საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-97(კ-23) 26 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი.მ-მა 2022 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიმართ და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2022 წლის 16 მარტის №2022/2 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 2 მაისის №04/4549 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ი.მ-ს 2022 წლის 7 მარტიდან დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2021 წლის 8 სექტემბრიდან ი.მ-ისთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2022 წლის 16 მარტის №2022/2 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 2 მაისის №04/4549 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ი.მ-ს 2022 წლის 7 მარტიდან დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 7 მარტიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით კი საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ი.მ-ს სოციალური პაკეტი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია - 22 ლარის ოდენობით) საჩხერის რაიონულ განყოფილებაში დანიშნული ჰქონდა 2019 წლის პირველი ივნისიდან, რომელიც შეუწყდა 2020 წლის ნოემბრიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 28 ოქტომბრის №04-23398 წერილის საფუძველზე მიღებული ინფორმაციით, დასტურდება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო თავდაცვის სამინისტროში. 2021 წლის 8 სექტემბერს მან განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ განყოფილებას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა 2021 წლის 9 სექტემბრის №04-06-11/731 წერილით, ვინაიდან კვლავ აგრძელებდა საჯარო საქმიანობას თავდაცვის სამინისტროში. 2022 წლის 7 მარტს საჩხერის რაიონულ განყოფილებას მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა და დამატებით წარადგინა თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანება და თავდაცვის სამინისტროს ...ის ცენტრის 2021 წლის 1 ნოემბრის ცნობა იმის შესახებ, რომ ის დასაქმებულია ...ის საჩხერის ...ის სკოლაში. მას 2022 წლის 16 მარტის №04-06-11/261 წერილით კვლავ უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემელით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელმაც 2022 წლის 2 მაისის №04/4549 გადაწყვეტილებით ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს ...ის ცენტრის 2021 წლის №1 ნოემბრის ცნობის თანახმად, ი.მ-ს დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება ...ის ...ის ცენტრთან (...) და სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად განაწილებულია ...ის ცენტრის (...) ...ის სამსახურის მე-3 განყოფილებაში ...ის საჩხერის ...ის სკოლაში. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ...ის სკოლაში განაწილებულია, რაც შეიძლება არ მოიცავდეს მის ძირითად საქმიანობას და სავარაუდოდ, იგულისხმებოდეს დროებითი ფუნქციების განხორციელება ამ მიმართულებით, რის მტკიცებასაც საგანმანათლებლო საქმიანობის სტატუსით ცდილობს მოსარჩელე. ამრიგად, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი.მ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ გასაჩივრების პირობებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი, კერძოდ, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, ასევე სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება - მოახდინოს 2022 წლის 7 მარტიდან ი.მ-ისათვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის (სახელმწიფო კომპენსაციის) ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველივე პუნქტში გაცხადებულია, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ცალკეულ პირობებსა და შესაბამის ოდენობებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთათვის (სამხედრო მოსამსახურეთათვის). თავის მხრივ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სპეციალურ სუბიექტთა წრეს. კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი.მ-ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა (ზღვრული ასაკის მიღწევისას) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №973 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
საქმის მასალების მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ ი.მ-ს საჩხერის რაიონულ განყოფილებაში 2019 წლის ივნისიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია), რომელიც მას შეუწყდა 2020 წლის ნოემბრიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. 2021 წლის 8 სექტემბერს ი.მ-მა განცხადებით მიმართა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, რაზედაც 2021 წლის 9 სექტემბერს ეთქვა უარი საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. 2022 წლის 7 მარტს საჩხერის რაიონულ განყოფილებას კვლავ მიმართა ი.მ-მა და წარადგინა დამატებით თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანება და ცნობა იმის შესახებ , რომ იგი მუშაობს ...ის ცენტრში (...) და სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად განაწილებულია ...ის ცენტრის (...) ...ის სამსახურის მესამე განყოფილებაში - ...ის საჩხერის ...ის სკოლაში. საჩხერის რაიონული განყოფილების 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, იმ საფუძვლით, რომ საჩხერის ...ის სკოლა არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ი.მ-ს კვლავ უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 2 მაისის №04/4549 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ი.მ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ი.მ-ი ეწეოდა საჯარო საქმიანობას, კერძოდ, დასაქმებული იყო ...ის ცენტრის (...) ...ის სამსახურის მესამე განყოფილებაში-...ის საჩხერის ...ის სკოლაში და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად.
საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს„ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულებაზე, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, სარდლობის ამოცანებია: ა) სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება; ბ) პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება/გადამზადება და ქვედანაყოფების შეფასება; გ) ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადება და ქვედანაყოფების შეფასება; დ) ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავება; ე) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება, გადამზადება და შეფასება; ვ) თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა. ამავე დებულების მე-4 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარდლობის სტრუქტურული ერთეულია ...ის სახელობის საჩხერის ...ის სკოლა, რომელიც ახორციელებს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას; ახორციელებს ...ის საერთაშორისო კურსების დაგეგმვას და ჩატარებას, ალპინიზმისა და სამთო ტაქტიკურ-ტექნიკური სპეციალისტების მომზადება/გადამზადებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სამთო-სამაშველო ოპერაციებში; ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას; ახორციელებს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას აღჭურვილობით, საწვრთნელი ბაზით და ტექნიკური საშუალებებით; ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას; უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ ...ის სახელობის საჩხერის ...ის სკოლა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან სკოლის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და საფუძვლებით უდავოდ დასტურდება სკოლის საქმიანობის საგანმანათლებლო ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - ...ის სახელობის საჩხერის ...ის სკოლა, ასევე ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა საგანმანათლებლო საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ი.მ-ი საქმიანობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ...ის სახელობის საჩხერის ...ის სკოლაში, მისი საქმიანობა მართებულად არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობად, რის გამოც, მას უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელე უდავოდ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სუბიექტს, რაც „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. ამასთანავე, მართებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი.მ-ს 2022 წლის 7 მარტიდან (წარდგენილი განაცხადის საფუძველზე) დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. მოცემული გარემოებები კი ასევე მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების წინაპირობას ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე