№ბს-984(კ-21) 12 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 9 აგვისტოს შპს „მ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 20 დეკემბრის №04/78313 (პაციენტების - ი. კ-ის, ა. ა-ის, შ. შ-ეის, მ. თ-ის, ა. ა-ის, ა. ლ-ას, გ. გ-ის, გი. გ-ის, ნ. მ-ეის, ა. მ-ეის, ბ. კ-ას, ს. ბ-ეისა და ს. თ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის №04/41896 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სს „ს...ის“ საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის №04/41896 გადაწყვეტილება (პაციენტების - ი. კ-ის, ა. ა-ის, შ. შ-ეის, მ. თ-ის, ა. ა-ის, ა. ლ-ას, გ. გ-ის, გი. გ-ის, ნ. მ-ეის, ა. მ-ეის, ბ. კ-ას, ს. ბ-ეისა და ს. თ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.
პაციენტების ი. კ-ის, ა. ა-ის, შ. შ-ეის, მ. თ-ის, ა. ა-ის, გი. გ-ის, ნ. მ-ეის შემთხვევების ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა სრულად იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო პაციენტების - ა. ლ-ასა და გ. გ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებას უარი ეთქვა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს). რაც შეეხება პაციენტების ბ. კ-ას, ს. ბ-ეისა და ს. თ-ის შემთხვევებს მოპასუხემ სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა ნაწილობრივ, ვინაიდან განმახორციელებლის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს, კერძოდ, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ნოზოლოგიური კოდი, ხოლო პაციენტის ა. მ-ეის შემთხვევაში სადავო იყო სამედიცინო შემთხვევის განფასება, რის გამოც, ვინაიდან მოსარჩელე არ დაეთანხმა დაბალი თანხით განფასებული ტარიფით ანაზღაურებას, სრულად ეთქვა უარი ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ, განმახორციელებლის მოსაზრებით, რიგ სამედიცინო შემთხვევებში არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება, ადგილი ჰქონდა გეგმური თერაპიული პროფილის სტაციონარულ მკურნალობას, ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ინფორმაციას, გამოტანილი დიაგნოზების არსებობა არ დგინდებოდა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით და ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი, ასევე ერთ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით სადავო იყო სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების ტარიფი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის იყო იმ გარემოებების დადგენა ცალკეულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით პაციენტთა სამედიცინო ისტორიების გათვალისწინებით რამდენად იყო სახეზე - გადაუდებელი სტაციონარული დახმარების გაწევის საჭიროება არაინფექციური გასტროენტერიტისა და დაუზუსტებელი კოლიტის დროს და ნერვული სისტემის დაზიანებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევებში, რამდენად შეესაბამებოდა პაციენტთათვის გამოტანილი დიაგნოზები (G00.9 ბაქტერიული მენინგიტი დაუზუსტებელი; J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი; J06.9 - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; J96.0 სუნთქვის მწვავე უკარისობა; I62.0 სებდურული სისხლჩაქცევა, N39.0 საშარდე გზების ინფექცია დაუზუსტებელი ლოკალიზაციის და სხვ.) და მათთვის ჩატარებული მკურნალობა სამედიცინო ისტორიაში გადმოცემულ ანამნეზებსა და მდგომარეობებს.
აღნიშნული საკითხების შეფასების კუთხით სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა საქმეში წარმოდგენილ სპეციალისტთა დასკვნებზე, რომელიც წარმოდგენილია პაციენტთა ნაწილის მიმართ, კერძოდ, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირი „ა...ს“ 2018 წლის 29 ნოემბრის №01/11 წერილის თანახმად, პაციენტების - ი. კ-ისა და შ. შ-ეის შემთხვევები, რომლებიც დიაგნოსტირებული იყვნენ, როგორც არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი დაუზუსტებელი K52.9 წარმოადგენდა ჰოსპიტალიზაციისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების პირდაპირ ჩვენებას მათი 2 თვემდე ასაკის, ზოგადი მდგომარეობის, კონკრეტული სიმპტომების და გამოხატული სინდრომების გათვალისწინებით. ამავე წერილიდან დგინდება, რომ პაციენტის ა. ა-ისთვის გამოტანილი სამივე დიაგნოზი - G00.9 ბაქტერიული მენინგიტი დაუზუსტებელი; J96.0 სუნთქვის მწვავე უკარისობა; I62.0 სებდურული სისხლჩაქცევა (მწვავე) (არატრავმული) დადასტურებულია კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით, რომლის დიაგნოსტირება და მართვა ჩატარებულია ეროვნული პროტოკოლის სრული დაცვით. ამასთან, წარმოდგენილი დასკვნა განმარტებებს აკეთებს პაციენტებთან ს. თ-ითან და ბ. კ-ასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ს. თ-ის შემთხვევაში შარდის ბაქტერიული კვლევით დადასტურებულია კლებსიელას არსებობა, რაც ვერ ჩაითვლება შარდის ნორმალურ მიკროფლორად და პირდაპირ მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე, თუმცა ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა წარმოუდგენელია. ნეფროლოგის კონსულტირების შემდგომ დამატებით თანმხლები დიაგნოზი საშარდე გზების ინფექცია დაუზუსტებელი გამოტანილი იყო სხვა ძირითად დიაგნოზებთან ერთად. ამასთან, პაციენტის ასაკი, მაღლი რისკი (ხშირი ინვაზიური პროცედურების აუცილებლობა თანდაყოლილი ანომალიის გამო), მოწყვლადს ხდიდა მას სხვადასხვა ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური ინფექციების მიმართ, რომელთან ერთად სავარაუდო იმუნოდეფიციტური კომპრომეტაციის გამო (თანდაყოლილი ანომალია და ქრ. მიმდინარეობა) შესაძლებელი იყო ძირითადი დაავადების გართულება. შესაბამისად, წარმოუდგენელია არ ყოფილიყო იდენტიფიცირებული შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევით მიღებული მონაცემი, როგორც საშარდე გზების ინფექცია და მისდამი იზოლირებული კოდი არ ყოფილიყო გამოყენებული. ამის მიზეზი კი იყო აღნიშნული პრობლემის აუცილებელი მართვა და შემდგომი მეთვალყურეობა, როგორც კრიტიკული მედიცინის, ასევე მოვლის შემდგომ ეტაპზე, რის გამოც კოდის გამოყენება არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი იყო. რაც შეეხება პაციენტ ბ. კ-ას, მისთვის დიაგნოზის არაინფექციური გასტროენტერიტის გამოტანა სრულიად გამართლებული იყო კუჭის მოქმედების სიხშირის და წონის დეფიციტის გათვალისწინებით, ხოლო ამ დიაგნოზის დაკავშირება ძირითად დიაგნოზთან – თანდაყოლილი ანემია არ იყო გამართლებული, რადგან მწ. გასტროენტერიტი არ არის დამახასიათებელი ამ ჰემატოლოგიური პრობლემისათვის. ასევე ბრონქიოლიტის დიგანოზიც არ მოიცავს თავის თავში მწ. გასტროენტერიტს, როგორც ჩვეული გამოვლენის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის თანახმად, გასტროენტერიტი იზოლირებული, დამოუკიდებლად განვითარებული მდგომარეობაა და გამომდინარე აქედან განცალკევებულ კოდირებას და შესაბამისი დიაგნოსტიკა/ მართვას საჭიროებდა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 2018 წლის 30 ოქტომბრის წერილები პაციენტების - მ. თ-ისა და ა. ა-ის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ პაციენტ მ. თ-ის ასაკის გათვალისწინებით მისი ნევროლოგიური სიმპტომი - ცნობიერების დონე ძილიანი, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და საჭიროებდა გადაუდებელ კვლევებს, სტაციონარულ მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მართვას, ხოლო პაციენტ ა. ა-ის გასინჯვით ვინაიდან გამოხატული იყო ატაქსიური სიარული, აუცილებელი იყო ჩატარებულიყო დიფერენცირებული კვლევები, რომელიც გამორიცხავდა პოსტვირუსული მწვავე პოლიონეიროპათიის არსებობას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ი. ჩ-ეის 2018 წლის 5 ნოემბრის წერილზე, რომლის მიხედვით, პაციენტი გ. გ-ის ჩივილები, ანამნეზური და ობიექტური მონაცემები სრულად შეესაბამება საბოლოო კლინიკურ დიაგნოზს „მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი“ J21.9. რაც შეეხება შესვლისას დასმულ დიაგნოზს „მწვავე პნევმონია“ და რენტგენოლოგიური და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დაფიქსირებულ ცვლილებებს, ეს შეიძლება აიხსნას თიმომეგალიით, რომლის ზეწოლის გამო განვითარდა ატელექტაზი. ისტორიის გარეკანზე ასევე გამოტანილია დიაგნოზი „პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი“, რომლის არსებობა დასტურდება როგორც ანემნეზურად (სამშობიაროში ჩატარებული ექოსკოპიური კვლევა), ისე ჰოსპიტალიზაციისას ჩატარებული ექოკარდიოგრაფიით. სამედიცინო ბარათში არსებულ დანიშნულების ფურცელში პაციენტის მართვისას გამოყენებული ჩარევები სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებთან, რომელთა მიხედვით მწვავე ბრონქიოლიტის მართვა უნდა განხორციელდეს სიმპტომურად, სითხის დამატებითი მიწოდებით და ინჰალაციური თერაპიით, ხოლო ატიპური გამომწვევების ეტიოლოგიური მნიშვნელობის გათვალისწინებით შესაძლებელია მართვაში გამოყენებულ იქნეს მაკროლიდი. ამავე წერილის საფუძველზე კლინიკური დიაგნოზი „მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი“ J21.9 ასევე სრულ შესაბამისობაშია პაციენტ ს. ბ-ეის ჩივილებთან, ანამნეზურ და ობიექტურ მონაცემებთან. ამდენად, სპეციალისტის დასკვნით, ორივე სამედიცინო შემთხვევისას წარდგენილი დიაგნოზებისა და შესაბამისი ჩარევების არსებობა დადასტურებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.
სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ეის სამედიცინო შემთხვევის ნაწილში მიიჩნია, რომ არ დგინდება თუ რა განაპირობებს ტარიფის ცვლილებას და სადავო საკითხის გადაწყვეტისას რის საფუძველზე იქნა განფასებული პაციენტ ა. მ-ეის სამედიცინო შემთხვევა დაბალთანხიანი ტარიფით, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ 2015 წელს უფრო მაღალი ტარიფით დაფინანსებული შემთხვევების დამადასტურებელი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სამედიცინო შემთხვევა, საბოლოოდ, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემდგომ, ანაზღაურებული არ იქნა არც მოპასუხის მიერ მითითებული შედარებით დაბალი ტარიფით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტებს არ ესაჭიროებოდათ ის სამედიცინო მომსახურეობა რომელიც ჩაუტარდათ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდნენ მითითებული პაციენტების სტაციონარში მოთავსების საჭიროებას, რაც შეეხება მათთვის ჩატარებული მკურნალობის შესაბამისობას გადაუდებელი მკურნალობისათვის გათვალისწინებულ კომპონენტთან, აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოითხოვდა დამატებით კვლევას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადადაა აღნიშნული, რომ განსახილველი შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა კონკრეტულად რა გახდა ამ პოზიციის დაფიქსირების საფუძველი საპელაციო სასამართლოსათვის უცნობია, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება. ვინაიდან, სადავო აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა საქმის არსებითი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა დადგენილი, შეფასებული და გამოკვლეული სადავო ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნავს, რომ მსგავს სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს სამედიცინო განათლების, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირი, რაც გამორიცხავს დამატებით ექსპერტის მოწვევის საჭიროებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის №04/41896 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტები ი. კ-ი, ა. ა-ი, შ. შ-ეე, მ. თ-ი, ა. ა-ი, ა. ლ-ა, გ. გ-ი, გი. გ-ი, ნ. მ-ეე, ა. მ-ეე, ბ. კ-ა, ს. ბ-ეე და ს. თ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.
ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. გარდა ამისა, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია აღნიშნული მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
განსახილველ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ, განმახორციელებლის მოსაზრებით, რიგ სამედიცინო შემთხვევებში არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება, ადგილი ჰქონდა გეგმური თერაპიული პროფილის სტაციონარულ მკურნალობას, ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ინფორმაციას, გამოტანილი დიაგნოზების არსებობა არ დგინდებოდა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით და ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი, ასევე ერთ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით სადავო იყო სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების ტარიფი.
ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ პაციენტებისათვის სათანადო და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირი „ა...ს“ 2018 წლის 29 ნოემბრის №01/11 წერილზე; ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 2018 წლის 30 ოქტომბრის წერილზე; ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ი. ჩ-ეის 2018 წლის 5 ნოემბრის წერილზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტებს არ ესაჭიროებოდათ ის სამედიცინო მომსახურება რომელიც ჩაუტარდათ.
რაც შეეხება, ა. მ-ეის სამედიცინო შემთხვევას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, რომ სადავო აქტით არ დგინდება თუ რამ განაპირობა ტარიფის ცვლილება და სადავო საკითხის გადაწყვეტისას რის საფუძველზე იქნა განფასებული პაციენტ ა. მ-ეის სამედიცინო შემთხვევა დაბალთანხიანი ტარიფით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 18.11.2021წ. საგადახდო მოთხოვნა №31446-ით და 24.12.2021წ. საგადახდო მოთხოვნა №35276-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 970,46 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 679,32 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.11.2021წ. საგადახდო მოთხოვნა №31446-ით და 24.12.2021წ. საგადახდო მოთხოვნა №35276-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 970,46 ლარის 70 პროცენტი - 679,32 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი