საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1420(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ყ-ა, ე.დ-ა, ვ.ყ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 25 თებერვალს დ.ყ-ამ, ე.დ-ამ და ვ.ყ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-369/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელეების დ.ყ-ას, ე.დ-ას და ვ.ყ-ასათვის ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ყ-ას, ე.დ-ას და ვ.ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-369/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ.ყ-ას, ე.დ-ას და ვ.ყ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელეს წარდგენილი მტკიცებულებებით და გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ სადავო სახლი ჯერ მოსარჩელის ძმას ეკუთვნოდა, ახლა კი მისი ერთ-ერთი შვილის საკუთრებაა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ქირის თანხის დაფინანსებასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
რაც შეეხება ქულას შშმ პირის სტატუსთან დაკავშირებით, კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი იყო ძალადაკარგული დოკუმენტაცია და სტატუსი სადავო ბრძანების გამოცემის შემდგომ არის დადგენილი. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-369/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამება გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამდენად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართები განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7-ის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. ამავე დანართის N2 შენიშვნის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ დანართის „დ“ ქვეპუნქტს, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი პირის საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი). გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, №8 დანართის შესაბამისად დამტკიცებულია „სოციალური კრიტერიუმი“, რომლის ,,ა“ პუნქტიდან გამომდინარე, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით, ოჯახს მიენიჭება 2,5 ქულა, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონა 2 ქულის განსაზღვრის საფუძველია. ამასთან, აღნიშნული მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით).
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - დ.ყ-ა, ე.დ-ა და ვ.ყ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. იძულებით გადაადგილების შემდგომ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიხედვით, ისინი ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობენ ზუგდიდში, ...ის ქ. N10-ში. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, დ.ყ-ას ოჯახს მიენიჭა 6 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში - 1,5 ქულა, 50064 სოციალურ კრიტერიუმში (30 001-57 000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.5 ქულა, ხოლო დ.ყ-ას სტატუსის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული) გამო - 2 ქულა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-369/ო ბრძანებით დ.ყ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების გამო. დ.ყ-ას ოჯახს ქულათა რაოდენობა შეუმცირეს ერთ შემთხვევაში - საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში, ხოლო მეორე შემთხვევაში - მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსის გამო, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი იმ უძრავი ქონების საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც იგი ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი იყო დ.ყ-ას მამაპაპისეული სახლი, სადაც მის ოჯახს შეეძლო ეცხოვრა შეუზღუდავად. ასევე, საკითხის განხილვის დროისთვის არ არსებობდა დ.ყ-ას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განმსაზღვრელი რაიმე მოქმედი მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს და მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება საცხოვრებელი სახლი ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა N10-ში, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახი, არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ნოემბრის N... წერილით ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, დ.ყ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან მოპოვებულ ინფორმაციიდან დგინდება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N10-ში მდებარე 515 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამჟამად მოთხოვნილი აქვს ქ.კ-ას.
საქმეშია ასევე წარმოდგენილია მ.კ-ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მ.კ-ა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა.წ გარდაცვლილი ჟ.ყ-ას შვილი - ქ.ყ-ა არის მისი ძმის რ.კ-ას მეუღლე. ამჟამად ისინი დროებით ცხოვრობენ სანქტ-პეტერბურგში. ზუგდიდში, ...ის ქ. N10-ში დროებით მცხოვრები დ.ყ-ასგან იგი მისი რძლის დავალებით იღებს საცხოვრებელი ფართის ქირის თანხას - 150 ლარს, ყოველთვიურად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა პირმა - ი.მ-ამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. N3-ში და დაახლოებით 2005 წლიდან არის მოსარჩელეების მეზობელი. მოწმემ აღნიშნა, რომ სახლში, სადაც ამჟამად დ.ყ-ას ოჯახი ცხოვრობს, მათ გადასვლამდე ცხოვრობდა დ.ყ-ას - ძმა ჟ.ყ-ა, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა და დარჩა ორი შვილი, ორივე პეტერბურგში ცხოვრობს. ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში დ.ყ-ას ოჯახი ამ სახლში ქირით ცხოვრობს, ხოლო ქირის თანხას, თვეში 150 ლარს ხელზე აძლევენ მ.კ-ას. მ.კ-ასთან დაკავშირებით, მოწმემ აღნიშნა, რომ იგი არის ჟ.ყ-ას შვილის ქ...ოს მული, ქირის თანხას კი მისივე ინფორმაციით საბოლოოდ იღებს ჟ.ყ-ას მეორე შვილის - ო...ს (გარდაცვლილია) ოჯახი (მეუღლე - ს...).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ დ.ყ-ას ოჯახი ქირით ცხოვრობს მისი გარდაცვლილი ძმის სახლში. შესაბამისად, დევნილ ოჯახს მართებულად მიენიჭა საცხოვრებლის კრიტერიუმში 1.5 ქულა, ვინაიდან უდავოდ სახეზე იყო დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე და მოცემულ კრიტერიუმში არ არსებობდა დ.ყ-ას ოჯახისთვის 1.5 ქულის დაკლების საფუძველი.
რაც შეეხება ქულათა რაოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსის გამო, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიუთითებს, საქმეში არსებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილ დ.ყ-ას განცხადებაზე, რომლითაც სადავო ბრძანების გამოცემამდე ჯერ კიდევ 2021 წლის 1 დეკემბერს დევნილმა პირმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დამატებით წარუდგინა დოკუმენტაცია, მათ შორის, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი N961 და N000029063 ცნობა. თავის მხრივ, საოქმო გადაწყვეტილების გამოტანამდეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი იყო სს ,, ს...ის“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მიერ შედგენილ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების N638 აქტი. აღნიშნული აქტების მიხედვით, ორივე შემთხვევაში, როგორც 2018 წელს, ასევე 2021 წელს გამოტანილია დასკვნა შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის შესახებ - მნიშვნელოვნად შეზღუდული. ასევე უდავო იყო დ.ყ-ას ძირითადი დიაგნოზი (C-18.7 სიგმოიდური კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნე III სტადია), დაავადების ხასიათი და მისი ქრონიკული მიმდინარეობა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არსებობდა მითითებული კრიტერიუმის ნაწილში (მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი) დ.ყ-ას ოჯახისთვის ქულის დაკლების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატის განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუსგ №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე