საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1490(კ-22) 2 მაისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ტ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 11 ივნისს მ. ტ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №655 განკარგულების ბათილად ცნობა და თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 1077 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ. ტ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №655 განკარგულება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალ გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, მ. ტ-ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუ არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. კასატორს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, არ შეცვლილა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დასმულ კითხვაზე, რომელ წლიდან ფიქსირდება შენობა-ნაგებობა სადავო ტერიტორიაზე, ექსპერტი თ. კ-ეე 2005 წლის აერო-გადაღების მეშვეობით ადგენს მხოლოდ იმას, რომ 2005 წლამდე ფიქსირდებოდა რეკონსტრუქციამდელი ნაგებობა. თუმცა შესწავლისა და შეფასების მიღმაა დატოვებული თავად ამ შენობის დანიშნულებისა და კაპიტალურობა/დროებითობის საკითხი, რაზეც პირდაპირ დამოკიდებული იყო სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. შესაბამისად, კომისიის შესწავლის საგანს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა თავად ამ შენობა-ნაგებობის მდგომარეობისა და დანიშნულების დადგენა 2007 წლის 20 ივნისამდე. მოსარჩელის მითითებით, თავდაპირველი შენობა განადგურდა ხანძრის შედეგად 2009 წელს, თუმცა ამ ფაქტის დამდგენი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. ამასთან, კასატორის განმარტებით, კაპიტალური შენობის ხანძრის შედეგად განადგურების პირობებში (თუ ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი) 2010 და 2014 წლების აეროგადაღებებზე უნდა ჩანდეს დამწვარი კაპიტალური ნაგებობის საძირკველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარე პირდაპირ უთითებს, რომ ახალი შენობა სწორედ ძველი შენობის საძირკვლის ბაზაზეა აშენებული. ამასთან, კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა ი. ტ-იმა (პ/ნ ...) განმარტა, რომ შენობა, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო განთავსებული წარმოადგენდა ხის დროებით შენობას, რომელიც დაიწვა. რაც, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე არ არის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
კასატორის განმარტებით, განმცხადებლისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის პირობებში, როდესაც არ დგინდება შენობის განთავსების ფაქტი 2007 წლამდე, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №655 განკარგულების კანონიერება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, მ. ტ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ხოლო სადავო განკარგულების დასაბუთება ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლიც, რომლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 20 ივლისის №618 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი №48) საფუძველზე, 2017 წლის 14 აგვისტოს №1212 განკარგულებით მ. ტ-ის უარი უთხრა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 1077,00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ამ დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისად, არ დასტურდებოდა მ. ტ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
მ. ტ-ის წარმომადგენელმა, ი. ტ-იმა 2020 წლის 31 ივლისს კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 1077,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 აგვისტოს №1212 განკარგულება, ინდივიდუალური აუდიტორის - ექსპერტის თ. კ-ეის 2020 წლის 24 ივლისის აუდიტორული დასკვნა, მეზობლების: გ. ც-ეისა და ლ. პ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, ინფორმაციული წერილები, 2020 წლის ორთოფოტო, 2008 წლის 23 ივნისს და 2016 წლის 29 აგვისტოს დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ასევე, ბუნებრივი აირის მოხმარების ბრუნვის ისტორია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №655 განკარგულებით მ. ტ-ის კვლავ უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო 2017 წლის 14 აგვისტოს №1212 განკარგულებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ხელახლა განცხადება და/ან საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მ. ტ-ის 2016 წლის 30 აგვისტოს თავდაპირველ განცხადებაზე და 2020 წლის 31 ივლისის განცხადებაზე დართული დოკუმენტებისა თუ ამ განცხადებების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებულ სხვადასხვა დოკუმენტების თუ ინფორმაციას შედარება, ვინაიდან დადგინდეს ადგილი ჰქონდა თუ არა განმეორებით წარდგენილი განცხადების დროს იმ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა: 1. მეზობლების თანხმობა; 2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3. ორთოფოტო; 2020 წლის განმეორებითი განცხადების ფარგლებში მ. ტ-იმა განცხადებას დაურთო: 1. ინდივიდუალური აუდიტორის - ექსპერტის თ. კ-ეის 2020 წლის 24 ივლისის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, დასმულ შეკითხვებზე გაცემულია შემდეგი პასუხები: ა. 2005 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდებოდა რეკონსტრუქციამდე ნაგებობა (2005 წლის ორთოფოტო, მომზ. შპს „ს...“, ს/ნ ...), ბ. დღეის მდგომარეობით, შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, რომელიც იყო აღჭურვილი კომუნიკაციებით (წყალი) და კეთილმოწყობილი. 2005 წლის ორთოფოტოზე არსებულმა ნაგებობამ მოგვიანებით განიცადა სახეცვლილება, ხანძრის გამო დაზიანდა, სადაც ამოყვანილ იქნა იმავე ადგილზე ახალი კედლები. ასევე, გაზრდილი იყო შენობა-ნაგებობის ფართი. ბ. ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1070 კვ.მ შემოღობილი იყო მთლიანად მავთულბადით, განაშენიანებული იყო მრავალწლოვანი ხანდაზმული ხის ნარგავებით. ეზოში იდგა საცხოვრებელი (მიმდინარე გამოყენება) სახლი, ასევე, საყოფაცხოვრებო დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო). 2. გ. ც-ეის და ლ. პ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადები, რომლითაც ადასტურებდნენ, რომ მ. ტ-ი 1991 წლიდან დღემდე ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ (იგივე, ...ს ქ. №62-ის უკან) არსებულ, თვითნებურად დაკავებული 1077 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. 3. აბონენტის ბარათით, რომლის შესაბამისად, №598901 აბონენტი შპს „თ...ში“ აღრიცხულია მ. ტ-ის სახელზე, მისამართით: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ...ს შენ. ...-ის მიმდებარედ, 2018 წლის 26 მარტიდან. 4. ინდ. მეწარმე გ. ჩ-ეის მიერ 2008 წლის 23 ივნისს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც დგინდება, რომ 805,88 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ერთსართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების 8,50 კვ.მ. შენობა, აშენებულ მდგომარეობაში. 5. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის №ტ-47 წერილი, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 18 მაისის №11470/ტ-174 და 2008 წლის 10 ივნისის №021/01-42020 წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, მ. ტ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №60-ის კორპუსის მიმდებარედ, გასხვისება ქალაქგეგმარებითი პროექტის შეთანხმებამდე მიზანშეწონილი არ იყო. ამასთან, მ. ტ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №62-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (...ს ქ. №60-ის უკან), არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ განკარგულებაში არსებითად არ უმსჯელია და არ შეუფასებია მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის ახალ მტკიცებულებებს, რომელიც განმცხადებლისათვის განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მართალია, კასატორი სადავოდ ხდის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტს, თუმცა საქმის მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან იკვეთება სადავო მიწის ნაკვეთთან მ. ტ-ის 2006 წლიდან კავშირი, ასევე 2008 წლის ნახაზიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობი. ასეთ ვითარებაში კი, გასაჩივრებულ აქტში არ არის დასაბუთებული, არსებობდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მ. ტ-ის განცხადება უნდა განეხილა არსებითად, სათანადოდ უნდა შეეფასებინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში და ისე ემსჯელა წარმოადგენდა თუ არა მ. ტ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: №62-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს მ. ტ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა, ექსპერტიზის ოქმის შეფასების შედეგად დაადგინოს წარმოადგენდა თუ არა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე