Facebook Twitter

საქმე №ბს-397(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ბ-მა 2021 წლის 01 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 16 ივლისის №04-14/1620 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 02 აგვისტოს №04/8084 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ლ. ბ-ისთვის 2021 წლის 29 ივნისიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის რაიონულ სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 16 ივლისის №04-14/1620 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 02 აგვისტოს №04/8084 გადაწყვეტილებები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ბ-ს დაენიშნება და აუნაზღაურდება სახელმწიფო კომპენსაცია წელთა ნამსახურების მიხედვით 2021 წლის 29 ივნისიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების მიერ.

კასატორების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა ნორმატიული აქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული პუნქტი ცალსახად აწესებს იმ პირთა წრეს, რომელთაც შეუძლიათ დაწესებული კომპენსაციის უფლებით სარგებლობა და იგი ცალსახად ითვალისწინებს, რომ პირი უნდა აკმაყოფილებდეს კიდევ ერთ წინაპირობას, კერძოდ, ჰქონდეს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. კასატორების წარმომადგენლის მოსაზრებით, კანონმდებლის მოთხოვნას წარმოადგენს ნამსახურობის 20 კალენდარული წელი და არა საერთო ნამსახურობის წელი. ამასთან, ამავე მუხლის მე-6 ქვეპუნქტი ცალკე გამოყოფს, რა მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული საერთო წელთა ნამსახურობა და რა შეიძლება ჩაეთვალოს პირს საერთო წელთა ნამსახურობაში. კერძოდ, საერთო წელთა ნამსახურობაში პირს შეღავათიანი პერიოდი შეიძლება ჩაეთვალოს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის.

კასატორების წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილებით. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილებასთან მიმართებით უპირატესი ძალა აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტს, კერძოდ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ცალსახად აწესებს, რომ პირს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისთვის უნდა გააჩნდეს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სადავო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ბ-ი 05.01.1997-დან-06.03.2007წ.-მდე მუშაობდა ...ის კანცელარიის უფროსად; 06.03.2007წ.-დან-25.09.2012წ.-მდე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ის ინსპექტორად, ხოლო 25.09.2012წ.-დან-26.11.2013წ.-მდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ის სპეციალისტად. სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეადგენდა 16 წელს 10 თვესა და 21 დღეს, ხოლო შეღავათიანი გაანგარიშებით წელთა ნამსახურობას ემატებოდა - 06 წელი 10 თვე და 12 დღე (ს.ფ 48). მოსარჩელემ 2021 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 16 ივლისის №04-14-1620 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლებოდა ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური სააგენტოს 2021 წლის 02 აგვისტოს №04/8084 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მან ვერ მოიპოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, ვინაიდან დათხოვნის დღეს არ გააჩნდა წელთა ნამსახურობის 20 კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც ამ კანონის საფუძველზე აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობებიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

„საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995წ. №214 დადგენილების 24-ე პუნქტით განსაზღვრულია კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ ნამსახურობის წლების დაანგარიშების წესი, რომლის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. ამდენად, ლ. ბ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება და თითოეული ნამსახურები წელი უნდა ჩაეთვალოს არა როგორც ერთი წელი, არამედ წელიწადნახევარი, შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მოსარჩელის წელთა ნამსახურობა (16 წელი, 10 თვე და 21 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (06 წელი, 10 თვე და 12 დღე) აღემატება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წლებს, ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995წ. №214 დადგენილების 24-ე პუნქტი აღნიშნულ ნაწილში ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს (ანალოგიურ საკითხზე იხილეთ სუსგ საქმეზე №ბს-1287(კ-22), 20.02.2023წ; სუსგ საქმეზე №ბს-509(კ-21), 25.11.2021წ; სუსგ საქმეზე №ბს-416(2კ-21), 02.12.2021წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე