Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-688-2(გან-23) 31 მაისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. ბ-ეის წარმომადგენელის - მ. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბ-ეემ 2020 წლის 29 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ, „ქ. ბ-ეის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ქ. ბ-ეის დაჯარიმების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2020 წლის 22 მაისის №29 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება კი საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით ქ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

2023 წლის 15 მაისს ქ. ბ-ეის წარმომადგენელმა - მ. პ-იმა №ბ-688-2 განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია და საჭიროებს განმარტებას, რათა დადგენილ იქნეს საკითხის სამართლებრივი ბუნება და ხელი შეეწყოს განჩინების აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი, აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ითხოვს, განიმარტოს, რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია საჯარო მოხელეს იმისთვის, რომ ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე ბანკიდან მოითხოვოს მათი პერსონალური მონაცემები. ასევე, ამავე განცხადებით მოთხოვნილია, აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ დამატებით იმსჯელოს „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ კანონის დაცვის ჭრილშიც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ეის წარმომადგენლის - მ. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს აქტის შესრულების სავალდებულოობისა და მისი სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი და შეუძლებელია/გართულებულია მისი აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტება, რომლითაც ქ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და გაურკვეველი, იგი არის ნათლად ჩამოყალიბებული და ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ძალაში იქნა დატოვებული.

რაც შეეხება სასამართლოს განჩინების აღსრულების შეუძლებლობას/ გართულებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, არსებითად კი დავა გადაწყვეტილი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კერძოდ, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოთა მიერ მიჩნეულ იქნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დავა კანონიერად და მართებულად არის გადაწყვეტილი. ამრიგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების განმარტების საჭიროება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქ. ბ-ეის წარმომადგენლის - მ. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე