Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-6(კ-23) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.გ-ემ 2021 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 1 ივლისის 03-2557/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის გ.გ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 ივლისის N03-2557/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობა მეუღლისა და შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო, რაც დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებებით; კერძოდ, 2015 წლის 4 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...ის გამზ. N58-ში, მე-2 სართულზე მდებარე ბინა N24, ფართით - 78.48 კვ.მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ა.გ-ეს, გ.გ-ეს (შვილიშვილი), ე.გ-ეს, თ.გ-ეს და ნ.გ-ეს (მეუღლე). 2021 წლის 18 მარტს მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე მონიტორინგის განხორციელებისას გ.გ-ემ განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან, თუმცა ასევე დაკავებული აქვს იმავე ეზოში მოპირდაპირე მხარეს მდებარე ყოფილი ...ოს შენობაში არსებული ოთახი N1.

მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან დადგინდა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ გ.გ-ე და ნ.გ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1971 წლიდან.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაკანონებულ ფართში ცხოვრობს ჯერ კიდევ 1993 წლიდან. დაკანონება მოხდა 2015 წელს და იმ პერიოდისათვის გ.გ-ე წარმოადგენდა აღნიშნული ბინის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. რაც შეეხება იმავე ეზოში, ყოფილი ...ოს შენობაში დაკავებულ ფართს, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ნათლად ჩანს, რომ მითითებული ოთახი მუდმივ საცხოვრებლად არ გამოიყენება; მეტიც მოსარჩელეს ყოფილ ...ოს შენობაში არასდროს უცხოვრია. მის მიერ აღნიშნული ფართის მოკავება რეალურად მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - წარმოედგინა თავი ცალკე ოჯახად და დამატებით კიდევ ერთი საცხოვრებელი მიეღო.

მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები განსახილველად გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელმაც 2021 წლის 02 ივნისის (ოქმი N35) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით მიზეზით: ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის და შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღნიშნული ფაქტის დადასტურება აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას არ დაეკმაყოფილებინა იმ მომენტისათვის მოსარჩელის მოთხოვნა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 04 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, სააგენტოს შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა რეალურად სად და როგორ ცხოვრობდა მოსარჩელე და იყო თუ არა მისი განსახლების სასწრაფო საჭიროება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით. ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა კასატორის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გ.გ-ის მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს 2021 წლის 1 ივლისის N03-2557/ო ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

რაც შეეხება დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. პალატა მიუთითებს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ომის ვეტერანის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არადევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი).

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ.გ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი, ომის ვეტერანი. სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო. მისი საცხოვრებელი პირობები შესაბამისი სამსახურის მიერ შეფასდა 7,5 ქულით, შესაბამისად, წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის უფლების მქონე სუბიექტს, რა გარემოებასაც არც კასატორი ხდის სადავოდ. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, იმის გამო, რომ ყოფილი ...ოს შენობაში მის მიერ დაკავებული ფართი დაიწვა და ამასთან ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გაუარესებული, იძულებულია დროებით იცხოვროს შვილთან.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია გარემოებები გ.გ-ის ოჯახის შემადგენლობის თაობაზე. სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა გ.გ-ის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა მისი, როგორც ვეტერანის სტატუსი, ასევე გაურკვეველია რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს შვილისა და მეუღლის საცხოვრებელ ფართში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ცხოვრობს შვილის საკუთრებაში. საგულისხმოა, რომ 2015 წლის 8 ივლისის N16 ოქმით 1993 წლიდან დაკავებული ფართი დაუკანონდა არა მოსარჩელეს, არამედ თანასაკუთრებაში გადაეცათ - ა.გ-ეს (შვილიშვილი), გ.გ-ეს (შვილიშვილი), ე.გ-ეს (შვილი), თ.გ-ეს (რძალი) და ნ.გ-ეს (მეუღლე). ხოლო, მოსარჩელის, როგორც ცალკე ოჯახად რეგისტრირებული დევნილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება ამ ეტაპზე შეუსრულებელია, რაც ასევე დადასტურებულია კასატორის პოზიციით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს მოსარჩელე გ.გ-ის დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსახლების გადაუდებელი საჭიროება, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რა დროსაც ასევე უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის ვეტერანის სტატუსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამდენად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა