Facebook Twitter

№5811-13 20 მარტი, 2013 წელი

ტ-ი მ., 5811-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ს. შ-ას

მსჯავრდებულ _ მ. ტ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განაჩენით მ. ტ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, მე–2 ნაწილის „ე“, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 16 წლით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით და 3 თვით; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით; სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 1500 ლარი; საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ტ-ს განესაზღვრა 38 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4.000 ლარი;

მ. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. ტ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ტ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან;K

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე მ. ტ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი – 16 წელი და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მ. ტ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი – 10 წელი, 3 თვე და განესაზღვრა 7 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და განესაზღვრა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ტ-ს სასჯელად განესაზღვრა – 20 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ მ. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 სექტემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მ. ტ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ამნისტიის აქტის შეხება დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ 30 წელზე და არა – სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ 38 წელსა და 3 თვეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-7 მუხლებით, როდესაც მ. ტ-ი გაათავისუფლა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან, რადგან აღნიშნული მუხლები ეკუთვნის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და მათი ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ნასამართლობის არმქონე პირი. რაც შეეხება 19, 109-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით ჩადენილი დანაშაულებისთვის დანიშნულ სასჯელებს, სასამართლომ ესეც კანონიერად გაუნახევრა ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით და მ. ტ-ს 1/4-ით შეუმცირა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელები, რადგან ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის დროს, მართალია, მსჯავრდებული არ იყო ნასამართლევი პირი, მაგრამ აღნიშნული დანაშაულები მიეკუთვნება დანაშაულთა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი −მე-15 მუხლების მოქმედება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლით და ამ კანონის მოქმედება გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ–ცალკე, რის საფუძველზეც მ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, სასჯელად შეფარდებული 38 წლისა და 3 თვიდან, საბოლოოდ კანონიერად განუსაზღვრა 20 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე