საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-651(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ა. ხ-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ა. ხ-ას მიმართ და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის საფუძვლით ჯარიმის სახით 5000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. ხ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 1000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი შეფასება. კასატორი მიუთითებს მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტზე, რომლის სამართლებრივ საფუძველსაც წარმოადგენს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლებსა და წესს. აღნიშნული წესის მე-18 თავის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულ ფინანსურ პასუხისმგებლობაში მოიაზრება ჯარიმა, პირგასამტეხლო, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხა, კომპენსაცია ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, აანაზღაუროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანება დღემდე იურიდიული ძალის მქონე, მრავალჯერადად შესასრულებელი აქტია.
კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობამ და სასამართლო პრაქტიკამ ერთმანეთისგან განასხვავა სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ. შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და ა.შ. მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას, იმის და მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, იგი დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის პირობები პირველადი რედაქციით ითვალისწინებდა ჯარიმის სახით 14000 და 10000 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თვითონვე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და ცვლილება განახორციელა კონტრაქტში, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ სახით დატოვება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის 3000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ფინანსური სანქცია არის მხარეთა ნების საფუძველზე დაფიქსირებული ნაწილი, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, გასათვალისწინებელია რომ, წინა ინსტანციის სასამართლოებში ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი სადავო არ გამხდარა და თავად სასამართლოც მიუთითებს აღნიშნულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს და ფაქტობრივად კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტრო არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ასეთებია: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესი. მიუხედავად ამისა, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოება, რაც საფუძვლად უნდა დასდებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. ხელშეკრულების დარღვევის დროს მოპასუხისათვის ცნობილი იყო ფინანსური სანქციის შესახებ და აღნიშნულზე მას არანაირი პროტესტი არ განუცხადებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მხარემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია და არ შეუფასებია არც მხარის ქონებრივი მდგომარეობა და არც დაზარალებულის ინტერესი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სარჩელის უარყოფის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გასაჩივრებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ას შორის გაფორმდა სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ოფიცრის თანამდებობის მისაღები N111/19 კონტრაქტი (დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის N303 ბრძანებით). აღნიშნული კონტრაქტის მე-3 მუხლი ადგენდა ა. ხ-ას ვალდებულებას, ემსახურა კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში, რაც შეადგენდა კონტრაქტის ძალაში შესვლიდან 5 წელს. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს უპირობოდ ეკისრებოდა ვალდებულება, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
2021 წლის 13 მაისის MOD22100417481 პატაკით დადგენილია, რომ ა. ხ-ამ ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით, ითხოვა დათხოვნილ ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალებიდან (ს.ფ.27).
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 3 ივნისის №MOD 1 21 00000761 ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ა. ხ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ას შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (სუს 11.07.2012წ. Nბს-175-173(კ-12) გადაწყვეტილება და სხვ.).
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება საქმე Nას-1171-1116-2014; სუს 24.03.2014წ.-ის განჩინება საქმე Nას-1284-1226-2013).
როგორც უკვე აღინიშნა, 2019 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ას შორის გაფორმებული №111/19 კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) და შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებაზე მითითებით მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ მიჩნევის შესახებ.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, ა. ხ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადისა (რომელიც შეადგენს 1 წელი 9 თვე და 17 დღეს) და ასევე, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (5 000 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა