საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-393(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შ.ი-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 აგვისტოს შ.ი-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 9 ივლისის MES 7 20 0000581862 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისათვის შპს ბ...ის მიერ შ.ი-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის BIU №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შ.ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შ.ი-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით შ.ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.ი-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და დარგის მარეგულირებელი ნორმების უგულებელყოფით წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებაა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სამსახურში დასაქმების მოპოვებული უფლების შეზღუდვის საფუძველი, ამასთან აღნიშნული გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საფუძვლად დაედოს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმას, თუ სასამართლო დაასაბუთებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“. ამდენად, სადავო შემთხვევის მიმართ უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის პრინციპი, რადგან სტუდენტი ენდობოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერებას, მისი სწავლის პერიოდში დაწესებულებამ მოიპოვა ლიცენზია და ითვლებოდა აკრედიტებულად, შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა გაცემული დიპლომის შედეგების შენარჩუნების ლეგიტიმური მოლოდინი და განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, ეწევა პროფესიულ საქმიანობას.
კასატორის მითითებით, დიპლომი გაიცა 2011 წლის 27 ივნისს, ხოლო დიპლომის დადასტურებაზე უარი ეთქვა 2020 წლის 18 ივლისს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული ორგანო და ამავდროულად პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები, ფაქტობრივად, აუქმებენ 9-10 წლის წინ წარმოშობილ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებულ სამართლებრივ შედეგს (აკადემიური ხარისხის მინიჭებას). დროის ასეთი მონაკვეთის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგების გაუქმება - დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში სამართლებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის პრინციპს, რაც გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება არსებითად დაარღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც არსებობდა სამართლებრივი შედეგი და ის გარემოება, რომ არსებითად არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, უნდა იქცეს კანონიერი ნდობის დაცვის საფუძვლად.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შ.ი-ე, როგორც სტუდენტი, ინფორმირებული იყო, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის სამომავლოდ აუცილებელი გახდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ხსენებულ გამოცდებში 2007 წელს მიიღო მონაწილეობა და მიღებული შეფასების შესაბამისად მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება შპს ,,ბ...ში“ ბიზნესის, სამართლის, ჯანდაცვისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც წარადგინა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის და შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი, ე.წ. საგამოცდო ფურცელი. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაცხადის მიღების ეტაპზე მოითხოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დოკუმენტი - საგამოცდო ფურცელი, რის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და მას წარმოეშვა კანონიერი ნდობა, რომ მის მიერ გავლილი კურსის დასრულებისას მიღებული დიპლომი იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კანონმდებლობასთან, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტებული იყო სახელმწიფოს მიერ. კასატორის განმარტებით, არ ჰქონია განზრახვა, რომ ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენის, ზეწოლის, მოტყუების, ქრთამის მიცემის და სხვა არაკანონიერი გზებით სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შპს ბ...ში არაერთი სტუდენტი სწავლობდა, რომლებმაც დაამთავრეს ხსენებული უმაღლესი სასწავლებელი და ამჟამად სახელმწიფო, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, ასევე საერთო სასამართლოების სისტემაში, ასევე არასახელმწიფო ორგანოებში და ორგანიზაციებში მსახურობენ. თავად კასატორი მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ...ის პოზიციებზე, ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით შ.ი-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ შ.ი-ე 2007 წლის 27 სექტემბერს №39 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა არაავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - შპს „ბ...ში“. შპს „ ბ...მა“ 2011 წლის 29 სექტემბერს შ.ი-ის სახელზე გასცა დიპლომი BIU №... (რეგისტრაციის ნომერი ...), რომლის თანახმად, „ბ...ის“ ბიზნესის, სამართლის, ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შ.ი-ეს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. 2020 წლის 9 ივნისს შ.ი-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს „ბ...ის“ მიერ მის მიმართ 2011 წელს გაცემული BIU №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 9 ივლისის MES 7 20 0000581862 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენდა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა. 2007 წელს შ.ი-ე შპს „ბ...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ამდენად, შპს „ბ...ში“ შ.ი-ის მიერ სწავლის პერიოდი, მიღებული განათლება და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის BIU №... დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის (2007 წლის 27 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს. მე-10 პუნქტის თანახმად კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა. ანალოგიურ დებულებას შეიცავდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 28.03.2005წ. N127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულების (ძალადაკარგულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 18.02.2011წ. N19/ნ ბრძანებით) მე-3 მუხლი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება 2005-2006 სასწავლო წლიდან. ამდენად, ხსენებული პერიოდიდან პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა დასაშვები იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გზით. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 29 აგვისტოს MES 7 20 0000741666 წერილით დასტურდება, რომ 2007 წელს შ.ი-ე შპს „ბ...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს შ.ი-ის მიერ მიღებული განათლების და, შესაბამისად, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის აღიარების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ შ.ი-ეს სტუდენტის სტატუსი არ მოუპოვებია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ დასტურდება სადავო აქტის გამოცემა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როდესაც შ.ი-ემ არ დაიცვა კანონმდებლობის მოთხოვნები - ერთიანი ეროვნული გამოცემის ჩაბარების შედეგად ვერ მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, გამოირიცხება მისი კანონიერი ნდობა მის მიერ მიღებული განათლების აღიარებისა და დიპლომის ნამდვილობის თაობაზე (იხ. სუსგ №1014(კ-20), 13.05.2022წ.; სუსგ №ბს-924(კ-20), 2.06.2022 წელი).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტით მისი შრომის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელია ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარების გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შ.ი-ის საკასაციო საჩივარზე 07.04.2022წ. №28518754 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. შ.ი-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.04.2022წ. №28518754 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა