№5561-13 16 მარტი, 2013 წელი
კ-ე გ., 5561-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. კ-ას
მსჯავრდებულ _ გ. კ-ის
ადვოკატ – ც. ფ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 12 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან დაემატა 7 წელი და გ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 9 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. კ-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 14 წლისა და 3 თვის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეხებია წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელიც დაუმთავრდა 2011 წლის 25 მაისს. მსჯავრდებული გ. კ-ე ითხოვს ამნისტიის აქტის გავრცელებას 2010 წლის 28 თებერვლის განაჩენზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის მოხდილად ჩათვლას 2009 წლის 26 ნოემბრიდან – 2011 წლის 6 ივლისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ გ. კ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელებისა და აღნიშნული განაჩენით მოხდილი სასჯელის ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ გ. კ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის სრულად ჰქონდა მოხდილი, ხოლო წინა განაჩენით მოხდილი სასჯელის ჩათვლა მომდევნო განაჩენით დანიშნულ სასჯელის ვადაში - კანონისმიერად შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე