საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-126(კ-23) 01 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ნ. შ-ა, ე. შ-ა, ბ. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. შ-ამ, ე. შ-ამ და ბ. შ-ამ 2021 წლის 30 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1433/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას, ე. შ-ასა და ბ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1433/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორი განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და განხილვის წესი, ასევე - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, თითოეული დევნილი ოჯახის განცხადების შეფასება ხორციელდება სააგენტოს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე, შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ შეივსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 7.50 ქულა: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას 3.00 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2.00 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (60001 - 65000 შორის სარეიტინგო ქულით) - 1.50 ქულა). 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელემ სააგენტოს ოჯახის შემადგენლობასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. 68, შპს „...ი“, მე-2 სართული, ოთახი 204) განახორციელეს ვიზიტი. ვიზიტისას, განმცხადებლის მისამართზე, 2020 წლის 16 ნოემბერს შეივსო მონიტორინგის ფორმა. მხარის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ დევნილობის შემდეგ ქირის გარეშე. მხარე განაცხადს აკეთებს მეუღლესთან - ე. შ-ასთან და შვილთან - ბ. შ-ასთან ერთად, რომელიც გერმანიაში იმყოფება სამუშაოდ. ნ. შ-ა მონიტორინგის განხორციელებისას იმყოფებოდა გალში. ასევე, სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდნენ ნ. შ-ას მეორე შვილის - ბე. შ-ას მეუღლე და შვილები. ბე. შ-ას ოჯახს ცალკე აქვს შევსებული აპლიკაცია.
მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა: საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. მხარე ოჯახს აერთიანებს გერმანიაში მყოფ შვილთან - ბ. შ-ასთან ერთად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (19 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის აღნიშნავს, რომ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების შემთხვევაში დევნილ ოჯახს მეტი ოდენობის ფართის მიღების შესაძლებლობა მიეცემა, ვიდრე რეალურად ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საერთოდ არ გაითვალისწინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ის, რომ სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების საფუძვლით უთხრა, რაც დადასტურებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1433/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული ,,წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ნ. შ-ას, ე. შ-ასა და ბ. შ-ას აქვთ დევნილის ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერი - .... ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 16 ნოემბრის მონიტორინგის ფორმით მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში, შპს „...ის“ მე-2 სართულზე №204 ოთახში განხორციელებული ვიზიტისას ადგილზე დახვდათ ე. შ-ა, ნ. შ-ა იმყოფებოდა გალში, ხოლო ბ. შ-აზე მიუთითეს, რომ ის იმყოფებოდა გერმანიაში სამუშაოდ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7.5 ქულა.
მოსარჩელე ნ. შ-ას მიერ 2015 წლის 17 აპრილს შევსებული განაცხადის განხილვის შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1433/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 ოქმის საფუძველზე ნ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების მოტივით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი, ვინაიდან მონიტორინგის განხორციელებისას ბ. შ-ა იმყოფებოდა გერმანიაში, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტის დადასტურებად მიიჩნია.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 ოქმით და ნ. შ-ას მიერ შევსებული კითხვარით, ასევე მისი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით დადასტურებულია მოსარჩელისა და განაცხადში მითითებული მისი ოჯახის წევრების, მათ შორის, ბ. შ-ას ერთად ცხოვრების ფაქტი, კერძოდ, ბ. შ-ა პერიოდულად, სამუშაოდ იმყოფება გერმანიაში, თუმცა საქართველოში დაბრუნებისას ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ამასთან, მისი საზღვარგარეთ ყოფნა დაკავშირებულია მხოლოდ დროებით საქმიანობასთან და იგი მუდმივად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. ის ფაქტი, რომ ბ. შ-ა სამუშაოდ იმყოფება სხვა ქვეყანაში, არ გულისხმობს ოჯახის გაყოფას, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ბ. შ-ას საზღვარგარეთ დროებით ცხოვრების მიუხედავად, მოპასუხის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ გარემოების დასასაბუთებლად ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს მხოლოდ მონიტორინგის ოქმებს, რაც დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად. ამასთან, საგულისხმოა, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნია როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე მათი რეგისტრაციის შემთხვევაშიც, შესაბამისი ფართის ოდენობის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ნ. შ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელეთა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტი დადასტურება, რაც სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1433/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა