№5821-13 19 მარტი, 2013 წელი
მ-ი ა, 5821-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - თ. ჭ-ს
ადვოკატ - ი. ნ-ს
მსჯავრდებულ - ა. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 თებერვლის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი. ა. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ა. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, 10 თვე და 15 დღე.
მასვე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი, 4 თვე და 15 დღე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 დეკემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ა. მ-ი არის ადრე ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
თ. თოდრია