Facebook Twitter

№5801-13 16 მარტი, 2013 წელი

ჩ-ი ი., 5801-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ე. ფ-ის

მსჯავრდებულ _ ი. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენით ი. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 8 წლით, 273-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით შეიცვალა: ი. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 8 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი – 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ი. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი, 7 თვე და 15 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო დარჩენილი 3 წელი, 4 თვე და 15 დღე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა და მისთვის პირობითი სასჯელის – 2 წლის, 4 თვისა და 8 დღის, 3 წლის, 4 თვისა და 8 დღის გამოსაცდელი ვადით განსაზღვრა 2013 წლის 8 თებერვლიდან იმ მოტივით, რომ მან რეალური სასჯელიდან მოიხადა 7 თვითა და 22 დღით მეტი, ამიტომ ეს დრო უნდა გამოაკლდეს 3 წლით პირობით სასჯელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ჩ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ი. ჩ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, 3 წელი, 3 თვე, 23 დღე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 8 თვე და 7 დღე, 3 წლის, 5 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი, 3 თვე, 23 დღე ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 8 თვე და 7 დღე, 3 წლის, 5 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე