Facebook Twitter

№5691-13 20 მარტი, 2013 წელი

მ-ი დ, 5691-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

მსჯავრდებულ _ დ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით დ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 5 წელი ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 აგვისტოდან.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. მ-ს მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 ნოემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მსჯავრებულ დ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 თებერვლის განკარგულებით დ. მ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით დ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 თებერვლის განკარგულებით შემცირებული სასჯელი - 3 წელი, 4 თვე, 15 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით, ხოლო საბოლოოდ - 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მას გაუნახევრდა არა მხოლოდ სსკ-ის 260-ე მუხლით (როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული), არამედ მთლიანად - 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დ. მ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრული საბოლოო სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს, როგორც განზრახი დანაშაულისათვის ადრე ნასამართლევს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 178-ე და 260-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები - 6 წელი (და არა - 5 წელი, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული) და 9 წელი. შესაბამისად, ამ მუხლებით დ. მ-ს უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით და 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მსჯავრდებულს სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან მოხდილი აქვს ერთი წელი და, შესაბამისად, ამ მუხლით მას მოსახდელი აქვს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა დაემატოს 260-ე მუხლით დანიშნულ და ამ განჩინებით შემცირებულ სასჯელს - 6 წელსა და 9 თვეს და უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელის ათვლის დღიდან - 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე - შეწყალების აქტის გამოცემამდე - მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 2 წელი და 3 თვე. ამდენად, შეწყალების აქტის გამოცემამდე მსჯავრდებულის მიერ მოუხდელი საპატიმრო სასჯელის ზომა შეადგენს 8 წელს, რაც უნდა განახევრდეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად და დ. მ-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2013 წლის 1 თებერვლიდან - შეწყალების აქტის გამოცემის დღიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: დ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) წელი და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

დ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წელი და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წელი, 6 (ექვსი) თვე და განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, დ. მ-ს გაუნახევრდეს 10 (ათი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთის 2013 წლის 1 თებერვლისათვის მოუხდელი ნაწილი - 8 (რვა) წელი და საბოლოოდ განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე