Facebook Twitter

№ბს-637(კ-20) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 სექტემბერს შპს „ა...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის, 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ექსპერტიზის ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილება; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეულის ხარჯების 750 ლარის გადახდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის მიხედვით, პაციენტი ვ. ს-ე, 67 წლის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ (დიაგნოზით: „მწვავე მუცელი“), 2016 წლის 24 ივლისს 08:26 საათზე მიყვანილ იქნა შპს „ა...ში“. გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმ მ. ა-ის (სერტიფიკატი „გადაუდებელი მედიცინა“) მიერ პაციენტის ჩივილების (ტკივილი მუცლის არეში, უპირატესად ეპიგასტრიუმში, გულისრევის შეგრძნება, ზოგადი საერთო სისუსტეზე. პირის სიმშრალე), ანამნეზისა (აღნიშნული ჩივილები პაციენტს დაეწყო წინა საღამოს) და - ობიექტური (t-36,7°C, Cor-ტონები მოყრუებული, რითმული, T/A-140/8OmmHg, P-100, R-20, SpO2-96%...) გასინჯვის საფუძვლზე დაისვა წინასწარი დიაგნოზი: „მწვავე პანკრეატიტი“ და მიეცა დანიშნულება (NaCl 0.9%-500.0, ნო-შპა 2.0 სპაზმალგონი 5 მლ, ზანტაკი 20.0).

2016 წლის 24 ივლისს 11:30 სთ. ექიმ გ. ვ-ას (სერტიფიკატი „ზოგადი ქირურგია“) მიერ, პაციენტის ჩივილების (ძლიერი ინტენსივობის ტკივილი ეპიგასტრიუმსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, პირღებინების რამოდენიმე ეპიზოდი, საერთო სისუსტე), ანამნეზის (23.07.16 წ. საღამოს აღენიშნა ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში), ობიექტური (T/A-130/85mmHg, P-105, E-36.7°C, ენა მშრალი, უნადებო, მუცელი შებერილი, პალპაციით, ძლიერ მტკივნეული ეპიკასტრიუმსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, პერიტონეალური სიმპტომები (-) პერისტალტიკა დუნე, კუჭის მოქმედება ჰქონდა წინა საღამოს–ჩვეულებრივი ფერის და კონსისტენციის...), ლაბორატორიული (ლეიკოციტოზი-15.52, ჩხირბირთვიანი-7%, სეგმენტბირთვიანი - 78%, P-ამილაზა 742.8u/l) და კომპიუტერული ტომოგრაფიის („მწვავე პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი“) მონაცემების საფუძველზე, დაისვა კლინიკური დიაგნოზი: „მწვავე პანკრეატიტი K85.9, ნაღვლის ბუშტის ქვები ქოლეცისტიტის გარეშე K80.2“, პაციენტი მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში და მიეცა დანიშნულება (NaCl 0.9%-500.0, რინგერი 500.0, ნო-შპა, სპაზმალონი, ზანტაკი, ცეფტა).

2016 წლის 30 ივლისს 12:00 სთ. (ჰოსპიტალიზაციიდან მე-6 დღეს) დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში (t-36.5°c, T/A-160 /100mmhg, P-76, მუცელი პალპაციით რბილი, უმტკივნეულო, აირებზე გადიოდა, კუჭის მოქმედება ჰქონდა წინა საღამოს - ჩვეულებრივი ფერის და კონსისტენციის), პაციენტი გაწერილ იქნა ბინაზე ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაციით (ექიმი გ. ვ-ა). დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: მწვავე პანკრეატიტი დაუზუსტებელი K85.9, ნაღვლის ბუშტის კალკულოზი K80.2. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით: პაციენტ ვ. ს-ისათვის 2016 წლის 24 ივლისიდან 2016 წლის 30 ივლისს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1631.00 ლარი, რაც ანაზღაურებული იყო პროგრამის განმახორციელებლის მიერ.

მე-2 ეპიზოდი: 2016 წლის 01 აგვისტო 18:03 სთ. (გაწერიდან 24 საათის შემდეგ), პაციენტი ვ. ს-ე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ (დიაგნოზით: „მუცლის და მენჯის ტკივილი“), მიყვანილ იქნა შპს „ა...ში“ (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №11090). გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმ მ. ა-ის მიერ, პაციენტის ჩივილების (ტკივილზე მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნებაზე, პირის სიმშრალეზე, საერთო სისუსტეზე), ანამნეზის (აღნიშნული ჩივილები დაეწყო დილით) და ობიექტური გასინჯვის (ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, კანი N-შეფერილობის, t-36.3°C, T/A-150/68mmHg, P-98, SpO2-92%, ენა მშრალი, მუცელი რბილი, მტკივნეული მუცლის ზედა ნახევარში...) საფუძველზე დაისვა წინასწარი დიაგნოზი: „მწვავე მუცელი“. დაიგეგმა გამოკვლევები (ეკგ, სისხლისა და შარდის 11 ანალიზი, AST, MCV, კოაგულოგრამა, P- ამილაზა, მუცლის ღრუს ექოსკოპია) და მიეცა დანიშნულება (NaCl 0,9%-500.0, ნო-შპა, სპაზმალგონი, ოქსიგენოთერაპია). 2016 წლის 01 აგვისტოს 18:10 სთ. (კლინიკაში მიყვანიდან 7 წუთში) მორიგე ექიმ გ. ვ-ას მიერ, პაციენტის ჩივილების (ძლიერი ინტენსივობის ტკივილზე მუცლის ზედა ნახევარში, გულისრევის შეგრძნებაზე, საერთო სისუსტეზე), ანამნეზისა (დილის საათებში აღენიშნა ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში) და ობიექტური გასინჯვის (t-36.3°C, T/A-150 /68mmhg, P-98, მუცელი ზომიერად შებერილი, პალპაციით ძლიერ მტკივნეული ეპიგასტრიუმისა და მარჯვენა მუშა არეში, პერიტონეალური სიმპტომები უარყოფითი, პერისტალტიკა დუნე, კუჭის მოქმედება ჰქონდა წინა ღამეს ჩვეულებრივი ფერის და კონსისტენციის...) გათვალისწინებით, დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით, რეკომენდებულ იქნა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა. 18:15 სთ. ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით: ნაღვლის ბუშტი ოვალური ფორმის, კედლის სისქე - 3.1მმ, ღრუში კონკრემენტები ზომით 8-11 მმ; პანკრეასის კონტური სადა, ექოგენობა ჰომოგენური, ექოსტრუქტურა წვრილმარცვლოვანი, ზომები: თავი-30 მმ, სხეული-15მმ, კუდი - 26 მმ (ექიმი ვ. გ-ი, სერტიფიკატი „რადიოლოგია“). 2016 წლის 01 აგვისტოს 22:00 სთ (კლინიკაში მიყვანიდან 4 საათში) მკურნალი ექიმის გ. ვ-ას ჩანაწერის მიხედვით: პაციენტი უჩიოდა ძლიერი ინტენსივობის ტკივილს მუცლის ზედა ნახევარში, გულისრევის შეგრძნებას, საერთო სისუსტეს. დიაგნოზით: „დაუზუსტებელი ტკივილი მუცლის არეში“, პაციენტი მოთავსდა ზოგად ქირურგიულ განყოფილებაში (დანიშნულება NaCl 0,9%-500.0, რინგერი 500.0, სპაზმალგონი 5.0, ნო-შპა 2.0). 2016 წლის 02 აგვისტოს 11:00 სთ (ჰოსპიტალიზაციიდან 18 საათში და ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობიდან 13 საათში) ექიმ ვ. ვ-ას ჩანაწერის მიხედვით: პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, ტკივილის ინტენსივობამ ძლიერ იმატა, უჩიოდა გულისრევის შეგრძნებას, პირის სიმშრალეს, საერთო სისუსტეს, ერთჯერადად-ღებინება. 15:00 სთ. (პაციენტის მდგომარეობის გაუარესებიდან და პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენიდან 4 საათის შემდეგ) ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის („...პანკრეასის თავის მიმდებარედ, კუჭუკანა არეში, პარაპანკრეატულად ვლინდებოდა არაერთგვაროვანი ექოგენობის გამონაჟონი, შემოფარგლული კუჭუკანა არეში“) საფუძველზე დაისვა დიაგნოზი: „მწვავე მუცელი“ და დაიგეგმა სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა (ლაპარატომია, რევიზია, ოპერაციის საბოლოო მასშტაბი და ტაქტიკა უნდა გადაწყვეტილიყო ინტრაოპერაციულად (ექიმი ვ. ვ-ა). ოპერაციის პროტოკოლის №318 მიხედვით: 2016 წლის 02 აგვისტოს 17:00 სთ.-20:00 სთ. (ჰოსპიტალიზაციიდან დაახლოებით 23 საათში და პაციენტის მდგომარეობის გაუარესებიდან/პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენიდან 6 საათში) ენდოტრაქეალური ნარკოზით, ჩატარდა ოპერაცია: „ლაპაროტომია, ულცერორაფია, ქოლეცისტექტომია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება-ტამპონირება, ლაპაროსტომის ფორმირება“. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: „თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია“. ოპერაციის პროტოკოლის №195 მიხედვით: 2016 წლის 05 აგვისტოს 11:00 სთ. - 12:45 სთ. ჩატარდა ოპერაცია: „გეგმიური სანაციური რელაპაროტომია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება, ტამპონირება“, მუცელი დაიხურა ყრუდ. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: „თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ოპერაცია-ულცერორაფია, ქოლეცისტექტომია, მუცლის ღრუს სანაცია-დრენირება“ (ოპერატორი ექიმი გ. ვ-ა). 2016 წლის 06 აგვისტოს 16:20 სთ. - 17:00 სთ. ექიმ ი. კ-ის ჩანაწერის მიხედვით: კარდიომონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად, 2016 წლის 06 აგვისტოს 17:00 სთ. დაფიქსირდა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი. დასკვნის კლინიკური დიაგნოზი: ძირითადი დაავადება: „თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლულის პერფორაცია“; ძირითადი დაავადების გართულება: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სეპტიური შოკი, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება“ მკურნალი ექიმი ი. კ-ე.

დამდგარ შემთხვევაზე (№1394341944), შპს „ა...ის“ მიმართ განსაზღვრულმა ფინანსურმა სანქციამ (დამატებითი ფინანსური ჯარიმა) სულ შეადგინა 5046.00 (ხუთი ათას ორმოცდაექვსი) ლარი.

2017 წლის 31 ივლისს, შპს „ა...ის“ დირექტორმა ი. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებსა და წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებით სამედიცინო დაწესებულების მიერ არასათანადო მკურნალობის გაწევის ფაქტი დადგინდა ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს თავის გადაწყვეტილებაში საფუძვლიანად არ უმსჯელია საქმეზე წარდგენილ დოკუმენტაციაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მოპასუხემ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში და სათანადოდ არ დაუსაბუთებია მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მართებული შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილებები, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაადგინა და არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

კასატორი მიუთითებს შპს „ა...ში“ პაციენტ ვ. ს-ის მკურნალობის მე-2 ეპიზოდის (01.08.16 წ. - 06.08.16 წ.) მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე, არასრულყოფილი - სადიაგნოსტიკო ღონისძიებებისა და დაგვიანებული ოპერაციული მკურნალობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ გაწერიდან 54 საათში ჰოსპიტალიზაციისას (01.08.16 წ. 18:03 სთ.), მიმღების მორიგე ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზის („მწვავე მუცელი“) მიუხედავად, არ ჩატარდა ურგენტულ შემთხვევაში, დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის მოწოდებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებები: მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური და კომპიუტერულ-ტომოგრფიული კვლევები (რაზედაც მიუთითებდნენ რეცენზენტები).

რაც შეეხება ჩარევის დროულობას, მუცლის ღრუს საკონტროლო ულტრაბგერითი კვლევა ჩატარდა პაციენტის მდგომარეობის გაუარესებიდან/პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენიდან (02.08.16 წ. 11:00 სთ.) 4 საათში (15:00 სთ.); ოპერაცია ჩატარდა (02.08.16 წ. 17:00 სთ. - 20:00 სთ.) ჰოსპიტალიზაციიდან 23 საათში, პაციენტის მდგომარეობის გაუარესებიდან/პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენიდან 6 საათში და სასწრაფო ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 საათში. „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური მინისტრის №01- 25/ნ ბრძანებით (19.06.2013 წ.) დამტკიცებული „სამედიცინო ჩარევების კლასიფკაციის“, თანახმად, ჩარევა იყო „სასწრაფო-დაყოვნებული ინტერვენცია“, თუმცა, მკურნალობის მეორე ეპიზოდში (01.08.16 წ.) გაწეული სამედიცინო დახმარება იყო დაგვიანებული, ვინაიდან სასწრაფო ოპერაცია 12-გოჯა ნაწლავის პერფორაციის გამო, დაიწყო პაციენტის კლინიკაში შემოსვლიდან 23 საათში. სასწრაფო ოპერაცია გაკეთდა მდგომარეობის დამძიმების და გაუარესების შემდეგ.

01.08.16 წ. ინტრაოპერაციულად გამოვლენილი გართულებებმა (ინფილტრატის გავრცელება) განაპირობა ოპერაციის ტექნიკური სირთულეები (რეზექციის შესრულება ტექნიკურად შეუძლებელი გახდა), რის გამოც განხორციელდა („ლაპაროტომია, ულცერორაფია, ქოლეცისტექტომია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება-ტამპონირება, ლაპაროსტომის ფორმირება“) და დადგა განმეორებითი ჩარევის/ოპერაციის საჭიროება: 05.08. 16 წ. 11:00 სთ. - 12:45 სთ. ჩატარდა ოპერაცია: „გეგმიური სანაციური რელაპაროტომია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება, ტამპონირება“, მუცელი დაიხურა ყრუდ (ინტრაოპერაციული დიაგნოზი: „თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ოპერაცია-ულცერორაფია, ქოლეცისტექტომია, მუცლის ღრუს სანაცია-დრენირება“). ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „ა...ის“ მიერ არ/ვერ იქნა საპირწონე დასკვნა წარმოდგენილი, რომლითაც დასაბუთებულად გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას.

სასამართლოს თავის დასაბუთებაში არ გამოუყენებია „საექიმო საქმიანობის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, რომლის დანაწესიც, არ ათავისუფლებს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ ფიზიკურ (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი) თუ იურიდიულ (სამედიცინო დაწესებულება) პირს, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის (პროფესიული მოვალეობის აღსრულება) განხორციელებისას, იხელმძღვანელოს „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული, პაციენტის ჯანმრთლობის დაცვის ძირითადი პრინციპებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 22 თებერვალს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს პაციენტ ვ. ს-ისათვის, შპს ა...ში“ გაწეული (01.08.16 წ. 18:03 - 2.08.16 წ. 20:10 სთ.) სამედიცინო მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად მიჩნევის გამო, მოსარჩელის მიმართ ფინანსური სანქციის 5046 ლარის ოდენობით (პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების - 1682 ლარის სამმაგი ოდენობა) განსაზღვრის კანონიერება და მოპასუხისათვის ექსპერტიზის ხარჯების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო ს...ების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 2​1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე, საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

მითითებული პროგრამა განსაზღვრავს, რომ პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი (იმ პერიოდში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. შემთხვევათა ზედამხედველობა მათ შორის მოიცავს მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო (მუხლი 9). რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა (მუხლი 16).

პროგრამის მე-19 მუხლის (მუხლი 19. საჯარიმო სანქციები) მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის შესაბამისად, პაციენტ ვ. ს-ისათვის, შპს ა...ში“ გაწეული (01.08.16 წ. 18:03 სთ. - 2.08.16 წ. 20:10 სთ.) სამედიცინო მომსახურება არ ჩაითვალა სრულად/ჯეროვნად, რის გამოც მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა ფინანსური სანქცია 5046 ლარის ოდენობით (პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების - 1682 ლარის სამმაგი ოდენობა).

საქართველოს უზენაესი სასამართლო, მისი საკასაციო როლის და მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შემოწმების ფარგლების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საქმეზე ფაქტების დადგენა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პრეროგატივაა, საკასაციო სასამართლო ამოწმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან კანონის გამოყენების და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და კანონთან რელაციის სისწორეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის №ბს-985(კ-20) განჩინება). განსახილველ საქმეში, სადავო საკითხი გამოირჩევა სპეციფიკურობით და დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, რომელიც მოითხოვს შესაბამისი საკითხის სიღრმისეულ და დეტალურ ცოდნას. ასეთ პირობებში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე წარმოდგენილ კვალიფიციურ საექსპერტო დასკვნებს (არსებობის შემთხვევაში), მათ გამოკვლევასა და ურთიერთშედარებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ რეცენზიებსა და სამედიცინო დასკვნებზე:

2017 წლის 08 მაისს საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პროფესორ - ბ. მ-ისა და ზოგადი ქირურგი - ი. კ-ის მიერ გაცემული №01-222 რეცენზიის მიხედვით, „მკურნალობის მეორე ეპიზოდში (01.08.16 წ.) გაწეული სამედიცინო დახმარება იყო ადეკვატური, მაგრამ დაგვიანებული, ვინაიდან სასწრაფო ოპერაცია თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის გამო დაიწყო პაციენტის კლინიკაში შესვლიდან 23 საათში“ (ტ.1 ს.ფ. 101-102).

2017 წლის 20 ივნისს საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პროფესორ - ბ. მ-ისა და ზოგადი ქირურგი - ი. კ-ის მიერ დამატებით გაცემული №01-240 რეცენზიის მიხედვით, როგორც ჩანაწერებიდან ირკვეოდა - მკურნალობის პირველ ეპიზოდში (24.07.16-30.07.16 წ.) სადიაგნოსტიკო ღონისძიებები იყო დანიშნული დროულად და ადეკვატურად. დადგენილი დიაგნოზით: მწვავე პანკრეატიტი (მათ შორის დადასტურებული კომპიუტერული ტომოგრაფიით) მკურნალობა ჩატარდა ადეკვატურად და სრულად პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე. ამ მკურნალობის მეორე ეპიზოდში (01.08.16 - 06.08.16) გაწეული სამედიცინო დახმარება იყო ადეკვატური, მაგრამ დაგვიანებული, ვინაიდან სასწრაფო ოპერაცია თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის გამო დაიწყო პაციენტის კლინიკაში შესვლიდან 23 საათში, რაც საგანგებოდ მითითებული იყო მათსავე პირველ რეცენზიაში. როგორც ჩანაწერებიდან ირკვეოდა ოპერაციის დაგვიანება გამოწვეული იყო მკურნალი ექიმის (თუ ექიმების) მოსაზრებით რომ მოხდა პანკრეატიტის (პირველი დიაგნოზი) გამწვავება, გართულება და შესაბამისად დაიწყო კონსერვატიული მკურნალობა. დინამიკაში დაკვირვებით, მდგომარეობის დამძიმების და გაუარესების შემდეგ გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია, შესაძლებელია სასწრაფოდ გაკეთებული მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც აუცილებელი იყო ურგენტულ სიტუაციაში და მათი დასკვნის საფუძველზე უნდა დაჩქარებულიყო ქირურგიული მკურნალობა. მსჯელობა ეყრდნობოდა სავარაუდო მოსაზრებებს, რის გამოც ობიექტური მიზეზის (თუ მიზეზების) დადგენა თუ რატომ დაგვიანდა ოპერაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის პირველ ეპიზოდში, მოქმედებები (გამოკვლევა, მკურნალობა) იყო დროული, შეუძლებელი იყო. პასუხი მიღებული უნდა ყოფილიყო მკურნალი ქირურგის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სადაც ის დაასაბუთებდა თუ რა მიზეზით დაგვიანდა (ან არ დაგვიანდა) სასწრაფო ოპერაცია (ტ.1 ს.ფ. 96).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე ასევე წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ რეცენზიაში მითითებულ შეფასებებს. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს "ვ...ის" მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული №01-2-/21 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით ა...ში (01.08.2016 - 06.08.2016 წ.) ვ. ს-ის მიმართ წარმოებული ძირითადი კვლევები და სადიაგნოსტიკო პროცედურები ჩატარებული იყო სწორად და ეფექტურად. შესაძლებელი იყო დამატებითი კვლევების ჩატარება - მიმოხილვითი X-ray და კონტრასტული CT, თუმცა ისინიც ნაკლებ ინფორმაციული იქნებოდა დაავადების არატიპიური და არაცხადი კლინიკური მიმდინარეობის გამო, ვინაიდან სახეზე იყო თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლულის უკანა და არა წინა კედლის პერფორაცია, რომელიც როგორც წესი იძლევა მკაფიო და სწრაფ კლინიკურ სურათს (ძლიერი უეცარი ტკივილი, პერიტონიტი, თავისუფალი აირი მუცლის ღრუში და ა.შ.). ამავდროულად გასათვალისწინებელი იყო ერთი კვირით ადრე დადასტურებული და გადატანილი მწვავე პანკრეატიტი, რის გამოც პაციენტს უკვე ჩატარებული ჰქონდა მკურნალობა იმავე სამედიცინო დაწესებულებაში. ოპერაციული ჩარევები წარმოებული იყო ადექვატურად, სათანადო მასშტაბით და მოცულობით. პირველი ოპერაცია ჩატარებული იყო ჰოსპიტალიზაციიდან 23 საათში, ხოლო პაციენტის მდგომარების გაუარესების და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ 6 საათში, რაც შეესაბამებოდა 2013 წლის 19 ივნისის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ დანართი №2 - სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაციის შესახებ, რომლის მეორე პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენციის გადაწყვეტილება (რომელსაც მიეკუთვნებოდა აღნიშნული შემთხვევა) უნდა ყოფილიყო მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობის დასრულებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, პროფესორმა - ბ. მ-ემ განმარტა შემდეგი „რეცენზია იწერება ექიმებისათვის. გადაუდებელი დახმარება, სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, ხორციელდება 2-6-8-24 საათში. ცნობილია, რომ რაც უფრო დაგვიანებულია მკურნალობა, მით უფრო დიდი რისკია დაავადების გართულების. პაციენტის კლინიკაში შესვლიდან 23 საათში ჩატარებული ოპერაცია 24 საათიან ვადაში იყო ჩატარებული. პაციენტ ვ. ს-ისათვის 23 საათში ჩატარებული ოპერაცია ექიმების გულგრილობად ვერ იქნებოდა მიჩნეული, რადგან პაციენტის დაავადების მიმდინარეობა იყო შენიღბული პანკრიატიტით, სულ სხვა დაავადებით, თუმცა ეს ორივე დაავადება ანატომიურად ერთ ზონაში იყო, რაც აძნელებდა გამიზნულ დიაგნოსტიკას. ბ. მ-ემ აჩვენა, რომ მას, როგორც რეცენზენტს, არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა არც სამკურნალო დაწესებულების მიმართ და არც ექიმების მიმართ. პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, პირველი დაავადების მკურნალობა იყო სწორი, რაც გამოიხატა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სახლში გაწერაში. რაც შეეხება პაციენტის მეორე მიმართვას კლინიკისადმი, პანკრეატიტს ჰქონდა რეციდივი, შესაძლებელი იყო დაავადების განმეორება მკურნალობის მიუხედავად. ვ. ს-ისათვის ოპერაცია დაგვიანებული იყო იმიტომ, რომ შენიღბული იყო კლინიკური მიმდინარეობა დაავადებისა და გასარკვევი იყო თუ რომელი დაავადება ჰქონდა პაციენტს, ამ შემთხვევაში ექიმის ბრალეულობა, ექიმის დაგვიანება არ იყო სახეზე, სწორი დიაგნოსტირებისათვის საჭირო იყო ის დრო რაც გასული იყო ოპერაციის ჩატარებამდე და შესაძლოა 2 დღეც კი დასჭირდეს დაავადების დაზუსტებას, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას. მოწმემ მიუთითა, რომ მეორე ჰოსპიტალიზაციაში დაავადება რომ ყოფილიყო პანკრეატიტი და გაკეთებულიყო ოპერაცია, პაციენტი რომც გადარჩენილიყო, მაინც იქნებოდა ექიმების შეცდომა. ვ. ს-ისათვის 23 საათზე ადრე ოპერაციის ვერ გაკეთდებოდა ვერანაირად, დაგვიანება არ იყო არც კლინიკისა და არც ექიმების ბრალი. ისეთი ორი მაკონკურირებელი დაავადება იყო, რომლებიც საჭიროებდა სკურპულოზურ განცალკევებას ერთმანეთისაგან, მაშინ როდესაც პანკრეასი და თორმეტგოჯა ნაწლავი ანატომიურად უახლოესად არიან ერთმანეთთან. პანკრეასის ანთებისას კატეგორიულად იკრძალება დანის მიკარება განსხავებით პერფორაციისაგან“.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ი. კ-ე, რომელმაც განმარტა, რომ მართალია რეცენზიაზე მისი ხელმოწერა იყო, თუმცა განსახილველ საკითხზე ვერ გააკეთებდა შესაბამის განმარტებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე სამედიცინო შეფასებები, რომელთაგან ერთი ნაწილი მიუთითებს ექიმის/სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მიწოდებული სამედიცინო სერვისის დაგვიანებაზე/არაჯეროვანებაზე, ხოლო მეორე ნაწილი გაწეული მკურნალობის ჯეროვანებაზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსხვავებული დასკვნების არსებობის პირობებში, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი - შპს „ვ...ის“ №01-2-/21 დასკვნა მომზადებულია 2017 წლის 14 აგვისტოს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის მიღების შემდგომ და 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში არ არის შეფასებული აღნიშნული დასკვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი გამოირჩევა სპეციფიკურობით და დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, რომელიც მოითხოვს შესაბამისი საკითხის სიღრმისეულ და დეტალურ ცოდნას, ხოლო სადავო აქტი არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას (ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - CASE OF LOPES DE SOUSA FERNANDES v. PORTUGAL (Application no. 56080/13), § 198-199.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს) გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შპს „ა...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯები მოიცავს სასამართლოს ხარჯებს და სასამართლოს გარეშე ხარჯებს, სასამართლოს ხარჯი კი მოიცავს სახელმწიფო ბაჟს და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯია ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები. საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ,,ვ...ი“-სა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 26 ივლისს დადებული ხელშეკრულება №07/12. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 750 ლარს. ამდენად, მოპასუხეს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

ასევე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელზე 2017 წლის 08 სექტემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 151,40 (ას ორმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც 51.40 ლარი არის ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა და ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №კ/რ-901-84 რევიზიის აქტი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №02/54082 გადაწყვეტილება;

6. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შპს „ა...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

7. შპს „ა...ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2017 წლის 08 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 151.40 (ას ორმოცდათერთმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარიდან (საგადასახადო დავალება №1, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), ზედმეტად გადახდილი თანხა - 51.41 (ორმოცდათერთმეტი ლარი და 41 თეთრი) ლარი;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი