Facebook Twitter

№5651-13 16 მარტი, 2013 წელი

გ-ა რ., 5651-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ზ. შ-ის

მსჯავრდებულ _ რ. გ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის განაჩენით რ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 12 დეკემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: რ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 18 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. გ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ რ. გ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ რ. გ-ას მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. გ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. გ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება და ამ მუხლით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია; ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას რ. გ-ა წინათ განზრახი დანაშაულისათვის – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება რ. გ-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე