საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-966(2კ-22) 01 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
კასატორი (მოსარჩელე) - შ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შ. ჯ-ამ 2021 წლის 20 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიმართ, ამავე სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1295/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შ. ჯ-ას და მისი ოჯახის (არასრულწლოვანი შვილები: მ. კ-ე და ე. ჯ-ა) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შ. ჯ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1295/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე შ. ჯ-ას ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მოსარჩელეების - შ. ჯ-ას, მ. კ-ისა და ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ჯ-ამ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის - შ. ჯ-ას განმარტებით, სასამართლოს უნდა ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე 2013 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს მშობლების საკუთრებაში, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაშიც ოჯახს ენიჭება 1,5 ქულა. ქულის ჩამორთმევა ან კანონიერია ან უკანონო, სხვა შუალედური შეფასება ვერ იარსებებს. სადაც არ უნდა ეცხოვრა მოსარჩელეს, ქირით - თუ ქირის გარეშე, ის ინარჩუნებდა 1,5 ქულას და მისი დაკლება არის უკანონო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 ნორმის გამოყენება.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველის ნაწილში 3 ქულის დაკლების კანონიერებას, კასატორის განმარტებით, მოქმედი რეგულაციებით სოციალურად დაუცველის სტატუსის მისამართი და დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიენიჭება მას 3 ქულა. სხვადასხვა მისამართების შემთხვევაში, აღნიშნულ ნაწილში ქულები არ მიენიჭებათ. მოსარჩელეს სოციალურად დაუცველის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დედის საკუთრებაში, ხოლო მონიტორინგს დახვდა იმავე შენობაში არსებულ სარდაფში, რომელიც დედის ბინის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული უსაფუძვლოდ მიიჩნია ორ სხვადასხვა მისამართად, რამაც უსაფუძვლოდ განაპირობა ქულის დაკლება.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სააგენტომ კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია, სასამართლოს რის საფუძველზე შეექმნა დაუსაბუთებელი ვარაუდი იმისა, რომ მხარე დედასთან და ძმასთან ერთად ქირით ცხოვრობს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტზე, რომ ფართის მესაკუთრე არის მოსარჩელის დედა და მოსარჩელეს შვილებთან ერთად უსასყიდლოდ შეუძლიათ ისარგებლონ საცხოვრებელი სახლით. ასევე, ყურადღება უნდა გაემახვილებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ ფოტომასალაზე, სადაც, ნათლად ჩანს, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებული სარდაფი არ არის საცხოვრებლად მოწყობილი და შესაბამისად, ვერც მოსარჩელე იცხოვრებდა თავის შვილებთან ერთად. აღნიშნულ ფართს, როგორც ჩანს რეალურად მოსარჩელის ძმა - გ. ჯ-ა განკარგავს. კასატორის მოსაზრებით, მხარემ იმიტომ მიუთითა სადავო სარდაფში ცხოვრების შესახებ, რომ სხვაზე ადრე, ყოველგვარი რიგის დაუცველად, მიეღო სახელმწიფოსგან სარგებელი და სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფა მოეთხოვა. ამდენად, მინიჭებული ქულა მხარეს იმიტომ დააკლდა, რომ ქირით ცხოვრების ფაქტი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ვერ დადასტურდა.
რაც შეეხება ეკონომიურ ნაწილში ქულის საკითხს, სასამართლომ აღნიშნულის ნაწილში განმარტა, რომ მოსარჩელე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება და ქულის დაკლების საკითხი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოიძიოს და შეაფასოს. სწორედ წარმოდგენილი და მოძიებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკლდა მხარეს სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულაც. მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, მე-8 დანართის მე-2 შენიშვნაში მითითებულია, რომ სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. მოცემულ შემთხვევაში კი, ყოველი დაფიქსირებული განაცხადისას - შესაბამისი აპლიკაცია შეივსო, სადაც მოსარჩელემ სხვადასხვა ფაქტობრივი მისამართები დააფიქსირა (თბილისი, ...ის ქ. N9 „ა“, თბილისი, ...ე, ...ის შეს. N11). ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ სოციალური ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში კი მითითებულია სხვა მისამართი (თბილისი, ...ის 101, კორპ. „ბ“, ბინა N21 (...ი)).
საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2021 წლის 2 აპრილის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის N19 ოქმის შესაბამისად, განხორციელდა თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლებისათვის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების განაწილება. შ. ჯ-ას შევსებული ჰქონდა განაცხადი ერთ ოთახიანი ბინის მისაღებად და მისი განაცხადი, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეფასდა 7 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ნაქირავები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა, მარტოხელა მშობელი- 1.5 ქულა. თუმცა 2021 წლის 2 აპრილის (სხდომის ოქმი N19) გადაწყვეტილებით, შ. ჯ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, არასაკმარისი ქულების გამო.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართებზე. 2021 წელს მონიტორინგის სამსახური რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა როგორც თავად მხარემ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, სარდაფში ცხოვრობენ 2020 წლის აპრილიდან, მანამდე ცხოვრობდნენ იმავე კორპუსში, მე-4 სართულზე მშობლების ბინაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სარდაფიც ეკუთვნის მშობლებს. მხარემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მეუღლე თ. კ-ემ მიატოვა შვილის - ე. დაბადებამდე. მოსარჩელემ ასევე განაცხადა, რომ მის ყოფილ მეუღლის მშობლებს საკუთრება გააჩნიათ ...ში. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, რამდენჯერმე განხორციელდა მონიტორინგი, თუმცა შ. ჯ-ა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მისამართზე არ დახვდათ. სარდაფში, სად ცხოვრებაზეც მიუთითებდა მოსარჩელე, იმყოფებოდა შ. ჯ-ას ძმა, რომელთანაც გასაუბრება ვერ მოხდა, ვინაიდან იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მონიტორინგი განხორციელდა ამავე მისამართზე არსებულ მშობლების საკუთრებაში, ბინა N21-ში, სადაც დახვდათ მოსარჩელის დედა მ. ჯ-ა. მ. ჯ-ამ განაცხადა, რომ შ. იმყოფება ...ის რაიონში შვილებთან ერთად, ნათესავთან. 2021 წლის აპრილში განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი, მოსარჩელე კვლავ არ იყო მისამართზე და იმყოფებოდა მშობლების საკუთრებაში. განაცხადა, რომ ძმას აქვს ალკოჰოლთან პრობლემები და როდესაც იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა და აგრესიულია, მხოლოდ მაშინ მიდის აღნიშნულ სარდაფში. როგორც აღინიშნა, მხარემ აპლიკაციის შევსების დროს მიუთითა, რომ ცხოვრობს ქირით და იხდიდა 120 ლარს, შესაბამისად, მიენიჭა ქირის ქულაც 1.5. თუმცა ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რის გამოც შეიქმნა შესაბამისი ქულის დაკლების წინაპირობა. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს „ყოფილი მეუღლის“ როლზე, ვინაიდან მხარე აცხადებს, რომ მან მიატოვა და იგი ცხოვრობს ...ში, მონიტორინგის სამსახურს მოსარჩელე ორჯერ სხვადასხვა დროს არ დახვდა მისამართზე, დედამ კი განმარტა, რომ შ. ჯ-ა „ნათესავთან" იმყოფებოდა შვილებთან ერთად ...ში.
მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ იმსჯელა და 2021 წლის 2 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი N19), მოსარჩელის განაცხადი ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე არ დაეკმაყოფილებინა არასაკმარისი ქულის გამო. შესაბამისად, გამოიცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1295/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და შ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და შ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, შ. ჯ-ას მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1295/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების საფუძვლით, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული ,,წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარტოხელა დედა - შ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახი შედგება სამი წევრისგან: თავად მოსარჩელე და ორი არასრულწლოვანი შვილი: მ. კ-ე და ე. ჯ-ა. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურ მონაცემთა ერთიან ბაზაში და შემწეობის გარდა სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით. შ. ჯ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: აფხაზეთი, სოხუმი, ...ას ქ. N5, ბინა 76. დროებით საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ...ე, ...ის შესახვევი N11.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე შ. ჯ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა (1.50 ქულა -საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი), 1,50 ქულა - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - შ. ჯ-ა).
მოსარჩელის მიერ შევსებული განაცხადის განხილვის შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის N03-1295/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), შ. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი არასაკმარისი ქულის გამო, ვინაიდან წინასწარი შეფასებით დადგენილი 7 ქულა შეუმცირდა შემდეგ კრიტერიუმებში - ქირა - 1,5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა). საბოლოოდ კი, შ. ჯ-ას დევნილი ოჯახისთვის მინიჭებულმა ქულამ შეადგინა - 2.5, რაც არ იყო საკმარისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმით და შ. ჯ-ას მიერ შევსებული კითხვარით, ასევე მისი ახსნა-განმარტებითა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შ. ჯ-ას დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი; მის: ...ის ქ. კორპუსი 101; ბინა N21; 02/12/2018 წ., 10/06/2020 წ. და 19/05/2021 წლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმების შესაბამისად, მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა 101, „ბ“ კორპ., ბინა N21 (...ი), ხოლო იურიდიულ მისამართად: ქ. თბილისი, ...ე, ...ის შეს. N11 (დევნილის რეგისტრაციის მისამართი). საგულისხმოა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართად ქ. თბილისი, ...ის ქ. N9 ,,ა“ მითითებულია მხოლოდ 02/12/2018 წ. დათარიღებულ ელექტრონულ ფორმაში, რომელსაც არ აქვს მითითებული ვერიფიკაციის გავლის თარიღი (ს.ფ. 57). საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი დასტურდება, რომ ჯერ კიდევ 2013 წლიდან შ. ჯ-ა ცხოვრობდა მშობლებთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, ისანი - სამგორის რაიონი, ...ის ქუჩა, კორპუსი: 101 ,,ბ“ N21.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა შ. ჯ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა. კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა შ. ჯ-ას განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა მისი, როგორც მარტოხელა დედის სტატუსი, ასევე გაურკვეველია რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს დედის საცხოვრებელ ფართში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ამასთან საგულისხმოა, რომ მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით უნდა დაედგინა მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და პირობები, რაც მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია რატომ დააკლდა მოსარჩელეს პირველადი შეფასებით მინიჭებული 7 ქულიდან 4.5 ქულა, შესაბამისად, არასაკმარისი ქულების გამო, ვერ განხორციელდა შ. ჯ-ას დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ფორმალური სახის ტექნიკურ საკითხებზე მითითებას, რომელთა აღმოფხვრა და დევნილის სამართლებრივი დახმარება (მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბება და სხვა) ისედაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სათანადო ფაქტების დაუდგენლობა კი, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
რაც შეეხება შ. ჯ-ას საკასაციო პრეტენზიას, მოცემულ შემთხვევაში სათანადოდ ვერ დადგინდა, არსებობდა თუ არა შ. ჯ-ას ოჯახისათვის კრიტერიუმების შეფასებით მინიჭებული 7 ქულის 4.5 ქულამდე შემცირების საფუძველი, შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე, სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება.
ამრიგად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს მოსარჩელე შ. ჯ-ას დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსახლების გადაუდებელი საჭიროება, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რა დროსაც ასევე უნდა გაითვალისწინოს შ. ჯ-ას არასრულწლოვანი შვილების ინტერესები, რამდენადაც „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და შ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა