საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბ-337-1(გან-23) 13 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
კასატორი (მოსარჩელე) - თ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 3 აგვისტოს თ. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...თან - თ. გ-ითან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში; მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების N1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2017 წლის პირველი ივლისიდან თ. გ-ის პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევის შესახებ; მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე თ. გ-ის დანიშვნის შესახებ; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის, 2017 წლის პირველი ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის - თ. გ-ის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების N1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2017 წლის პირველი ივლისიდან თ. გ-ის პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევის შესახებ; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. გ-ის 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-იმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით თ. გ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-იმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
2022 წლის 13 ივლისს, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით, ჩატარდა სასამართლო სხდომა, კასატორთა წარმომადგენლების მონაწილეობით. ამავე თარიღის განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი. ამავე თარიღის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. გ-ის საკასაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება, თ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში, თ. გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე დანიშვნამდე; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება.
2023 წლის 13 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ შუამდგომლობით (თავისი არსით განცხადებით) მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
განცხადებაში მითითებულია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2022 წლის 6 დეკემბერს გაცემული Nბს-106(2კ-22) სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება: NA...; კრედიტორი - თ. გ-ი; მოვალე - საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-106(2კ-22) სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში, თ. გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე დანიშვნამდე.
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან განხორციელდა კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი განაცდურის ხელზე მისაღები თანხის დათვლა, რომელიც შეადგენს 58819.62 ლარს. მოვალემ კრედიტორს ხელფასის დათვლა განახორციელა გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კრედიტორის განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხა ნაკლებია ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე, რადგანაც განაცდურის გაანგარიშებისას უნდა მოხდეს განაცდური პერიოდის დროს თანამდებობრივი სარგოს ცვლილების (მატების) გათვალისწინება.
ზემოხსენებული სააღსრულებო წარმოების აღსრულების უზრუნველყოფად და წარმოების სწორად წარმართვის მიზნით, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის Nბს-106(2კ-22) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას. კერძოდ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსაზრებით, უნდა განიმარტოს, ფორმულირება: „დაკმაყოფილდეს სარჩელი, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში, თ. გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე დანიშვნამდე“, გულისხმობს თანამდებობრივი სარგოს მატების თანხის გათვალისწინებით აღსრულებას, თუ ექვემდებარება მხოლოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულება, გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს მისი გაურკვევლობის აღმოფხვრის საშუალებას. განმარტების მიზანია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და გამომდინარეობს ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული დასკვნებიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი ივლისიდან თ. გ-ის, პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევისა და მოპასუხისათვის მისი სამინისტროს ...ის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემის დავალების პირობებში, დაკმაყოფილებას დაექვემდებარა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე, თ. გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე დანიშვნამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის (2017 წლის პირველი ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე, წარმოადგენდა საჯარო ხელისუფლების ორგანოს მიერ მიყენებული ზიანიდან გამომდინარე მოთხოვნას. მოსარჩელის ინტერესში შედიოდა იმ შემოსავლის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა 2017 წლის ივლისიდან, პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამის პოზიციაზე დანიშვნით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თ. გ-ითან მიმართებაში სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტის არარსებობა და მისი უკანონოდ ცნობის შეუძლებლობა, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას - მოეთხოვა შემოსავალი, რომელსაც შესაბამის თანამდებობაზე 2017 წლიდან დანიშვნის შემთხვევაში მიიღებდა. თ. გ-ისათვის ასანაზღაურებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ თანხის ოდენობა დამოკიდებული იყო როგორც საჯარო დაწესებულების მიერ შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე, ისე თანხის ანაზღაურების ვალდებულებისათვის განსაზღვრული დროის სრული მონაკვეთის დასრულებაზე. ანაზღაურებას უნდა დაქვემდებარებოდა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობების ჯამი, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე თ. გ-ის დანიშვნამდე პერიოდის გათვალისწინებით.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის Nბს-106(2კ-22) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა სრულად მოიცავს თ. გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელ პერიოდს - 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის პოზიციაზე მის დანიშვნამდე“. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მითითება: „თანხის ოდენობა დამოკიდებულია როგორც საჯარო დაწესებულების მიერ შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე, ისე თანხის ანაზღაურების ვალდებულებისათვის განსაზღვრული დროის სრული მონაკვეთის დასრულებაზე“, გულისხმობს იმას, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ... წლის პირველი ივლისიდან თ. გ-ის თანამდებაბაზე დანიშვნამდე პერიოდში, შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს მატების თანხაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც, არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე