Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-647(2კ-21) 7 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ბ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ც-ე

სარჩელზე მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია; რ. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 5 აპრილს მ. ც-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის, რ. ც-ისა და ბ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის მ. ც-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილება რ. ც-ის სახელზე ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის, ს/კ ... რეგისტრაციის თაობაზე მ. ც-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებთან ზედდების, კერძოდ, 390.62 კვ.მ-ის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილება ბ. კ-ის სახელზე ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის, ს/კ ... რეგისტრაციის თაობაზე მ. ც-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებთან ზედდების, კერძოდ, 115.08 კვ.მ-ის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ემ, რ. ც-ემ, ბ. კ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. ც-ის, რ. ც-ის, ბ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ც-ემ და ბ. კ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით რ. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

კასატორის - ბ. კ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონოდ ლახავს მის საკუთრების უფლებას. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, ზედდებაში მოხვედრილი ბ. კ-ის საკუთრებაში არსებული 115.08 კვ.მ მიწის ნაკვეთი როდის იყო მ. ც-ის მართლზომიერ მფლობელობაში. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა 1634 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, თავად მოსარჩელეს არ აქვს უტყუარი ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილას უფლების დამადასტურებელი რომელი დოკუმენტით უნდა მოხდეს მოთხოვნის წარმოდგენა და სად მდებარეობს მისთვის გადაცემული და მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი ის აქტები, რომლებითაც დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა იმ დასაბუთებით, რომ ისინი არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამგვარი დასაბუთების პირობებში, სასამართლომ მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, როდესაც რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტები (მათი ბათილად ცნობის მოთხოვნის პირობებში) არ ცნო ბათილად.

ბ. კ-ის განმარტებით, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზედდების ნაწილში ბათილად ცნობის პირობებში, მას ეზღუდება უფლება - სრულყოფილად გამოიყენოს კანონიერ ძალაში მყოფი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან ფიზიკურად აღარ არსებობს მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც განხორციელდა საკუთრების რეგისტრაცია. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მას გაურკვეველი მიზეზით გაუუქმდა 115,08 კვ.მ-ზე საკუთრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა ლ. კ-ემ, რომელმაც წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, საკომლო წიგნის ამონარიდი, სატყეო ფონდი) მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... მიმართვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნა ლ. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ამასთან ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 27 იანვრის №00010 ოქმით - ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში, კ-ეების უბანში მდებარე ლ. კ-ის მიწის ნაკვეთის, რომელიც მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №781 აქტით არის 899.96 კვ.მ, აზომვითი ნახაზის მდებარეობა და ფართობი შესაბამისობაშია პირველად დოკუმენტთან, მხოლოდ ნახაზის კონფიგურაცია არის ოდნავ შეცვლილი. რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებით ლ. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 900 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №01/2, №02/1, ს/კ-ით ... თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ბ. კ-ის სახელზე; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2018 წლის 3 იანვრის №33/487 საარქივო ცნობა.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ხსენებული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, მათ შორის, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (16.1 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ა „ს...ის“ თავმჯდომარის - ნ. წ-ის, ბუღალტერ ზ. კ-ის, საწყობის გამგე გ. ბ-ის, სოფლის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის - ბ. წ-ის, სოფლის საკრებულოს გამგებელ ტ. ა-ის, სოფლის კულტურის სახლის გამგის - ე. კ-ისა და სოფლის მიწის რეფორმის კომისიის წევრის - ნ. მ-ის მიერ 1993 წლის 3 სექტემბერს შედგენილი აქტით დაკმაყოფილდა ამავე სოფლის მკვიდრ მ. ც-ის განცხადება საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ და მ. ც-ეს მიეზომა ყოფილი ...ის ეზო 2538 კვ.მ და მიმდებარე ტერიტორია 1634 კვ.მ, რომელზეც იდგა საწყობის შენობა. ამავე აქტით დადგინდა, რომ საწყობის შენობის გაყიდვას განახორციელებდა ...ა „ს...ის“ ხელმძღვანელობა, ხოლო განთავისუფლებულ ფართს დაიკავებდა მ. ც-ე. აღნიშნული აქტი დამტკიცებულია იმდროინდელი სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის - ტ. ა-ის მიერ.

მ. ც-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ ...ის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის 1998 წლის 31 ოქტომბრის №55 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მ. ც-ემ 1993 წლის მარტის თვეში სოფლის გამგეობას და რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ყოფილი ს...ის ...ის ეზოს ტერიტორიიდან საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსება. კომისიამ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნული ტერიტორიიდან მიუზომა საკარმიდამო ნაკვეთში 2538 კვ.მ, ხოლო იმავე ეზოში დარჩენილი ტერიტორია - 1634 კვ.მ არ მიუზომა იმ მიზეზით, რომ იმ დროისთვის ხსენებულ ტერიტორიაზე იდგა სასუქის საწყობის შენობა და აქტში დაფიქსირდა, რომ აღნიშნული ადგილი მოქალაქე მ. ც-ეს მიეზომებოდა შენობის გაყიდვის ან სხვა მიზეზით მისი დაშლის შემთხვევაში. ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ამავე სოფლის ყოფილი ...ის ეზოში არსებული სასუქის შენობა ჩამოეწერა, როგორც შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისი. ტერიტორიის გათავისუფლების გამო მიწის ნაკვეთი გადაეცა მოსარჩელეს, მიწის მართვის სამმართველოს კი ეთხოვა, რომ გათავისუფლებული 1634 კვ.მ მიწის ფართი შეეყვანათ მ. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთის ზომაში საზღვრების სრული დაცვით.

2016 წლის 5 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ც-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2913.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (№01 და №05/1), ს/კ ...; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის ნაკვეთის №1582 მიღება-ჩაბარების აქტი და 2013 წლის 12 აპრილის №AA2013012825-03 საარქივო ცნობა.

2018 წლის 23 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ. ც-ემ და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა ზესტაფონის სოფელ ...ში მდებარე 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №... წერილის თანახმად, №... განაცხადზე თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით და ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილი უძრავი ნივთი (მისამართი: ზესტაფონი, სოფ. ...ი) ზედდებაშია ... საკადასტრო კოდით რეგიტრირებულ უძრავ ნივთთან (მესაკუთრე: ბ. კ-ე; ზედდების ფართი: 115.08 კვ.მ).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დართულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის №006211518 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, №181 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტში (გაცემული ფ. კ-ეზე, სოფელი ...ი) ასახული მიწის ნაკვეთი №1 (ეზო სახლით), არ არის იდენტური საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. კ-ის (ფ. კ-ის ცოლი) მიერ უძრავი ნივთის რეგისტრაციისათვის 2016 წლის 18 ნოემბერს წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების ს/კ ..., მესაკუთრე ბ. კ-ე), კერძოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთების ზონა (ზესტაფონი), სექტორი (...ი) ფართობი და მოსაზღვრე სუბიექტები სამხრეთ მხარეს შეესაბამება, ხოლო კონფიგურაცია, მოსაზღვრე სუბიექტები ჩრდილოეთ მხარეს და საზღვრის ზომები არ შეესაბამება ერთმანეთს. მიწის ნაკვეთების მდებარეობის, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მოსაზღვრე სუბიექტების, გარდატეხის წერტილების კოორდინატების, კვარტლის და ნაკვეთის შედარება ტექნიკურად შეუძლებელია.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ბ. კ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოპასუხე მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია საგანთა ნამდვილი მდგომარეობა, რამაც, კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია ის, რომ სახეზე არ არის ამ საგანთა რეგისტრირებულ მონაცემებთან თანხვედრა, რაც დასტურდება საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს და გამიჯნავს შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ეფუძნება უშუალოდ ამ რეგისტრაციის უკანონობას, იმ ვითარებას, როდესაც მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევებს, როდესაც სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას დაშვებულია შეცდომა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ბ. კ-ის ოჯახისათვის (ფ. კ-ეზე) №181 მიღება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, არამედ სადავოა მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ადგილმდებარეობა(კონფიგურაცია), რამაც გამოიწვია მ. ც-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთთან ზედდება, რაც განაპირობა, საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაშვებულმა შეცდომამ. მარეგისტრირებელმა ორგანომ ყურადღება არ მიაქცია საკუთრებაში გადაცემული და დასარეგისტრირებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებას და ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბ. კ-ის ოჯახს ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის ეზო საკუთრებაში არ გადაცემია.

აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო აფუძნებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. ც-ე ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში დღემდე ფლობს და სარგებლობს ამავე სოფლის ყოფილი ...ის ეზოს სრულ ფართს (2538+1634). მათ შორის სარეგისტრაციოდ წარდგენილ, სადავო 1634 კვ.მ-ს, რომელზეც განთავსებულია ყოფილი ...ის შენობა. მიწის ნაკვეთი შემოღობილია და უძრავ ნივთს იყენებს შეხედულებისამებრ. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ფაქტს მოპასუხეები - რ. ც-ე და ბ. კ-ე სადავოდ არ ხდიან, ხოლო მოპასუხე საჯარო რეესტრის სააგენტოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნია 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დოკუმენტი, ხოლო მოსარჩელე მ. ც-ის იურიდიული ინტერესი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისადმი მდგომარეობს მასში, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს საჯარო რეესტრში (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება გვ. 28).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამატებითი, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოაღნიშნული გარემოების სარწმუნოობას, ვერ წარმოადგინა.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთის დეფინიციაზე და მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთის მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს მართლზომიერი ფლობის ფაქტი. მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მ. ც-ეს გააჩნდა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სახეზეა მასზე გადაცემული სადავო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების რეალური და სამართლებრივი შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

განსახილველ შემთხვევაში, ბ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადოდ და სრულყოფილად გამოკვლევას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, გაერკვია 1993 წლის 3 სექტემბერს შემდგარი აქტი და 1998 წლის 31 ოქტომბრის №55 გადაწყვეტილება რამდენად იყო შესაბამისობაში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონთან და წარმოადგენდნენ თუ არა აღნიშნული დოკუმენტები საკუთრების უფლების და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს და დაედგინა მ. ც-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. აღნიშნული შესაძლებელი იყო ადგილის დათვალიერებით, შესაბამისი არქივიდან მასალების გამოთხოვით, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მფლობელთა/მესაკუთრეთა გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით და ა.შ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ერთი და იმავე ქონების სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე გადაცემის შემთხვევა და დავის გადაწყვეტის მიზნით, სადავო მიწის ნაკვეთზე უკეთესი უფლების დადგენის საჭიროება, რამეთუ დავას არ იწვევს ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ის ყოფილი ...ის ეზოს მოსარჩელისადმი გადაცემის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1993 წლის 3 სექტემბერს შედგენილი აქტით დაკმაყოფილდა ამავე სოფლის მკვიდრ მ. ც-ის განცხადება საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ და მ. ც-ეს მიეზომა ყოფილი ...ის ეზო 2538 კვ.მ და მიმდებარე ტერიტორია 1634 კვ.მ, რომელზეც იდგა საწყობის შენობა. ამავე აქტით დადგინდა, რომ საწყობის შენობის გაყიდვას განახორციელებდა ...ა „ს...ის“ ხელმძღვანელობა, ხოლო განთავისუფლებულ ფართს დაიკავებდა მ. ც-ე. მ. ც-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ ...ის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის 1998 წლის 31 ოქტომბრის №55 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მ. ც-ეს სოფელ ს...ის ...ის ეზოს ტერიტორიიდან მიეზომა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დარჩენილი ტერიტორია 1634 კვ.მ. 1998 წლის 31 ოქტომბრის №1582 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ მ. ც-ეს საკუთრების უფლებით გამოეყო და გადაეცა ყოფილი ...ის ეზო საერთო ფართით 0.42 ჰა. ასევე დადგენილია, რომ ბ. კ-ის ოჯახს 1995 წლის 25 თებერვლის №181 მიღება-ჩაბარების აქტით მიეზომა ...ის (ყოფილი ...ის) მომიჯნავედ მდებარე ეზო და არა თავად ...ის ეზოს ტერიტორია. საკასაციო სასამართლო აქვე ხაზგასმით აღნიშნავს და განუმარტავს კასატორს, რომ რეგისტრაციის შესახებ გადწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უფლებადამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის გარეშე არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას, უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან განსახილველ შემთხვევაში, დავას იწვევს არა ბ. კ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტები, არამედ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლე ასევე მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის №... მიმართვით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად კომისიას გადაეგზავნა მ. ც-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელი ...ი. კომისიამ კი 2018 წლის 5 მარტის №118 განკარგულებით მ. ც-ეს უარი უთხრა 730.64 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 82.91 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია. უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელის განცხადების საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნამდე უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მ. ც-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ხომ არ მიეკუთვნებოდა სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება, რასაც განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეფასება არ მისცემია. აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანომ მიიღო მოპასუხე - ბ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მ. ც-ის სარეგისტრაციო განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაცული არ ყოფილა ზემოთ მოხსენიებული საკანონმდებლო მოთხოვნები, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-98-ე მუხლების დანაწესი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც არსებობს რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მ. ც-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1634 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო მონაცემებთან 115.08 კვ.მ-ის ზედდების ნაწილში ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული საფუძველი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ბ-ის მიერ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 29.07.2021წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება.

3. დ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 29.07.2021წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა



მ. ვაჩაძე



გ. მაკარიძე