Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-175 (კს-23) 06 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ხ. კ-ას კერძო (დაზუსტებული) საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2022წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2022წ. განჩინებით ნ. კ-ას სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგეტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება ნ. კ-ას გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის საფუძვლით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2021წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2022წ. განჩინება კერძო (დაზუსტებული) საჩივრით გასაჩივრდა ნ. კ-ას სავარაუდო უფლებამონაცვლის ხ. კ-ას მიერ.

საკასაციო სასამართლოს 02.03.2023წ. განჩინებით კერძო (დაზუსტებულ) საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. კ-ა საქმის სააპელაციო ინსტანციაში მიმდინარეობისას, 06.07.2021წ. გარდაიცვალა (ს.ფ. 114). წარმოდგენილ კერძო საჩივარს ხელს აწერდა ნ. კ-ას წარმომადგენელი კ. ს-ა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლე ხ. კ-ა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კ. ს-ა ვერ განიხილებოდა კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად, ამასთან ნ. კ-ას კ. ს-ასათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 17.08.2021წ. ჩათვლით. რაც შეეხება კერძო საჩივარზე ხელმომწერი მეორე პირის ხ. კ-ას უფლებამოსილებას, იგი კერძო საჩივარს ხელს აწერს როგორც ნ. კ-ას უფლებამონაცვლე, თუმცა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლოს 02.03.2023წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 7 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად და დაევალა სანოტარო წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ხ. კ-ას მიერ ნ. კ-ას სამკვიდროს მიღების ფაქტი.

დადგენილ ვადაში საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ხ. კ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სანოტარო დოკუმენტაციის მიღება უკავშირდებოდა დროს და სახსრებს, რის გამოც ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას განჩინებით დადგენილ ვადაში. განმცხადებელმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 03.05.2023წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სანოტარო წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ხ. კ-ას მიერ ნ. კ-ას სამკვიდროს მიღების ფაქტი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2023წ. განჩინება გაეგზავნა ხ. კ-ას საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 15.05.2023წ.. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 25.05.2023წ. 24 საათზე (ხუთშაბთი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3, 399-ე, 420-ე მუხლების თანახმად, ნ. კ-ას სავარუდო უფლებამონაცვლის ხ. კ-ას კერძო (დაზუსტებული) საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. კ-ას კერძო (დაზუსტებული) საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2022წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი