№ბს-638(კ-21) 12 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა...“; მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ა...ს“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „ა...სათვის“ - 757 531,26 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჩაება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი - მოსარჩელე მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი მთლიანი თანხიდან 623 333,72 ლარის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა კლინიკის მიერ 2009 წლის მაისიდან - 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის, ,,სარეგისტრაციო ჟურნალებისა“ და ,,ბარათების” წარუდგენლობა. პირველადი შემოწმების აქტი შედგენილი იყო 2014 წლის 12 ნოემბერს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა კლინიკისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრებას და მიუხედავად აღნიშნულ აქტში შესული არაერთი ცვლილებისა არცერთ შემთხვევაში არ შეცვლილა 623 333,72 ლარის მოთხოვნის საფუძველი და ოდენობა. აღნიშნული რევიზია კი დაიწყო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის №02-585/მ (10.10.14) და №02-617/მ (28.20.24) ბრძანებების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების მე-17 მუხლის თანახმად კი, შესრულებული სამუშაოს რევიზიის დროს ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებდა მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად რევიზიის ჩატარების პერიოდი შეზღუდული იყო გარკვეული ვადით, კერძოდ, ეს ვადა შეადგენდა ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წელს. ამდენად, კლინიკის მიერ 2009 წლის მაისიდან - 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის - ,,სარეგისტრაციო ჟურნალებისა“ და ,,ბარათების” წარუდგენლობისთვის 623 333,72 ლარის დაკისრების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებით დამტკიცებულ რევიზიის ჩატარების წესს.
რაც შეეხება 2011 წლის 1 ოქტომბრიდან პერიოდს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა მასში მითითებულ გარემოებებს და არ ეთანხმებოდა შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშული დარღვევები ცალსახად არ დასტურდებოდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, პალატის მიერ ვერ იქნებოდა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევების უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიჩნევის თაობაზე, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოწმების აქტები გამოცემის დროისთვის არ მიიჩნეოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სასარჩელო წარმოების წესით, ხოლო სააგენტოს მხრიდან არ მოხდა მითითებული გარემოებების დოკუმენტურად დადასტურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პლატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს „ა...ის“ საქმიანობის შემოწმება, სახელმწიფო პროგრამირების „რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში. რევიზია მოიცავდა 2008 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს. დაწესებულების მხრიდან არ იქნა შესრულებული „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ მოთხოვნა და არ იქნა წარდგენილი 2009 წლის მაისიდან - 2011 წლის აპრილამდე პერიოდის შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე არ იქნა შესრულებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-12 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების, ასევე 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილების მე-17 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, დაწესებულება ვალდებული იყო სარევიზიო ჯგუფის მოთხოვნისთანავე წარედგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი 2011 წლის 1 აპრილიდან - 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი დოკუმენტაცია. კლინიკის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის სამივლინებო ბარათები. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამის რეფერალური დახმარების ფარგლებში, კომისიის მიერ განხორციელდა მხოლოდ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია.
კასატორი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიწოდების ფარგლებში აღმოჩენილ დარღვევებზე, რომლებიც ეყრდნობა საქმეზე წარმოდგენილ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელებულ შემოწმების აქტებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ“ განახორციელა „ა...ს“ საქმიანობის შემოწმება, „რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში 2008 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრის პერიოდში შესრულებული სამუშაოს შესახებ. ინსპექტირების შედეგად, 2014 წლის 1 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, დაწესებულების მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ, საბოლოოდ შეადგინა 739 948.66.
შემოწმების აქტებს არ დაეთანხმა კლინიკის დირექტორი, რაც აღინიშნა შემოწმების აქტებზე მისი პირადი ხელმოწერით. რევიზიის შედეგად ჩატარებულ შემოწმებაზე, მის საფუძველზე გამოცემული აქტის კანონიერებაზე, თითოეული ინდივიდუალური შემთხვევის საფუძვლიანობის შემოწმების კანონიერებაზე და დაკისრებული თანხის ოდენობის დადგენაზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელ ერთერთ რგოლს, რომელსაც კანონით განესაზღვრა, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ, შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, მოახდინოს გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირება და კლინიკებისათვის, დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ ინფორმაციული სახის შეტყობინებების გაგზავნა. ამასთანავე კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ არ გააჩნია უფლებამოსილება, შეამოწმოს ან სადავოდ გახადოს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 22 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის №02-585/მ (10.10.14) და №02-617/მ (23.10.14) ბრძანებების საფუძველზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით განახორციელა შპს „ ა...ში“ სახელმწიფო პროგრამების „რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08 წ. - 01.1014 წ. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09 წ.) გათვალისწინებით)). შპს ,,ა...ის” ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდის 1 336 ,,სამივლინებო ბარათი” (არ იქნა წარდგენილი „გამოძახებების“ რეგისტრაციის დავთარი). აღნიშნულის გამო, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამის რეფერალური დახმარების ფარგლებში, კომისიის მიერ განხორციელდა, მხოლოდ 2013 წლის 01 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია. შემოწმების შედეგად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, 2014 წლის 12 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ,,გამოძახებების” რეგისტრაციის დავთრის წარუდგენლობის გამო ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №92 (15.03.12) და ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №279 (31.10.13) საქართველოს მთავრობის დადგენილებების 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის (,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნა რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”) თანახმად, შპს „ა...ს“ უნდა გადაეხადა ჯარიმა ანაზღაურებული თანხის (212 054 ლარის) 10%, რაც შეადგენდა - 21 205,4 ლარს. ამასთან, განისაზღვრა, რომ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, 54 758,4 ლარი ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. სულ კი, 2009 წლის მაისიდან 2014 წელს 1 ოქტომბრამდე პერიოდის „რეფერალური დახმარების“ ფარგლებში, შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო - 1 167 854,3 ლარი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის №02-585/მ (10.10.14) და №02-617/მ (23.10.14.) ბრძანებების საფუძველზე, შპს ,,ა...ში“, განახორციელა სახელმწიფო პროგრამების ,,რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08-01.10.14. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09.) გათვალისწინებით) და 2014 წლის 12 ნოემბერს, შპს ,, ა...ის“ ადმინისტრაციას გადასცა „შემოწმების აქტი“, სადაც ასახულ იქნა დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის - 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი ,,სამივლინებო ბარათების“ (1 336 ბარათი) რევიზიის შედეგები. ასევე, ასახულ იქნა 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის (,,სამივლინებო ბარათები“ და ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალები“) წარმოუდგენლობაზე კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტში და განისაზღვრა, რომ 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტის მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 1 167 854,3 ლარის ნაცვლად, სულ 2009 წლის მაისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „რეფერალური დახმარების“ ფარგლებში, შპს „ა...ის“ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო - 739 948,66 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის („სარეგისტრაციო ჟურნალები“, ,,ბარათები”) წარმოუდგენლობისთვის - 623 333,72 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების“ წარმოუდგენლობისთვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა ჟურნალების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 34 718,2 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 33 553 ლარი).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის შემოწმების აქტით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის №02-585/მ (10.10.14.) და №02-617/მ (23.10.14.) ბრძანებების საფუძველზე, შპს ,,ა...ში“, განახორციელა სახელმწიფო პროგრამების რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08-01.10.14. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09.) გათვალისწინებით) და 2014 წლის 12 ნოემბერს, შპს ,,ა...ის“ ადმინისტრაციას გადასცა „შემოწმების აქტი“, სადაც ასახულ იქნა დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის - 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი ,,სამივლინებო ბარათების“ (1 336 ბარათი) რევიზიის შედეგები. ასევე, ასახულ იქნა 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის (,,სამივლინებო ბარათები“ და ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალები“) წარმოუდგენლობაზე კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია. შემოწმების აქტის თანახმად, 2014 წლის 1 დეკემბრის „შემოწმების აქტის“ მე-2 გვერდზე მე-2 აბზაცი უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით: - 2014 წლის 12 ნოემბრის „შემოწმების აქტის“ მე-6 პუნქტში, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისთვის (2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სარეგისტრაციო ჟურნალების“ წარმოუდგენლობისთვის) დაფიქსირებული 21 205 ლარის ოდენობის ჯარიმა, არ უნდა დაკისრებოდა დაწესებულებას და იმავე, „შემოწმების აქტის“ (12.11.14.) მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 54 758,4 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტი აღდგენას უნდა დაქვემდებარებოდა - 33 395 ლარი;“ ამასთან, 2014 წლის 1 დეკემბრის „შემოწმების აქტის“ ბოლო აბზაცი (მე-5 და მე-6 გვერდებზე) დაფიქსირებული ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხების თაობაზე, უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით: „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2014 წლის 12 ნოემბრის „შემოწმების აქტის“ მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 1 167 454,3 ლარის ნაცვლად, სულ, 2009 წლის მაისიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების“ ფარგლებში, შპს „ ა...ის“ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილ უნა ყოფილიყო - 739 790,66 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სარეგისტრაციო ჟურნალების“, „ბარათების“ წარმოუდგენლობისთვის - 623 333,77 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ წარმოუდგენლობისათვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალების“ შესწავლით - გამოვლენილ დარღვევებზე - 34 718,2 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე 33 395 ლარი).“
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტის მე-5 გვერდზე დაფიქსირებულ დასკვნაში, რომელიც ეხებოდა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალების“ რევიზიით გამოვლენილ დარღვევებს და აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, 2014 წლის 13 მარტის შემოწმების აქტით განისაზღვრა, რომ 2009 წლის მაისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „რეფერალური დახმარების“ ფარგლებში, შპს „ა...ის“ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო სულ - 757 531,26 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის („სარეგისტრაციო ჟურნალები“, ,,ბარათები”) წარმოუდგენლობისათვის - 623 333,72 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ წარმოუდგენლობისთვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „გამოძახებათა ჟურნალების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 52 458,8 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 33 395 ლარი).“
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 9 თებერვალის №04/8352 წერილით შპს „ა...ს“ ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, შპს ,,ა...ს” დაეკისრა - 739 790,66 ლარის ოდენობით ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება. ამავე წერილით, შპს ,,ა...ს” განემარტა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92; 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებების) თანახმად, აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო აღიარებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის (მოსარჩელე) მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ეფუძნება 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე შესაბამისი დოკუმენტაციის („სარეგისტრაციო ჟურნალები“, ,,ბარათები”) მაკონტროლებელი ორგანოსათვის წარუდგენლობის საკითხს (623 333,72 ლარი). მოცემულ პერიოდთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ყოველწლიურად დამტკიცებული, 2012-2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები (საქართველოს მთავრობის დადგენილებები: № 92, 2012 წლის 15 მარტი; №279, 2013 წლის 31 ოქტომბერი; №650, 2014 წლის 2 დეკემბერი) ითვალისწინებდა პროგრამის ზედამხედველობის წესებს. კერძოდ მითითებულ პერიოდში საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული პროგრამების მე-10 მუხლის შესაბამისად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავდა პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებდნენ შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლები და/ან რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო, რომ თუ ცალკეული პროგრამის პირობებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, შემთხვევათა ზედამხედველობის დასკვნით ეტაპს, წარმოადგენდა გაწეული მომსახურების კონტროლი და ვალდებულებების ინსპექტირება (შესრულებული სამუშაოს რევიზია).
მითითებულ პერიოდში (2012-2014) მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესაბამისად (მუხლი 17), ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებდა მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ პროგრამის ზედამხედველთა მხრიდან, მიმწოდებლის კონტროლის პროცედურების, კერძოდ რევიზიის ჩარჩო, შემოფარგლული იყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადით, რომელიც აითვლებოდა ანაზღაურებული შემთხვევის დასრულებიდან. ამდენად, განხორციელებული რევიზიის ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად ედო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის №02-585/მ (10.10.14) და №02-617/მ (23.10.14) ბრძანებები, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლის მიმართ სანქციების გამოყენება 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის, იყო მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო, რამდენადაც არღვევდა რევიზიის პროცედურისთვის დადგენილ ხანდაზმულობის ვადებს.
ამასთან, რევიზიის შედეგად სხვა, უფრო ახალი პერიოდისთვის გამოვლენილი დარღვევების დადგენილად მიჩნევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მხარეთა პოზიციების მოსმენისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მიუხედავად შემოწმების აქტებში კონკრეტული ოდენობით საჯარიმო სანქციების მითითებისა, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ვერც რევიზიის აქტებში და ვერც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი და მითითებული შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი ნორმები, რასაც დაეფუძნა მოპასუხის მიმართ მოთხოვნილი საჯარიმო სანქციები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქმის მასალებში, რევიზიის ფარგლებში, არ არის იდენტიფიცირებული და შესაბამისი მტკიცებულებებით/სამართლებრივი ნორმებით დადასტურებული ის დარღვევები, რის გამოც მოხდა მოპასუხის მიმართ საჯარიმო სანქციების განსაზღვრა, აღნიშული კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.08.2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №20140-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5600 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.08.2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №20140-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი