საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1473(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე- თ.ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 20 მაისს თ.ფ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აპრილის №03-1564/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელის თ.ფ-ას ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით თ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1564/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, არამართებულია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია არის მცდარი და ამ ინფორმაციამ არ შეიძლება გავლენა იქონიოს დევნილი ოჯახის შეფასებაზე. მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით ირკვევა და შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის მეუღლე ცხოვრობს კასპში, მამა-პაპისეულ სახლში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის ოქმი, სადაც მხარე ადასტურებს, რომ 2013 წლიდან არის მეუღლესთან განქორწინებული, თუმცა მისმა მეუღლემ განმარტა, რომ 10 წელია განქორწინებულია. მოსარჩელემ კი, მეუღლე მხოლოდ 2019 წელს ამოიღო განაცხადიდან. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე და მისი მეუღლე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სააგენტოს და ამასთან, განქორწინების დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ არსებობს. კასატორის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს მეუღლის ფაქტობრივი საცხოვრებლით. თუმცა, იგი ცდილობს განქორწინების და ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით სააგენტო შეცდომაში შეიყვანოს და სხვაზე ადრე მიიღოს სახელმწიფოსგან სარგებელი და დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით იმაზე ადრე, ვიდრე ეკუთვნის. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობის მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე თ.ფ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №8). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ.ფ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ჰყავს ორი შვილი: ნ.გ-ი და მ.შ-ი.
თ.ფ-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში წარადგინა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, სადაც მიენიჭა 4,5 ქულა: მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნაქირავებში) – 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის ბრძანებით თ.ფ-ას ოჯახს, (განცხადებაში მითითებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროებების არ არსებობის გამო (მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი), უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელის მეუღლეს, რომელთანაც მოსარჩელის განმარტებით, განქორწინებულია, აქვს საცხოვრებელი სახლი, გამორიცხავს მოსარჩელის უფლების პრიორიტეტულობას, მისი ოჯახი, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო პალატის განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა (4.5) საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ორ შვილთან ერთად წლებია ცხოვრობს ქირით, მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. N3, მე-2 სად., ბინა ... მოსარჩელის ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვს. ქირას უხდის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. ბინა ეკუთვნის ვ.ვ-ს, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს კახეთში. მეუღლესთან განქორწინებულია რამდენიმე წელია. ყოფილი მეუღლე ცხოვრობს კასპში. მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე განქორწინების წლებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან ადმინისტრაციულ ორგანოს, ვერ ამყარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტს, თ.ფ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლიანობის თაობაზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელის ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. ასევე არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მის მეუღლესთან, რომელიც ცხოვრობს კასპში საერთო მეურნეობის განხორციელების ფაქტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან მიმართებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე