Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-738(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ე. ნ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 04 ივნისს ე. ნ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ე. ნ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.03.2019 წ. N... გადაწყვეტილებისა და ,,ე. ნ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.05.2019წ. N01/139794/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ზ. ბ.-ის ასული გ-ეის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. 2019 წლის 14 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიეთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ე. ნ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.03.2019 წ. N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ,,ე. ნ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.05.2019წ. N01/139794/გ გადაწყვეტილება; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ზ. ბ.-ის ასული გ-ეის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ განმარტა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი სხვაგვარად, მაშინ, როდესაც ხსენებულ ნორმაში არის იმპერატიული მითითება, რომ შესაბამისი მონაცემების გარეშე დაუშვებელია გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. ამის გათვალისწინებით, კანონის მე-3 პუნქტში არსებული გამონაკლისი, გულისხმობს არა ისეთი ფაქტების დაუდგენლობის შემთხვევაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, რაც ამავე კანონის 95-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტშია გაწერილი, არამედ გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისთვის საჭირო ისეთი დამატებითი ფაქტების არსებობას, რაც, მაგალითად გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელშიც დამატებით, გარდაცვალების იურიდიული ფაქტის დადგენისთვის, საჭიროა დადგინდეს დაბადების და გარდაცვალების ადგილი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სწორედ ეს უკანასკნელი სიტყვები - ,,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“ იძლევა დისკრეციის შესაძლებლობას და პირის დაბადებისა და გარდაცვალების ადგილის არცოდნის პირობებში, კანონის 95-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების გათვალისწინებით, დასაშვებს ხდის შესაბამისი ფაქტის დადგენას. რაც შეეხება დანარჩენ წინაპირობებს, კანონი მათ არსებით მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვით ,,დაუშვებელია“. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სააგენტოს აღნიშნული პოზიციის უარსაყოფად. შედეგად, კანონით განსაზღვრული ისეთი სავალდებულო მოთხოვნის გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც ვერ დგინდება გარდაცვლილი პირის სახელი ან გვარი ან ორივე მონაცემი.

კასატორთა მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდება როგორც პირის გარდაცვალების, ასევე დაბადების თარიღები. გაურკვეველია, სასამართლომ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ზ. ბ.-ს ასული გ-ე დაბადებულია ... წელს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით აღნიშნული არ დასტურდება. საქმეში დაცულია მხოლოდ ორი პირის ზეპირი გაცხადება, რომელიც ურთიერთწინააღმდეგობრივია, კერძოდ, უშუალოდ მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზ. ბ.-ს ასული გ-ე დაბადებულია ,,სავარაუდოდ ... წელს“, ხოლო მოწმე ა. ტ-იმა განმარტა, რომ ,,ზ. გ-ე და მისი მამიდა იყვნენ ამხანაგები. იცის, რომ ბებია და ზ. ერთ წელს (... წელს) იყვნენ დაბადებულები“. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოწმე ა. ტ-ის ბებია ... წელს იყო დაბადებული, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება. ამ ურთიერთწინააღმდეგობრივი განმარტებების გათვალისწინებით გაურკვეველია სასამართლომ რატომ მიიჩნია, რომ ზ. ბ.-ს ასული გ-ე დაბადებულია ... წელს.

კასატორთა მითითებით, მართალია, კანონი არ ითვალისწინებს პირის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სრულყოფილი თარიღის მითითებას და საკმარისია მხოლოდ წლის განსაზღვრა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება დაბადების წელი. რაც შეეხება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას გარდაცვალების თარიღის განსაზღვრას, ამ შემთხვევაში, დაბადების თარიღისგან განსხვავებით, კანონი გამონაკლისს არ ითვალისწინებს და არასაკმარისად მიიჩნევს მხოლოდ გარდაცვალების წლის დადგენას ზუსტი თვისა და რიცხვის გარეშე. სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რადგან იგი დაკავშირებულია გარდაცვალების რეგისტრაციასთან და არა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენასთან. ამასთან, აღნიშნული მუხლი არეგულირებს არა უშუალოდ გარდაცვალების რეგისტრაციის საკითხებს, არამედ გარდაცვალების რეგისტრაციამდე შესადგენი ოქმის შინაარს, როდესაც, ოქმის შედგენის მომენტში, შესაძლოა ვერ დგინდებოდეს პირის გარდაცვალების კონკრეტული თარიღი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული თარიღი ასევე გაურკვეველი იქნება უშუალოდ გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენისას. მითითებული მუხლი უკავშირდება პირის გარდაცვალების შემდგომ მყისიერად გასატარებელ ღონისძიებებს და არა წარსულში (მოცემულ შემთხვევაში დაახლოებით 50 წლის წინანდელი) მომხდარი ფაქტის დადასტურების/აღიარების შემთხვევებს, როდესაც არათუ მყისიერად, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ვადით ხდება საქმის მასალების სრულად შესწავლა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ბ.-ის ასული გ-ეის დაბადების თარიღია ... წელი, ხოლო სავარაუდო გარდაცვალების წელი - .... კასატორთა მითითებით, წარმოუდგენელია ვარაუდის საფუძველზე დაბადების წლის დადგენაზე გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. სასამართლომ სააგენტოს დაავალა დაედგინა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე. ზ. ბ.-ის ასული გ-ეის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისთვის სავალდებულო ელემენტებიდან დგინდება მხოლოდ მისი სახელი და გვარი, ხოლო დაბადების წლის, ისევე როგორც გარდაცვალების თარიღის (წელი, თვე, რიცხვი) შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იკვეთება. ამდენად, ახალი გადაწყვეტილებით ე. ნ-ას უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განიხილა ე. ნ-ას 2019 წლის 20 თებერვლის №00119031095 განცხადება ზ. გ-ეის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ზ. გ-ე დაბადებული იყო ... წელს, ხოლო გარდაიცვალა 1958 წლის აპრილში ქ.თბილისში. 2019 წლის 19 მარტის №... სადავო გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ზ. გ-ეის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ნ-ას ადმინისტრაციული საჩივარიც. სადავო გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმისწარმოების დროს ვერ იქნა მოძიებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნებოდა ზ. გ-ეის დაბადების თარიღი და არც მოწმეები ფლობდნენ აღნიშნულ ინფორმაციას, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეუწონელი იყო მოთხოვნილი პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემის დადგენის შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის საჭირო ცალკეული მონაცემის გარეშე, თუ მისი დადგენა შეუძლებელია საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ან სხვა მიზეზით. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო ე. ნ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილება. კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ცნობის მიხედვით, გ-ე ზ. ბ.-ის ასული 1940 წლიდან რეგისტრირებული იყო ჩუღურეთში, ...ის ქუჩაზე. ტექ.აღრიცხვის ბიუროში დაცული 1971 წლის 21 მაისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მოცემული პერიოდისათვის ზ. ბ.-ის ასულ გ-ე გარდაცვლილი იყო. ამასთან, სამმა მოწმემ - ლ. გ-იმა, ლ. ც-ამ და ა. ტ-იმა აღნიშნეს, რომ ახსოვთ ზ. გ-ე და მისი გარდაცვალება. სამივე მათგანი ზ. გ-ეის გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1958 წელს. მოწმე ლ. ც-ამ განმარტა, რომ ზ. გ-ე გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ლ. ც-ა ფეხმძიმედ იყო, მისი შვილი კი დაიბადა ... წლის იანვარში. მოწმე ა. ტ-იის განმარტებით, ზ. გ-ე დაიბადა ... წელს, როცა დაიბადა მისი მამიდა. ამდენად, ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მიმართა ყველა შესაძლებლობას - გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, განახორციელა ყველა მნიშვნელოვანი ქმედება, რომელიც მიმართული იყო ზ. გ-ეის მონაცემების დადგენასთან, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ე. ნ-ას უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნებისათვის ესაჭიროება ზ. გ-ეის გარდაცვალების მოწმობა, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 6 ნოემბრის №... ცნობის თანახმად, ზ. გ-ეის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა, მოსარჩელე ვერ ახერხებს ქონებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ პირობებში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის უარყოფის საფუძვლად „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ ქვეპუნქტზე მითითების შესახებ (იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა დაუშვებელია, თუ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი) და აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მტკიცებულებების მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე კარის დებულებები, გარდა იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), 103-ე მუხლისა (მტკიცებულებათა შეგროვება), 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა (ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 (წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) და 21 ნაწილებისა, 136-ე მუხლისა (წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა), 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე და 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 92-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ამგვარი დანაწესით კანონმდებელი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საკითხის განხილვისას მტკიცებულებათა შეგროვებისა და მათი ერთობლიობაში შეფასების მნიშვნელოვან ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს. სწორედ ამას მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიც, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) და VIII (ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება) თავებით დადგენილი წესები, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, სამართლის ნორმები (კანონები) თავისთავად არ წარმოშობს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას განსაზღვრავს გარკვეული გარემოებები, რაც დოქტრინის მიხედვით, იურიდიულ ფაქტებად განიხილება.

იურიდიული ფაქტი, აბსტრაქტული სამართლებრივი ნორმების კონკრეტულ შემთხვევასთან მისადაგებით, უზრუნველყოფს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა გავლენას ახდენს უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობაზე, შეცვლასა და შეწყვეტაზე, რითაც მას ამ მიმართებით ფუნდამენტური და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ცხადია, რეალური სიტუაციის ამსახველი ფაქტები ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არ იყოს დოკუმენტირებული. აღსანიშნავია, რომ მათი დადგენა ყოველთვის უკავშირდება გარემოებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში, ამიტომ იურიდიული ფაქტების დადასტურება გარკვეულწილად გართულებულია. სწორედ ამიტომ, ამ სახის გარემოებების დადგენისათვის, კანონმდებელი მტკიცებულებათა ჩამონათვალში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები გაბნეულია სხვადასხვა დოკუმენტებში, ამიტომ კონკრეტული ფაქტის უტყუარად დადგენა ამ ინფორმაციის ურთიერთშეჯერებასა და ანალიზს მოითხოვს. ასეთივე სირთულე შეიძლება წარმოიშვას მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ის ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორი, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. მოწმის ჩვენების სარწმუნოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად თანმიმდევრულია იგი და შესწევს წარსულში მომხდარი ფაქტების ობიექტურად გადმოცემის უნარი. შეუძლებელია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ეხება შორეულ წარსულში მომხდარ ფაქტს, ერთმანეთის იდენტური არ იყოს მოწმის ინდივიდუალური, სუბიექტური მახასიათებლიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულ იურიდიულ ფაქტთან დაკავშირებით იძლეოდეს ერთიან აღქმად სურათს. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების შეფასების შედეგად იურიდიული ფაქტის დადგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დგინდებოდა ზ. გ-ეის მონაცემები, მათ შორის მისი დაბადების და გარდაცვალების ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად მხოლოდ ფორმალურ საფუძველზე (კონკრეტული თარიღის გაურკვევლობა) მითითება, არ ემსახურება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ მიზნებს. საკასაციო პალატა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტის საპირისპიროდ დამატებით ყურადღებას მიაქცევს საკასაციო საჩივარში მოხმობილი ნორმის შინაარს (95.5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი), რომლის მიხედვით კანონმდებელი ,,ან“ კავშირის გამოყენებით პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის დაუშვებლობას არ უკავშირებს ნორმაში არსებული პირობების კუმულატიურად არსებობას (ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარზე 07.07.2022წ. №55269 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩნება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.07.2022წ. №55269 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა