საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1122(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 1 სექტემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - თ. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელემ თ. ჩ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხის 28 000 ლარის ანაზღაურების, პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის (28 000 ლარის) 30 პროცენტის - 8400 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ჩ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს შეიარაღებულ ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს ეს კონტრაქტი, იგი უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აანაზღაუროს ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო მოსამსახურის დებულების“ შესაბამისად, თ. ჩ-ის უნდა დაეკისროს ჯარიმის საერთო რაოდენობის - 28 000 ლარის 30 პროცენტი. აღნიშნული კი არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ჩ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. მოწინააღმდეგე მხარეს - თ. ჩ-ის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ თ. ჩ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 ნოემბრის №MOD11500003936 ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის მსმენელი თ. ჩ-ი გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში 2015 წლის 24 ნოემბრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო მოსამსახურე თ. ჩ-ის შორის 2017 წლის 4 იანვარს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 თებერვლის №53 ბრძანებით დამტკიცებული №1208 ხელშეკრულება „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №MOD32000001637 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ი თ. თ.-ს ძე ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე. 2017 წლის 4 იანვრის „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“ №1208 კონტრაქტის 3.1 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო საკონტრაქტო სამსახური გაეგრძელებინა რვა წლის ვადით. განსახილველ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე თ. ჩ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 3 წელი, 1 თვე და 2 დღე.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს შეიარაღებულ ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ „სამინისტრო“ იძულებული გახდეს შეწყვიტოს ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 7.4 პუნქტის შესაბამისად კი, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 პუნქტში აღნიშნული თანხის ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულებების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ თ. ჩ-იმა ჯეროვნად არ შეასრულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და წარმოეშვა ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 თავის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს ან ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე, ხოლო „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილების თანახმად, XIX თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1500 ლარამდე – I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ) 2500 ლარამდე – II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; გ) 4000 ლარამდე – III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; დ) 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში“.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებაზე (გვ. 61) და აღნიშნავს, რომ მართალია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება პირობების დარღვევისას ითვალისწინებს ჯარიმის 28 000 ლარის დაკისრებას, მაგრამ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით აღნიშნული თანხა შემცირდა და მხარეთა შორის 2020 წლის 10 იანვარს გაფორმდა ახალი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ფინანსური პასუხისმგებლობის 5 000 ლარით განსაზღვრის შესახებ. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჩ-ის შორის ახალი შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით, ფაქტობრივად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, თ. ჩ-ის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის შეწყვეტა) ავტომატურად წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრების გამო, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე