Facebook Twitter

საქმე №ბს-424(კ-23) 02 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე. დ-ა

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. დ-ამ 2019 წლის 28 ოქტომბერს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 სექტემბრის №1467 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №421549 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ე. დ-ას სამშენებლო სამართალდარღვევის სანქციიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4215498 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაიცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 სექტემბრის №1467 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

2023 წლის 13 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი) წინამდებარე საქმეზე უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსისთვის სასამართლო საპროცესო მოქმედებათა განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 08 დეკემბრის №1-783 ბრძანება, რომლის თანახმად, ს. ბ-ეს მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება (ს. ფ. 307).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 13 აპრილს წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს - ს. ბ-ეს მინიჭებული აქვს საჩივარზე უარის თქმის საგანმკარგულებო უფლებამოსილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 49-ე მუხლებით, 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა