საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-1501(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ფ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 6 ივლისს ზ. ფ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის №03-1826/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზ. ფ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 24 მაისის №03-1826/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ფ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭება დაკავშირებულია არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის ქონასთან, არამედ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის პირის მიერ იძულებით დატოვებასთან. კონკრეტულ შემთხვევაში გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ 1991 წლამდე ქ. ცხინვალში მოსარჩელის - ზ. ფ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზ. ფ-ის ჩაუტარდა გასაუბრება, მან აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს, ქ. გორში, ... წ.წ. სწავლობდა ქ. ცხინვალის N... საშუალო სკოლაში, 1979-1985 წ.წ. სწავლობდა ქ. ქუთაისში ... ინსტიტუტში. 1984 წელს დაოჯახდა ცხინვალში. ... წელს პირველი შვილი შეეძინა ქ. ქუთაისში. 1985-1991 წ.წ. მუშაობდა ცხინვალის რაიონის სოფელ ...ის ... სასწავლებელში ...ად. ცხოვრობდა ცხინვალში, ...ის ქ. N ...-ში მამის საკუთრებაში მეუღლესთან, დასთან, შვილთან და მშობლებთან ერთად. ცხინვალი დატოვა 1991 წელს ცოლ-შვილთან ერთად. 1991 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა ქ. გორში ქირით და ნათესავის სახლში. 2008 წლიდან ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ...ში, სადაც დედას ჰქონდა სახლი. ამჟამად აღნიშნული ბინა გასხვისებულია. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზ. ფ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, წერილები გაიგზავნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წერილში ნათქვამია, რომ ზ. ფ-ის მეუღლემ - მ. ც-ემ ადმინისტრაციას მიმართა განცხადებით. იგი ითხოვდა ცნობის გაცემას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ, შემდეგ მისამართზე ცხინვალი, ...ის ქ. N..., ბინა N7. რაც შეეხება შსს-ს საპასუხო წერილს, გასაუბრების ოქმების თანახმად, ორმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ზ. ფ-ი 1962 წლიდან, ხოლო მისი მეუღლე მ. ც-ე 1983 წლიდან მუდმივად ცხოვრობენ მათ მეზობლად, გორის რაიონ სოფელ ...ში. ასევე აღნიშნეს, რომ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ჰქონდა ცხინვალში, სადაც ზ. ფ-იმა სკოლა დაამთავრა. ამჟამად კი ფლობს საცხოვრებელ ფართს ქ. გორში. აღნიშნული დოკუმენტაციის და მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ ზ. ფ-ი 1991 წლამდე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სოფ. ...ში. შესაბამისად, მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილი იყო მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. მასთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ცხინვალი არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. ფ-ისათვის 1991 წლამდე ქალაქ ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის №03-1826/ო ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ კითხვარში მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს ქ. გორში, ... წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის N... საშუალო სკოლაში, 1979-1985 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისში ... ინსტიტუტში. 1984 წელს დაოჯახდა ცხინვალში. ... წელს პირველი შვილი შეეძინა ქ. ქუთაისში. 1985-1991 წლებში მუშაობდა ცხინვალის რაიონის სოფელ ...ის ... სასწავლებელში ...ად. ცხინვალში ცხოვრობდა მამის საკუთრებაში არსებულ სახლში, ...ის ქ. N ...-ში, მეუღლესთან, დასთან, შვილსა და მშობლებთან ერთად. ცხინვალი დატოვა 1991 წელს ცოლ-შვილთან ერთად. 1991 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა ქ. გორში ქირით და ნათესავის სახლში. დადგენილია, რომ დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად უფიქსირდებოდა ქ. ცხინვალი, ...ის ქ. N..., ბინა N7. საქმეში წარმოდგენილია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2021 წლის 7 აპრილის წერილი, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ადასტურებს მ. ც-ეისა და ზ. ფ-ის 1991 წლამდე ცხინვალში, ...ის ქ. N..., ბინა N7-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილია ამავე მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 1991 წლამდე ზ. ფ-ი მუდმივად ცხოვრობდა ქ. ცხინვალში და პერიოდულად სტუმრობდა ბებიას გორის რაიონის სოფ. ...ში.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შესაძლოა, მოსარჩელე მართლაც სტუმრობდა ბებიას გორის რაიონის სოფელ ...ში, თუმცა აღნიშნული არ ქმნის უდავო მტკიცების საფუძველს, რომ მას საკუთარ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ მიაჩნდა მამის საცხოვრებელი სახლი ცხინვალში, სადაც ... წწ. სწავლობდა N... საშუალო სკოლაში და გარკვეული პერიოდი მუშაობდა და 1984 წელს დაოჯახდა კიდეც. ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა მუდმივად არცხოვრების დამადასტურებელ გარემოებად ის ფაქტი, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გასაუბრების ოქმების თანახმად, ორი მოქალაქე მიუთითებდა ზ. ფ-ის 1962 წლიდან, ხოლო მისი მეუღლის 1983 წლიდან გორის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების შესახებ, რამეთუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს, ამასთან, პირი რომელიმე ადგილას შესაძლოა იმყოფებოდეს გარკვეული ობიექტური საჭიროებებიდან გამომდინარე ან დროებით, როგორიც არის სტუმრობა ბებიასთან სოფელ ...ში.
ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დასტურდება მოსარჩელის - ზ. ფ-ის 1991 წლამდე ქ. ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე