Facebook Twitter

№5611-13 18 მარტი, 2013 წელი

ს-ა ა, 5611-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ი. მ-ს

მსჯავრდებულ - ა. ს-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით ა. ს-ა ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა“, ,,დ” ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ს-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შეკრების წესით, ა. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ს-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

ა. ს-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 1 წლით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ს-ს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 3 თვე და დღეის მდგომარეობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 9 წელი, 10 თვე და 28 დღე. აღნიშნული ვადის ათვლა დაეწყო დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 1 ნოემბრიდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. ს-ა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ ა. ს-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით შეუმცირდა ზემოაღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ს-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე ამავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული ა. ს-ა არის ადრე ნასამართლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. ქათამაძე