Facebook Twitter

№ბს-951(კ-21) 12 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ი, მესამე პირები (სასკ 16.2) - თ. გ-ი, ზ. ბ-ი, რ. გ-ი, სს ,,თ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 ნოემბერს გ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების („ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გ. გ-ის 2014 წლის 16 აპრილის №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ზ. ბ-ი, რ. გ-ი და თ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება - სს „თ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ..., ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (600 კვ.მ. ს/კ ...), რომელიც ზედდებაში იყო მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ზ. ბ-ის სახელზე 1997 წლის 15 ივლისის №11173 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მოცემული გადაწყვეტილება, ასევე მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება გ. გ-იმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება და მასვე დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გ. გ-ის 2014 წლის 16 აპრილის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის - რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების (რაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენდა) გამოცემის წინაპირობა და საფუძველი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად არ ეფუძნებოდა ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, სადავო აქტში კვლავ მითითებული იყო იმ გარემოებაზე, რომ, ვინაიდან გ. გ-ის მიერ 2007 წლის 16 ივლისის №... განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ იყო წარდგენილი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში, მარეგისტრირებელი ორგანო ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე, უფრო ადრე რეგისტრირებული იყო თუ არა გ. გ-ის საკუთრების უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია ის გარემოება, რასაც მოსარჩელე ხდიდა სადავოდ, კერძოდ, ზ. ბ-ის ნაკვეთისა და გ. გ-ის ნაკვეთების ადგილმდებარეობები, ასევე არ შეუფასებია გ. გ-ის სახელზე 15.10.1993 წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ფიქსირდებოდა გ. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები და 06.07.2007 წ. შესრულებული საკადასტრო რუკა, რომელზეც ასახული იყო გ. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ 2007 წლის 6 ივლისს გ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავოდ არავის გაუხდია, იგი კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი სახით, ასევე არ გასაჩივრებულა უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1993 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანო ვერ ახერხებდა ქონების იდენტიფიცირებას და უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციის პირობებშიც კი, დაუშვებელი იყო გ. გ-ის საკუთრების მხოლოდ აბსტრაქტული სახით არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოცემული სასარჩელო წარმოების ფარგლებში ითხოვს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა კი იყო: რეგისტრაციის შესახებ №... (19.07.2012) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა ზ. ბ-ის საკუთრების უფლება), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის №... (10.04.2014) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაცია.

სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - №... ბათილად ცნო მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში (თავად რეგისტრაციის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია); დანარჩენ ნაწილში (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სარეგისტრაციო წარმოებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაცია) მოთხოვნები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ხოლო სადავო აქტი (№...) კანონიერად, რაც კასატორის შეფასებით, მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ თითქოს გ. გ-ის მიერ 2007 წელს საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი, შპს „გ...ის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზისა და მის შესაბამისად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები №... კოდით შეესაბამებოდა გ. გ-ის მიერ 2014 წლის 3 აპრილის №4... განცხადებას დართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთის კოორდინატებს, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს მოხმობილი აქვს ზედდების ამსახველი ნახაზი, რაც არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთთა იდენტურობის მტკიცებისათვის ვალიდურ დოკუმენტს.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების გამოტანისას მარეგისტრირებელმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ გაითვალისწინა მასთან დაცული - №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები, არ უზრუნველყო რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა და ამით შეზღუდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე გ. გ-ის საკუთრების უფლება. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო, იმ გარემოების შესახებ, რომ 2007 წლის 16 ივლისის №... (16.07.2007) განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში, ამასთან, აღნიშნული აზომვით ნახაზზე მითითებული კოორდინატები არ შეესაბამებოდა №... (03.04.2014 წ.) განცხადებას დართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის კოორდინატებს, რაც დადგინდა სააგენტოს მიერ №400970/17 სამსახურეობრივ ბარათზე თანდართული სიტუაციური ნახაზით, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელი და არასწორია.

კასატორი მიუთითებს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია არა ზ. ბ-ის საკუთრების უფლება, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თ. გ-ის (პ/ნ ...), ხოლო 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება, ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სს ,,თ...ს“ იპოთეკის უფლება. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული რეგისტრაციები და მათი საფუძვლებიც დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ ყოფილა სადავო. ამდენად, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად იქნებოდა შესაძლებელი მისი გადაწყვეტილების აღსრულება და რა შედეგის მომტანი იქნებოდა იგი მოსარჩელისთვის, ვინაიდან ზემოაღნიშნული რეგისტრაციების ძალაში ყოფნის პირობებში, შეუძლებელია მოსარჩელემ მიაღწიოს სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2007 წლის 6 ივლისს გ. გ-იმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 900 კვ.მ.მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 1993 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა. აღიშნული განცხადების საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით გ. გ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა.

2012 წლის 13 ივლისს ზ. ბ-იმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა №... განცხადებით, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ს, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 1997 წლის 15 ივლისის №11173 მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ს, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით ზ. ბ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა.

2012 წლის 1 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ, ქალაქ თბილისში, ..., ...ის ტერიტორიაზე, 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ზ. ბ-იმა რ. გ-ის გადასცა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2012 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე რ. გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

2014 წლის 3 აპრილს გ. გ-იმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს №... განცხადებით მიმართა, რომლითაც №... საკადასტრო კოდის უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრის ამონაწერი წარედგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ. გ-ის №... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, რომლის მიხედვით, გ. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები ფარავდა ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთს.

2014 წლის 16 აპრილს გ. გ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც განმარტა, რომ №... გადაწყვეტილებით მითითებული ზედდება გამოწვეული იყო ზ. ბ-ის მიერ არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თვითონ უნდა გამოესწორებინა დაშვებული შეცდომა. 2014 წლის 16 აპრილის საჩივრის დაზუსტების შედეგად გ. გ-იმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და №... განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 19 მაისის №... გადაწყვეტილებით გ. გ-ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით გ. გ-ის №74909/17 ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რადგან №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №...) საკადასტრო მონაცემებთან წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძველს. ამავე გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გ. გ-ის უარი ეთქვა №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

2014 წლის 16 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ, ქალაქ თბილისში, ...ს, ...ის ტერიტორიაზე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რ. გ-იმა თ. გ-ის გადასცა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე რ. გ-ისა და თ. გ-ის თანასაკუთრება დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება გ. გ-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

კანონიერ ძალაში შესული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გ. გ-ის 2014 წლის 16 აპრილის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურმა 2018 წლის 11 ივლისის №398150/17 სამსახურებრივი ბარათით ამავე სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2007 წელს გ. გ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი შპს ,,გ...ის“ მიერ მომზადებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული კოორდინატებისა და №... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული კოორდინატების მიხედვით, აღნიშნულ აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ თუ არა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთებს. პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის №400970/17 სამსახურებრივი ბარათით იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურს განემარტა, რომ ვინაიდან 2007 წლის 16 ივლისის №... განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი ნაკვეთის კოორდინატების ადგილმდებარეობა არ წარმოადგენდა WGS 84 კოორდინატთა სისტემას და UTM პროექციას, ამიტომ არ შეესაბამებოდა 2014 წლის 3 აპრილის №... განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ ნაკვეთის ადგილმდებარეობის კოორდინატებს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილებით გ. გ-ის №74909/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეში სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილების („ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“) თაობაზე ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016 წ. გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის №ბს-743-735(კ-16) განჩინება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016 წ. გადაწყვეტილება (გ. გ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეუფასებია გ. გ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის სისწორე, არ შეუდარებია UTM პროექციაში შესრულებულ ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა და გ. გ-ის სახელზე 06.07.2007 წ. დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა, არ შეუფასებია გ. გ-ის სახელზე 15.10.1993 წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ფიქსირდებოდა გ. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები და 06.07.2007 წ. შესრულებული საკადასტრო რუკა, რომელზეც ასახული იყო გ. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ ამ გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა და შეეფასებინა ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშიც არ იქნა შესრულებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი მითითებები. მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოიცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა მასში არ არის ასახული და გამოკვლეული ის გარემოებები, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების იდენტურობის დაუდგენლობის შესახებ და ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე გ. გ-ისა და ზ. ბ-ის (მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე, მესამე პირებზე (რ. გ-ი და თ. გ-ი) განკარგვამდე) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს და ზედდებაშია. საქმეზე წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გადაფარვის ამსახველი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 227), რომელზეც აღნიშნულია გ. გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთსა და რ. გ-ისა და თ. გ-ის (თავდაპირველი მესაკუთრე - ზ. ბ-ი) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ნაწილობრივი ზედდება. ამავე მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების პირველადი საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტებზე დართული ნახაზები და აქტების თარიღები (15.10.1993) ემთხვევა გ. გ-ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებს. ამდენად, დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე - მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული და ზ. ბ-ის მიერ ასევე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები ნაწილობრივ ფარავს ერთმანეთს.

მოცემული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ის სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა მოსარჩელის სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი საკუთრების უფლების დამდგენი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.

საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ გ. გ-იმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 2007 წლის 6 ივლისს, ხოლო ზ. ბ-იმა - 2012 წლის 19 ივლისს. ამდენად, გ. გ-ის უფლების რეგისტრაცია წინ უსწრებდა და შესაბამისად გამორიცხავდა იმავე ნივთზე ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გ. გ-ის საჯარო რეესტრში ქონება რეგისტრირებული არ ჰქონდა საკადასტრო მონაცემების გამოსახვით WGS 84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე (საქმე №ბს-367-363(კ-12)), „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება №ბს-367-363(კ-12)).

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - №... ბათილად ცნო მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და თავად, ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რამდენადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით) გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილება, „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად, მოცემული გადაწყვეტილების ძალაში შესვლით მოპასუხეს ევალება ახალი აქტის გამოცემა „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რის საფუძველზეც მოსარჩელე, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე, ეფექტიანად დაიკმაყოფილებს კანონიერ ინტერესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 10/11/2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №26016-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10/11/2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №26016-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი