Facebook Twitter

№ბს-704(კ-20) 12 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. ვ. რ. პ-ო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 22 მაისს ქ. ვ. რ. პ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №1000663838 გადაწყვეტილების (ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ქ. ვ. რ. პ-ოს განცხადების არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ვ. რ. პ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №1000663838 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, მოსარჩელის 2019 წლის 3 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 22 აპრილს ქ. ვ. რ. პ-ომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ №1000663838 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

განმცხადებელს დაუდგინდა, ხარვეზი და დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №1000663838 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 10 მაისს მიიღო №1000663838 გადაწყვეტილების მიხედვით ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, ვინაიდან მოსარჩელეს სააგენტოსთვის არ წარუდგენია სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელემ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 01 მარტს, მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა განისაზღვრა 90 დღით. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მიმართა 2019 წლის 22 აპრილს ორშაბათს, ვინაიდან, მე-40 დღე ემთხვეოდა შაბათ დღეს (2019 წლის 20 აპრილს) მოსარჩელემ სააგენტოს მიმართა მომდევნო სამუშაო დღეს, რაც უნდა ჩათვლოდა საქართველოში კანონიერად ყოფნის მე-40 დღედ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ სააგენტოში განცხადება წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ 40 დღიან ვადაში. განცხადების განუხილველად დატოვების მეორე საფუძველს წარმოადგენდა საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 03 მაისის განცხადებით წარდგენილი იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ შპს“თ...ის“ ერთ-ერთ დირექტორს წარმოადგენდა ქ. ვ. რ. პ-ო. ასევე წარმოდგენილი იყო მოცემულ შპს-ზე ინფორმაციები საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, ასევე წარმოდგენილი იყო დეკლარაციები და ბრუნვები, რაც სააგენტოს შეეძლო შეეეფასებინა და თუ მიიჩნევდა რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ლეგალური შემოსავლები, შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ქ. ვ. რ. პ-ოს განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საბუთები სააგენტოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ 40 დღიან ვადაში და აღნიშნული ვადა აითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტზე, რომელიც აპელანტს განუსაზღვრავდა ვადის სხვაგვარ დინებას ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა მითითებული აპელანტის მიერ, ამასთან აპელანტმა არ შეაფასა გარემოება თუ რამდენად დასტურდებოდა წარდგენილი დოკუმენტაციით ქ. ვ. რ. პ-ოს ლეგალური შემოსავლები, მაშინ როდესაც შპს „თ...ში“ ქ. ვ. რ. პ-ო ასრულებდა შრომით საქმიანობას დირექტორის თანამდებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქ. ვ. რ. პ-ომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 01 მარტს. მოსარჩელეს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ჰქონდა 90 დღე, ანუ 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით. დადგენილია, რომ მან სააგენტოს მომართა 22 აპრილს, საზღვრის კვეთიდან 52-ე დღეს, ხოლო 22 აპრილიდან (განცხადებით მომართვიდან) მას დარჩენილი ჰქონდა კანონიერად ყოფნის მხოლოდ 37 დღე. ვინაიდან საზღვრის კვეთის მომენტისათვის განმცხადებლისთვის ცნობილი იყო, რომ მას საქართველოში კანონიერად ყოფნის 90 დღე ჰქონდა, უნდა განესაზღვრა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა და უნდა მოემართა სააგენტოს თვის 40 კალენდარული დღით ადრე, რაც არ განუხორციელებია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საზღვრის გადმოკვეთიდან 52 დღის განმავლობაში არაფერი მოუმოქმედებია ბინადრობის ნებართვის ასაღებად.

რაც შეეხება მეორე ხარვეზს, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 03 მაისის განცხადებით წარდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „თ...ის“ ერთ-ერთ დირექტორს წარმოადგენდა ქ. ვ. რ. პ-ო, ასევე წარმოდგენილი იყო მოცემულ შპს-ზე ინფორმაციები საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, ასევე დეკლარაციები და ბრუნვები, რაც სააგენტოს შეეძლო შეეფასებინა და თუ არ მიიჩნევდა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ლეგალური შემოსავლები, შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა. კასატორი განმარტავს, რომ კომპანიის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ მიიჩნევა დირექტორის ლეგალურ შემოსავლად. „უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, უცხოელმა შრომითი ბინადრობის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, ეს იქნება შრომითი ხელშეკრულება თუ სამუშაოზე მიღების სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (როგორიცაა ამ შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან) უნდა შეიცავდეს მითითებას ლეგალურ შემოსავალზე, ანუ მასში მითითებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ უცხოელი საქმიანობით იღებს გარკვეულ ანაზღაურებას, რაც ნამდვილად ვერ დასტურდება წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებს, მასში მითითებული არ არის მოსარჩელის სახელი და გვარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ხარვეზს შევსებულად ვერ ჩათვლიდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ საქმეში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოსარჩელის, ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით, განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2019 წლის 22 აპრილს ქ. ვ. რ. პ-ომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ №1000663838 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 23 აპრილის №1000663838/7 გადაწყვეტილებით ქ. ვ. რ. პ-ოს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენი იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს, სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი); საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ვ. რ. პ-ოს დაევალა აღნიშნული ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 03 მაისამდე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №1000663838/7 აქტით მოსარჩელეს დაევალა დამატებით 2019 წლის 03 მაისამდე წარედგინა შპს „თ...ის“ სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ბრუნვების, ხელფასის ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა-მიღების ან/და სხვა დოკუმენტები კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად).

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №1000663838/7 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენი იყო 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

2019 წლის 03 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ №99116 განცხადებით მიმართა მოსარჩელე ქ. ვ. რ. პ-ომ და წარადგინა დამატებითი დოკუმენტები. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ. შემოსავლების სამსახურის წერილი შპს ,,თ...ის“ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №1000663838 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას (მუხლი 1.2). მოცემული კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია მათ შორის - საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის სახეებიდან ერთ-ერთია - შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე (მუხლი 15.ა). საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის არის საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის და მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები.

ამავე წესის მე-13 მუხლით განსაზღვრულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები და ვადები მკაცრად არის რეგლამენტირებული ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. განსაზღვრულია, როგორც დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, წარდგენილი განცხადების შესწავლისა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი და ვადა. ამასთან, აღნიშნული ვადების განმსაზღვრელი ჩარჩო გამომდინარეობს თავად უცხოელის საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის დროში შეზღუდული მოქმედების, ვადიანობის ხასიათიდან. დაინტერესებული პირი არ არის შეზღუდული, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების პირობების დაკმაყოფილებისთანავე, მიმართოს სააგენტოს ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს უფრო გვიან, ვიდრე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვის თარიღის დადგომამდე 40 კალენდარული დღე. ამდენად, აღნიშნული ვადის ათვლის წერტილი არის არა გარკვეული მოქმედების, შემთხვევის დადგომა და მისი მომდევნო პერიოდი, არამედ უკვე არსებული მოვლენა, ფაქტი, დაინტერესებული პირისათვის უკვე ცნობილი თარიღი - მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვის მომენტი და შესაბამისად ამ თარიღამდე 40 კალენდარული დღე. ეს 40 დღიანი პერიოდი კი მოიცავს სააგენტოს მიერ სრულყოფილი სახით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების პერიოდს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი თავისებურება გამოიხატება იმგვარად, რომ სახეზეა კონკრეტულად განსაზღვრული თარიღის არსებობა, უცხოელისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვამდე მინიმუმ 40 დღე დღე. კანონმდებლობაში ამგვარი რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ათვლის წერტილი, იმპერატივი არის - საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვამდე 40 დღე, რა დრომდეც განმცხადებელს ნებისმიერ დროს აქვს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ქ. ვ. რ. პ-ო საქართველოში კანონიერად იმყოფებოდა ქუვეითის ვიზის საფუძველზე, რომლითაც შემოვიდა 2019 წლის 1 მარტს და საქართველოში ყოფნა შეეძლო 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით (ტ.1 ს.ფ. 47-50). შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიემართა არაუგვიანეს 2019 წლის 20 აპრილისა, ანუ 2019 წლის 30 მაისამდე 40 დღით ადრე. საქმეზე კი დადგენილია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს 2019 წლის 22 აპრილს მიმართა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, 2019 წლის 20 აპრილი იყო შაბათი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობის ექსპლიციტური დათქმის შესაბამისად, ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ ვადის ცვლილების საფუძველი, ვინაიდან, კანონმდებლობით განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის დასრულებამდე მინიმუმ 40 დღით ადრე მიმართვა წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის არაუგვიანეს 2019 წლის 20 აპრილამდე უნდა მიემართა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №1000663838 გადაწყვეტილება, ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღარ არსებობს ქ. ვ. რ. პ-ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების სხვა საფუძვლების კანონიერების შემოწმების საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანისათვის მიმართვისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა უკვე ქმნიდა მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელე ქ. ვ. რ. პ-ოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის (300 ლარი და 150 ლარი) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. ვ. რ. პ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე ქ. ვ. რ. პ-ოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის (300 ლარი და 150 ლარი) ანაზღაურება;

5. ქ. ვ. რ. პ-ოს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი