საქმე №ბს-3(კ-23) 01 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ჯ-ა
მესამე პირები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჯ-ამ 2019 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის სახით - 80 331 ლარის, მათ შორის 10 000 ლარის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის და მორალური ზიანის - 30 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის, 65 264,87 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1 000 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორის, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ განჩინება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაშიც კი აღნიშნულს ადგილი არ ქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/3/601) მითითებით აღნიშნავს, რომ პირის გამართლება არ უნდა გაიგივდეს სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ყველა ქმედების არამართლზომიერად ცნობად, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.
კასატორის წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის 3 000 ლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, მორალური ზიანის ბუნების მიხედვით, თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ფულადი ანაზღაურების მიკუთვნებას, იგი უნდა შეფასდეს თანასწორ საფუძვლებზე, იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა სასამართლო პრაქტიკა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განჩინებაში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია და უნდა გაუქმდეს.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხს, კასატორი აღნიშნულსაც არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა სასამართლო განჩინებითა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ამასთან, მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო, რაც გამორიცხავს პროკურატურის პასუხისმგებლობას მოსარჩელისათვის ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავლის შესახებ. სარჩელს არ ერთვის მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენების პროცესში პროკურატურის უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება მატერიალური ზიანის მიყენების თაობაზე, ასეთი მტკიცებულების წარდგენა კი მოსარჩელეს ევალებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეა ვალდებული მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება უსაფუძვლოა. მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.
მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებას ითხოვდა უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, შესაბამისად უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა მარეაბილიტირებელი საფუძველი და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ფაქტი ზიანის წარმომშობ გარემოებას.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2015 წლის 25 მარტს ე. ჯ-ა ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 3 აპრილის №721966 ბრძანებით შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი ე. ჯ-ა გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე 2015 წლის 25 მარტიდან. ბრძანების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში პირის ბრალდებულად ცნობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პირდაპირ უკავშირებს პირის თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით, ე. ჯ-ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის № MIA 6 19 00169618 ბრძანებით, თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციის კაპიტანი ე. ჯ-ა აღდგენილი იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივების თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ე. ჯ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სახეზეა ე. ჯ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებული იქნა სწორედ მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო, შესაბამისად, ცალსახაა პირდაპირი კავშირის არსებობა მოსარჩელის მიუღებელ შემოსავალსა და უკანონო ბრალდებას შორის - რომ არა მის მიმართ ნაწარმოები სისხლისსამართლებრივი დევნა, ე. ჯ-ა არ იქნებოდა თანამდებობიდან გათავისუფლებული და მიიღებდა ხელფასს. ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა მატერიალური ზიანის, კერძოდ, ხელფასის, როგორც მიუღებელი შემოსავლის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. აღსანიშნავია, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სახელფასო განაცდურის დაანგარიშებას.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრალეულობა არ იკვეთება, ვინაიდან იგი გათავისუფლდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. როგორც უკვე აღინიშნა, როდესაც სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად აუნაზღაურდება პირს მიყენებული ზიანი, შესაბამისად პროკურატურის ორგანოების ქმედებების კანონიერებაზე კასატორის მითითება ირელევანტურია.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022 წ.).
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, ე. ჯ-ასთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისათვის სამუშაოს თუნდაც დროებითი დაკარგვა, იმ განცდების გათვალისწინება, რომლებიც თან ახლავს უკანონო ბრალდებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 3 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.), რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე (სუსგ. 14.07.2016წ. საქმეზე №ბს-776-768(2კ-4კს-15). აღსანიშნავია ისიც, რომ საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც ითვალისწინებს (260.1 მუხლის ,,ი“ ქვ.).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ ნაწარმოები სისხლისსამართლებრივი დევნიდან გამომდინარე, რათა მისის უფლებები დაეცვა ეფექტურად, იძულებული იყო მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი გაწეულ დანახარჯებსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. წარმომადგენლის, კერძოდ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლსი საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება ე. ჯ-ასთვის ადვოკატების მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, აგრეთვე დაცულია მათ შორის დადებული ხელშეკრულებები და ე. ჯ-ას მიერ მათთვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები. ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვრის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სრულად შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის დასაბუთებას. დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა შეესაბამება გაწეულ საადვოკატო მომსახურებას. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის. ამდენად, კასატორის წარმომადგენლის მსჯელობა მოცემულ საკითხზეც არ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა