იყოს მოწყობილი საოჯახო მეურნეობა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო ამ მიზნით გაცემული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მუნიციპალიტეტი მსგავს ცნობას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი მიწის ნაკვეთზე არ არსებობს (არ იძებნება ან თავის დროზე არ გაცემულა).
ზ.ჯ-ის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებების შესწავლის გარეშე და არსებული მტკიცებულებების უგულვებელყოფით, სრულიად უსაფუძვლოდ იქნა ბათილად ცნობილი. გასაჩივრებული აქტები არ შეიცავენ არანაირ არგუმენტაციას მათი გამოცემის საფუძვლებთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს (1 მუხ.), რათა უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად (2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). აღნიშნული უფლების რეალიზაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო, კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (4.1 მუხ.). ამ მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან (4.2 მუხ.).
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ.ჯ-მა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადული რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, ცნობილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოძიებული ვერ იქნა, შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ვინაიდან გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო იმ ფაქტის დადგენა, თუ რამდენად წარმოადგენდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთად განიხილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული ნორმა ადგენს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ორ შემთხვევას: 1. როდესაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაცემულია უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ან 2. მიწის ნაკვეთის გაცემის თაობაზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია). ამასთან, ორივე შემთხვევაში სავალდებულოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოქალაქეზე გაცემული იყოს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს. საგულისხმოა ისიც, რომ მეორე შემთხვევაში, კანონმდებელმა უფლების დამდგენი დოკუმენტი ჩაანაცვლა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 23 ოქტომბერს გაიცა ცნობა №ა24.16202971, რომლითაც დაადასტურა ზ.ჯ-ის მიერ სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შესაბამისობა, თუმცა აღნიშნული ცნობა არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემობებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო ამ შინაარსის ცნობის გაცემისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული აქტი არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის აღნიშნულ ხარისხს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა - შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით (სუსგ. 04.07.2017წ. საქმეზე №ბს-5-4(კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლმა 2020 წლის 10 ოქტომბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა მის მიერ 2020 წლის 23 ოქტომბერს გაცემული №ა24.16202971 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ცნობა მომზადებული იყო საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან საქმის წარმოების ახალ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია შეფერხება. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 24 ოქტომბრის №ბ16.16202982 სადავო ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მერის წარმომადგენლის 2020 წლის 23 ოქტომბრის №ა24.16202971 ცნობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო ბათილად ეცნო მისი წარმომადგენლის მიერ მიღებული აქტი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მერიის მიერ ბათილად ცნობილი აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2020 წლის 26 ოქტომბრის №16-162030023 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ზ.ჯ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც საკარმიდამო და არც საოჯახო მეურნეობის მოსაწყობ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთის კერძო პირისთვის გარკვეული მიზნით გადაცემა არ გულისხმობდა ასეთი მიზნის მიღწევის, როგორც შედეგის დადგომის სავალდებულოობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონმდებლის მიზანზე - საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არ არსებობის პირობებში მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის გადაცემის ფაქტის დადასტურება უზრუნველეყო შესაბამის მუნიციპალიტეტს. ამდენად ცალსახაა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ამ ფაქტის დადასტურება, რაც ცნობის გაცემაში ვლინდება, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრნობით უნდა ხორციელდებოდეს (საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად განხორციელებული მოქმედებების დაფიქსირება მიწის ნაკვეთის დათვალიერების გზით, მოწმეების გამოკითხვა, მიწის ნაკვეთის დაინტერესებულ პირზე (ან მის მამკვიდრებელზე) სარგებლობისთვის გაცემის დასადასტურებლად მისი სამართლებრივი კავშირის გამოკვლევა შესაბამის მუნიციპალიტეტთან და სხვა). განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული აშენებული, მშენებარე ან დანგრეული შენობა-ნაგებობა, მიწისქვეშა ან ხაზობრივი ნაგებობა ან სხვა ობიექტი, რაც ფაქტობრივ საფუძველს შექმნიდა ამ მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოწყობის მიზნით გამოყოფის უტყუარობის დასადასტურებლად, რა გარემოებაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებისთვის სავალდებულო საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაძლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. ზ.ჯ-ს (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს კ.ხ-ის მიერ 29.11.2021წ. №... საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე