საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1093(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. ნ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ნ-ემ 2018 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა გ. ნ-ეის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ. ნ-ეის ქალაქ ცხინვალში, ...ის ქ. ...-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება N04-315/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ. ნ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით გ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ემ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ პირის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერის საკითხი რეგულირდებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის N677 დადგენილებით და მოქალაქეთა ჩაწერა ხორციელდებოდა მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რა დროსაც არ არსებობდა ტერმინი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის საარქივო ცნობების თანახმად, 1984-1991 წლებში გ. ნ-ეის ჩაწერის ადგილია ქ. ცხინვალი, რაც თავის მხრივ გულისხმობს გ. ნ-ეის საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სადავო პერიოდში (1991 წლამდე) სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით და არა დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რის შედეგადაც დაადგენდა, რომ გ. ნ-ე 1991 წლამდე თავისი ოჯახით მუდმივად ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, ...ის ქ. N7-ში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ გ. ნ-ემ იქორწინა ლ. ნ-ესთან და ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა ქ. ცხინვალში. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, საქმეზე არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი საარქივო ცნობების თანახმად, დასტურდება გ. ნ-ეის გორის რაიონის სოფელ ...ში არცხოვრების ფაქტი 1984-1986 წლებში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა საპირისპირო გარემოებაზე, კერძოდ, რა მტკიცებულებებით დასტურდება გ. ნ-ეის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არცხოვრების ფაქტი 1986-1991 წლებში.ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება მუდმივი საცხოვრებლის ცნებას, იმავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში, გ. ნ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნებისთვის საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის, შრომის წიგნაკის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, 1987-1988-1989 წლებში გ. ნ-ე მუშაობდა ქ.ცხინვალში მწვრთნელის პოზიციაზე. 1989 წლის ბოლოს მისი შრომითი საქმიანობა გააგრძელა ...ის მეურნეობაში მწვრთნელად. 1990-1991 წლებში მუშაობდა კვლავ თავისი სპეციალობით ...ის მეურნეობაში ფიზკულტურის მეთოდისტად, ხოლო 1991-1997 წლებში მუშაობს მექანიზატორის პოზიციაზე. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მეუღლესთან ლ. ნ-ესთან ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა ქ. ცხინვალში ... წელს (სააქტო ჩაწერა N269, ...წ), ხოლო შვილი - ნ-ე გ. დაბადებულია ... წელს სოფელ ...ში.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ცხინვალი, ...ის ქ. N7 არ იყო ის ადგილი, სადაც მოსარჩელე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწეოდა. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მან ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც იძულებით გადაადგილებულად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობაა, შესაბამისად, გამოირიცხება სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა