Facebook Twitter

№5831-13 16 მარტი, 2013 წელი

ჩ-ე ი., 5831-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ჩ-ის

ადვოკატ – დ. ჩ-ის

მსჯავრდებულ _ ი. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განაჩენით ი. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) – 7 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვა) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 21 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ი. ჩ-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დანიშნულ სასჯელთან ერთად; მას სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 21 სექტემბრიდან.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ჩ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება არ არის საკმარისი პირის ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაში დამნაშავედ ცნობისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ი. ჩ-ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად განთავისუფლება. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ი. ჩ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სსჯელის სახით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში მსჯავრი დაედო მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე