Facebook Twitter

საქმე №ბს-1096(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ხ-ი

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ხ-მა წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოპასუხისათვის დ. ხ-ის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დ. ხ-ის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია პირს ზიანი მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი/გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

კასატორი მორალურ ზიანთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან მიმართებით მხოლოდ მოსაზრებაა და აღნიშნული სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობის მოცულობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად მხედველობაში არ მიუღია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე და მიუთითებს რიგ საქმეებზე, როდესაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა სხვადასხვა ოდენობით თანხების გადახდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით - 3 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან, ვინაიდან დ. ხ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ მიმდინარეობდა დაახლოებით 3 თვისა და 19 დღის მანძილზე. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და დაკავებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

პალატა აღნიშნავს, რომ პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით დ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სახეზეა დ. ხ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის (დაკავების) ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. „პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა.“(სუსგ 07.02.2019წ. Nბს-432-429 (2კ-17)). მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების არსებობას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (მაგ.: საქმეზე - „თეიმურაზიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Teymurazyan v. Armenia), სასამართლოს განმარტებით, „კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ის მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლებას ითვალისწინებს, ის ასევე მოიცავს კომპენსაციის უფლებას ნებისმიერი შფოთვისა და გაბრაზებისთვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კონვენციის მე-5 მუხლის სხვა დებულებების დარღვევით.“).

საკსაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022 წ.).

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, იმ განცდების გათვალისწინება, რომლებიც თან ახლავს სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, უკანონო დაკავებასა და უკანონო მსჯავრდებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 3 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით მორალური ზიანის ოდენობის არამართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა