№ბს-155(კ-23) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჯ-ე, ტ. შ-ა, ტ. ჯ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ჯ-ემ, ტ. შ-ამ და ტ. ჯ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1638/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ჯ-ეის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ეის, ტ. შ-ასა და ტ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1638/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მოსარჩელე ზ. ჯ-ეის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ზ. ჯ-ეს შევსებული ჰქონდა განაცხადი მშობლებთან (ტ. შ-ა და ტ. ჯ-ე) ერთად. მონიტორინგი თავდაპირველად განხორციელდა 2021 წლის 23 იანვარს, განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - თბილისი, ...ის გამზ. №..., თუმცა მისამართზე მისულ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ზ. ჯ-ე და მისი ოჯახის წევრები არ დახვდნენ. აღნიშნული გარემოების გამო დაუკავშირდნენ მოსარჩელეს, რომელმაც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ...ში, ...ს ქუჩა №...-ში, კერძო სახლში და ითხოვა, რომ მონიტორინგი ჩატარებულიყო აღნიშნულ მისამართზე. 2021 წლის 26 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ..., ...ს ქ. №67ბ, ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ მოსარჩელის დედა - ტ. შ-ა, რომელმაც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს განუმარტა, რომ 1 წელია აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ. თავად ზ. ჯ-ე სახლში არ დახვდათ. მოსარჩელის დედამ განაცხადა, რომ მეორე შვილი - ზვ. ჯ-ე ცხოვრობდა საკუთარ სახლში, მითითებულ მისამართზე: ...ს ქუჩა, ... ჩიხი, №19. 2021 წლის 26 მარტს მონიტორინგი განხორციელდა ასევე ზ. ჯ-ეის ძმის - ზვ. ჯ-ეის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც იმყოფებოდა ზ. ჯ-ე მამასთან ერთად. მათ განაცხადეს, რომ სტუმრად იყვნენ, ხოლო დედა - ქალაქგარეთ, ძმა - სამსახურში, ძმისშვილი კი - საბურთალოზე, სკოლაში. ზვ. ჯ-ე პერიოდულად ცხოვრობდა სიდედრთან, ...ის მოედანზე.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საცხოვრებელთან დაკავშირებით და შემდეგ ძმის საკუთრებაში გადავიდა. ვინაიდან აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ძმას საკუთრებაში ჰქონდა მოსარჩელეს არც ქირის გადახდა უწევდა. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელმაც 2021 წლის 2 აპრილს (ოქმი №19) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.
კასატორის განმარტებით, სამინისტრომ/სააგენტომ სრულად შეასრულა მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულება, სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით მოსარჩელეთათვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელეები - ზ. ჯ-ე, ტ. შ-ა და ტ. ჯ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. იძულებით გადაადგილებამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო აფხაზეთი, გალი, ...ს ქუჩა №29. დროებითი საცხოვრებელი, რეგისტრაციის ადგილია თბილისი, საბურთალო, ...ს ქ. №25. ტ. ჯ-ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით, ზ. ჯ-ეის ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 66960, საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...ს ქ. №67ბ. ოჯახის შემადგენლობა: ზ. ჯ-ე, ტ. შ-ა, ტ. ჯ-ე (ს.ფ. 12-14, 126); ბ) ზ. ჯ-ემ, მშობლებთან - ტ. ჯ-ესა და ტ. შ-ასთან ერთად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განცხადების თანახმად, ოჯახის საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ...ს ქუჩა №41. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, ზ. ჯ-ეს ჰყავს ძმა - ზვ. ჯ-ე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში. ზ. ჯ-ეის ოჯახი შედგება 3 წევრისაგან: ზ. ჯ-ე და მისი მშობლები - ტ. შ-ა და ტ. ჯ-ე. ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით: 1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები; 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან; 2 ქულა - ტ. ჯ-ე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ს.ფ. 15-16, 47-60); გ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 26 იანვარს, მისამართზე: თბილისი, ..., ...ს ქ. №67ბ. მისამართზე იმყოფებოდა ტ. შ-ა, რომლის განმარტებით, ზ. ჯ-ე იყო სამსახურში (არის მობილურების ხელოსანი), ტ. ჯ-ე იმყოფებოდა დაკრძალვაზე. აღნიშნულ მისამართზე ერთი წელია ცხოვრობენ ქირით, ჰყავს კიდევ ერთი შვილი - ზვ. ჯ-ე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...ს ქ. ... ჩიხი, №19 (ს.ფ. 71-74). დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, 2021 წლის 26 მარტს ზ. ჯ-ეის ოჯახის დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგი განხორციელდა განმცხადებლის ძმის - ზვ. ჯ-ეის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ...ს ქ. ... ჩიხი, №19. მისამართზე იმყოფებოდნენ ზ. ჯ-ე და ტ. ჯ-ე, რომელთა განმარტებით, სტუმრად იყვნენ, ხოლო ზვ. ჯ-ე იმყოფებოდა სამსახურში (ს.ფ. 75); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის თანახმად, კომისიამ, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, ზ. ჯ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1638/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. ჯ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო (ს.ფ. 76-82); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ზ. ჯ-ეის, ტ. ჯ-ეისა და ტ. შ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 127-129); ვ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზვ. ჯ-ემ განმარტა, რომ მოსარჩელეები - ტ. შ-ა და ტ. ჯ-ე - არიან მისი მშობლები, ზ. ჯ-ე კი - ძმა. ვინაიდან მშობლები არიან ხანდაზმულები, თავის საცხოვრებელთან ახლოს უქირავა ბინა, თავად კი შვილთან, მეუღლესა და სიდედრთან ერთად ცხოვრობს იმავე ქუჩაზე. ოჯახებს ერთმანეთთან აქვთ ხშირი კომუნიკაცია. მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტისას მასთან სახლში იმყოფებოდნენ ტ. და ზ. ჯ-ეები, ხოლო დედა ნაქირავებ ბინაში იყო; ზ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. მ-იმა განმარტა, რომ ცხოვრობს ...ს ქუჩაზე მეუღლესთან ერთად. საცხოვრებელი არის ორსართულიანი, მეორე სართულზე თავად ცხოვრობენ, ხოლო პირველი სართული 2019 წლიდან 300 ლარად აქვს გაქირავებული ჯ-ეების ოჯახზე;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6, რომლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8. დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი №7) „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელეთა მიერ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების შესახებ, კერძოდ, კასატორის მითითებით მოსარჩელის ოჯახის ცხოვრობს ზ. ჯ-ეის ძმის - ზვ. ჯ-ეის კუთვნილ უძრავ ქონებაში, ქირის გარეშე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მონიტორინგის მომენტში პირი არ იმყოფებოდა მუდმივ საცხოვრებლად არჩეულ ადგილას, ვერ იქნება მიჩნეული საცხოვრებელთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებად და მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდება მოსარჩელის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააგენტოს მიაწოდა არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრისზე.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის არსებით გარემოებას არ წარმოდგენს დევნილის ქირით ცხოვრების დადასტურება. როგორც სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული, ასევე დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ითვალისწინებს 1.50 ქულის მინიჭების შესაძლებლობას თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში ქირით ან ქირის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე