Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-438(კს-23) 2 მაისი, 2023 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2023წ. ბრძანების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 2 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შპს „თ...ას“ და ზ. ბ-ის მიმართ, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს „თ...ას“ (ს/ნ: ... ) ცრუმაგიერ პირად აღიარებულ იქნა ზ. ბ-ი (პ/ნ:...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება გაასაჩივრა შპს „თ...ას“ წარმომადგენელმა ზ. კ-ემ და მოითხოვა ბრძანების გაუქმება და ახალი ბრძანებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება გაასაჩივრა ასევე ზ. ბ-მა და მოითხოვა ბრძანების გაუქმება და ახალი ბრძანებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის ბრძანებით შპს „თ...ას“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის ბრძანებით ადმინისტრაციულ საქმეზე N3ბ/2940-22 სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობაზე შპს „თ...ას“ ცრუმაგიერ პირად ზ. ბ-ის აღიარების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება. აღნიშნული ბრძანება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. სსიპ შემოსავლების სამსაურმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის ბრძანების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის - პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად სასამართლოს მიერ აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელით ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად ხორციელდებოდა, რაც თავის მხრივ, საერთო წესიდან გამომდინარე მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას იძლეოდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (გამოქვეყნებული 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ამასთან, პარალელურად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისს №4908-IIს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, (გამოქვეყნებული 04.07.2019წ.), ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა VII16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“, რომლის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ამავე თავის 2165 მუხლით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ პირის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულადაა განსაზღვრული კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი წარმოდგენილია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში გამოცემულ ბრძანებაზე. ამ მოცემულობით კი, კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი მართალია შეიცავს მითითებას ბრძანების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესახებ, თუმცა მარტოოდენ სასამართლოს განმარტება შესაბამისი ნორმატიული საფუძვლის გარეშე დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია შეაფასოს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ბრძანების) კანონიერების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 2165 მუხლის მე-9 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა