№ბს-226(კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. კ-ი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 26 ივნისის №04-14/4921 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №04/38348 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. კ-ისთვის 2019 წლის 6 ივნისიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 26 ივნისის №04-14/4921 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №04/38348 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. კ-ისთვის 2019 წლის 6 ივნისიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ ითვალისწინებს 20 კალენდარულ წლიანი ნამსახურობის შევსებას სწავლის პერიოდით ან სხვა შეღავათიანი გაანგარიშებისათვის დადგენილი პირობით. სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახური შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ სახელმწიფო გასაცემელის გაანგარიშებისათვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს პირის უფლებას სახელმწიფო კომპენსაციაზე და იმპერატიულად მოითხოვს ნამსახურობის 20 კალენდარული წლის არსებობას ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებში, ხოლო მითითებული ნორმის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო გასაცემელზე უფლების მოპოვების შემდეგ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების პირობებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში მოსარჩელის კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 8 წელს 2 თვესა და 4 დღეს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 8 წელსა და 15 დღეს. ზემოაღნიშნულ სამსახურებში მოსარჩელის კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 16 წელს 2 თვესა და 19 დღეს. ამდენად, კ. კ-ს კომპენსაციაზე უფლების მოსაპოვებლად არ გააჩნდა 20 კალენდარულ წლიანი ნამსახურობა. შესაბამისად, სააგენტო ვერ დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნას ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის წერილს, აღნიშნული წერილის წარმოდგენა მოხდა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე.
კასატორის განმარტებით, ფულადი ატესტატი არ განსაზღვრავს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წელთა ნამსახურობას. სამხედრო მოსამსახურის ფულადი საშუალებებით დაკმაყოფილების შესახებ დოკუმენტში მოცემულია ხელფასის შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელთა ნამსახურობა წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც სრულყოფილად არის მოცემული სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ყოფნის პერიოდის ისტორია, დეტალური ინფორმაცია მისი სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, სხვა თანამდებობაზე გადანიშვნის, სხვა სამსახურში გადასვლის, სამსახურიდან ამორიცხვის ბრძანებების, მათი გამოცემისა და სამხედრო სამსახურის წყვეტის პერიოდების შესახებ. წელთა ნამსახურობის ნუსხა ასევე მოიცავს სამხედრო მოსამსახურის შესახებ კალენდარული წლების, საერთო წელთა ნამსახურობისა და შეღავათიანი პერიოდების შესახებ ინფორმაციას, რომელიც საბოლოოდ ჯამდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად. ფულადი ატესტატით სააგენტო ვერ იმსჯელებდა ნამსახურობის წლების განსაზღვრისათვის, ვინაიდან 2006 წლის 17 იანვარს შედგენილ ფულად ატესტატში მოცემული ინფორმაცია არ ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2019 წლის 26 მაისის №11202 წერილით გაცემულ ინფორმაციას. ფულადი ატესტატის მიხედვით, ნამსახურობა შეადგენს 11 წელს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წერილით - 8 წელს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 26 ივნისის №04-14/4921 გადაწყვეტილებით, კ. კ-ს 2019 წლის 18 ივნისის №7095 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სპეციალური წოდების მქონე პირს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, რომელშიც არ შედის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სწავლის პერიოდი. ნამსახურობის კალენდარულ წლებში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვემაუწყებლო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტისა, იმავე სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში მუშაობისა, აგრეთვე ეთვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. რაც შეეხება სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიან პერიოდს ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი უწყების წარდგინებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (ს.ფ. 17-16); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 26 ივნისის №04-14/4921 გადაწყვეტილებით კ. კ-ს განემარტა, რომ პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, კალენდარული სტაჟი შეადგენს 8 წელს, 2 თვეს და 4 დღეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 26/05/2019წ. გაცემული №11202 წერილის თანახმად, მუშაობის სტაჟია - 8 წელი და 15 დღე. სულ კალენდარული სტაჟი არის 16 წელი, 2 თვე და 19 დღე. მითითებული სტაჟი არ არის საკმარისი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2006 წლის 17 იანვარს გაცემულ №184 ფულად ატესტატში მითითებულ 11 წელს, აღნიშნული გათვალისწინებული ვერ იქნება, ვინაიდან, იმავე ორგანოს მიერ 26/05/2019წ. გაცემულია №1202 წერილი მუშაობის კონკრეტული თარიღების მითითებით, რაც ჯამში შეადგენს 8 წელს და წინააღმდეგობაში მოდის №184 ფულად ატესტატში მითითებულ 11 წელთან (ს.ფ 15-16); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კ. კ-ის საჩივარი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში კ. კ-ის კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 8 წელს, 2 თვესა და 4 დღეს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კალენდარული ნამსახურობა შეადგენს, ასევე 8 წელს და 15 დღეს. ზემოაღნიშნულ სამსახურებში, სულ მისი კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 16 წელს, 2 თვესა და 19 დღეს. კ. კ-ის მიერ წარმოდგენილი ფულადი ატესტატი გაცემულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ, დათარიღებულია 2006 წლის 17 იანვრით და იგი არ განსაზღვრავს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წელთა ნამსახურობას. აღნიშნული არის სამხედრო მოსამსახურის ფულადი საშუალებებით დაკმაყოფილების შესახებ დოკუმენტი, სადაც მოცემულია ხელფასის შესახებ ინფორმაცია (თანამდებობრივი და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი განაკვეთების ოდენობა, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის ოდენობა და სასურსათო ულუფის ოდენობა). წელთა ნამსახურობა წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც სრულყოფილად არის მოცემული, სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ყოფნის პერიოდის ისტორია, კერძოდ, წელთა ნამსახურობის ნუსხა (გაანგარიშება) მოიცავს პირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მისი სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, სხვა თანამდებობაზე გადანიშვნის, სხვა სამსახურში გადასვლის, სამსახურიდან ამორიცხვის ბრძანებების და მათი გამოცემისა და სამხედრო სამსახურის წყვეტის პერიოდებს. წელთა ნამსახურობის ნუსხა, ასევე, მოიცავს სამხედრო მოსამსახურის შესახებ კალენდარული წლების, საერთო წელთა ნამსახურობისა და შეღავათიანი პერიოდების შესახებ ინფორმაციას, რომელიც საბოლოოდ ჯამდება, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად. ამიტომ, ძალოვანი სტრუქტურების ხაზით ნებისმიერი სახის სახელმწიფო გასაცემლის დასანიშნად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული (დანართი 2) „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს წელთა ნამსახურობის ნუსხა (გაანგარიშება) და არა ფულადი ატესტატის წარმოდგენა, შესაბამისად, დოკუმენტი, რომლის წარმოდგენაც მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, ვერ იქნებოდა გამოყენებული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნებისათვის. ამასთან, ფულად ატესტატში მოცემული ინფორმაცია შედგენილია 2006 წლის 17 იანვარს, რომელიც არ ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2019 წლის 26 მაისის №11202 წერილით გაცემულ ინფორმაციას. ფულადი ატესტატის მიხედვით, ნამსახურობა (გარდა სასჯელაღსრულების სისტემისა) შეადგენს 11 წელს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წერილით - 8 წელს (ს.ფ 78-80, 17-19); დ) იუსტიციის მაიორი კ. კ-ის წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშების თანახმად, კ. კ-ის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა შეადგენს 8 წელს, 2 თვეს და 4 დღეს, კერძოდ: კ. კ-ი 27.06.2006წ.-08.08.2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... ...ის განყოფილების ინსპექტორი (ბრძანება 40 პ/შ 27.06.2006წ.); 12.09.2007წ.-25.11.2013 წლებში იყო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... ...ის განყოფილების ინსპექტორი (ბრძანება 190 პ/შ 12.09.2007წ.); სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი (ბრძ. №55 პ/შ 19.07.2010); 31.03.2018წ. - 12.07.2018 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის ... განყოფილების ინსპექტორი (ბრძანება №1804 31.03.2018წ.); 12.07.2018წ. - 11.02.2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის ... განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) (ბრძანება №1800 19.07.2018წ.). კ. კ-ის შეღავათიან გაანგარიშებას წარმოადგენს - 2 წელი და 1 თვე (27.06.2006 წლიდან – 08.08.2007 წლამდე; 12.09.2007 წლიდან 01.10.2010 წლამდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995 წლის №214 დადგენილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 26.08.1995 წლის №635 ბრძანების, შესაბამისად, ერთი წლის მუშაობის სტაჟის წელიწადნახევრად ჩათვლის შემთხვევაში) (ს.ფ. 74-75); ე) 2006 წლის 17 იანვრის ფულადი ატესტატის თანახმად, კ. კ-ის წელთა ნამსახურობა შეადგენს 11 წელს, 10 თვესა და 1 დღეს (ს.ფ. 155, 182-183); ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2020 წლის 14 თებერვლის №5336 წერილის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2006 წლის 17 იანვარს გაცემულ ფულად ატესტატში მითითებული სტაჟი არის 11 წელი, 10 თვე და 1 დღე, რომელიც მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2004 წლის 30 მარტს გაცემულ №12 ფულად ატესტატში ასახულ სტაჟს 10 წელს, 1 თვეს და 1 დღეს, დამატებული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ნამსახურები პერიოდი ფულადი ატესტატის მიტანის დღიდან (ს.ფ. 182-183); ზ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს 2019 წლის 13 თებერვლის ცნობის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი მოსამსახურის სახელმწიფო დაცვის უფროს ლეიტენანტ კ. კ-ის საარქივო პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი 1995 წლის 28 ნოემბრიდან 1997 წლის პირველ მაისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე 1999 წლის 19 მაისიდან 2003 წლის 23 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში და 2003 წლის 23 დეკემბრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სპეციალური წოდებით. კ. კ-ს სამხედრო წოდება „უმცროსი ლეიტენანტი“ მინიჭებული აქვს 1995 წლის 22 სექტემბერს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში მსახურობის პერიოდში, სპეციალური წოდება „შინაგანი ჯარების უმცროსი ლეიტენანტი" მინიჭებული აქვს 1999 წლის პირველ ნოემბერს. კ. კ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურობის პერიოდში სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი“ მინიჭებული აქვს 2003 წლის 23 დეკემბერს. 2006 წლის პირველი იანვრიდან კ. კ-ი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რეზერვში, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულების შესაბამისად, კ. კ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ნამსახურები ერთი დღე ჩაეთვალა დღენახევრად. ამდენად, კ. კ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარულ წელთა რაოდენობა შეადგენს: სულ - 3 (სამი) წელს და 12 (თორმეტი) დღეს (მათ შორის კალენდარული - 2 (ორი) წელი და 8 (რვა) დღე; შეღავათიანი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) დღე) (ს.ფ 157).
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (1-ლი მუხლის პირველი პუნქტი). ამავე კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია ნამსახურობის წლების საერთო ჯამი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2020 წლის 14 თებერვლის №5336 წერილის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2006 წლის 17 იანვარს გაცემულ ფულად ატესტატში მითითებული სტაჟი არის 11 წელი, 10 თვე და 1 დღე, რომელიც მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2004 წლის 30 მარტს გაცემულ №12 ფულად ატესტატში ასახულ სტაჟს 10 წელს, 1 თვეს და 1 დღეს, დამატებული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ნამსახურები პერიოდი ფულადი ატესტატის მიტანის დღიდან. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 26 ივნისის სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, პენიტენციური სამსახურიდან წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით კალენდარული სტაჟი შეადგენს 8 წელს 2 თვეს და 4 დღეს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტთან დაკავშირებით (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)), საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება. ამასთან, დასახელებული ნორმები ემსახურება საერთო მიზანს, კომპენსაციის დანიშვნას (ბს-57 (2კ-21) 22.07.2021წ).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის წელთა ნამსახურობა შეადგენს 20 წელსა და 5 დღეს, რის გამოც არსებობდა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე