საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-217(კ-21) 30 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისიადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ი-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ი-ემ 2018 წლის 1 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ ნ.ი-ის პროექტის შეფასების ნაწილში ამავე ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 29 აგვისტოს N131 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელე ნ.ი-ის პროექტის ხელახალი შეფასებისა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წელს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით შეიტანა განაცხადი პროექტში „მათემატიკური სტრუქტურები და მათი გამოყენებები თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერებები“. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია იყო ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის თანამშრომელსაც წარმოადგენს მოსარჩელე. 2018 წლის 29 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსის შედეგები, რომლის თანახმად, წარდგენილი პროექტი არ დაფინანსდა, აქედან გამომდინარე მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პროექტის შეფასება მოხდა კანონით დადგენილ პირობებთან შეუსაბამოდ, რის გამოც მოითხოვა შეფასებისა და კონკურსის შედეგების გაუქმება და ახალი შეფასების ჩატარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 29 აგვისტოს N131 ბრძანება ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ ნ.ი-ის პროექტის შეფასების ნაწილში; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ნ.ი-ის პროექტის ხელახალი შეფასება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკურსზე წარდგენილი პროექტის შეფასება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებს კომისიის წევრების/ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს/პროექტისთვის დაწერილ ქულებს. ამრიგად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საკონკურსო კომისიის წევრების/ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 27 ივლისის N114 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასებისა და რანჟირებული სიების დადგენის მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია. ამდენად, კანონმდებელმა პროექტის შეფასებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. კომისიის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით, საკონკურსო კომისიის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.
სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის წევრების/ექსპერტების მიერ კონკრეტული პროექტის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის/თითოეული ექსპერტის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს, ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პროექტი შეფასდა ქულების არასწორად დათვლით და მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე; კერძოდ, ნ.ი-ის პროექტი შეფასების პირველ კრიტერიუმში ექსპერტებმა შეაფასეს 9 და 6 ქულებით, კომისიამ აღნიშნული ქულების საფუძველზე დაწერა 7 ქულა; მეორე კრიტერიუმში ექსპერტების მიერ პროექტი შეფასდა 9 და 7 ქულებით, ხოლო კომისიამ აღნიშნული ქულების საფუძველზე დაწერა 8 ქულა; მესამე კრიტერიუმში ნ.ი-ის პროექტი ექსპერტების მიერ შეფასდა 9 და 6 ქულებით, ხოლო კომისიამ მითითებული ქულების საფუძველზე გამოიყვანა 8 ქულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით ცალსახაა, რომ მეორე კრიტერიუმში საკონკურსო კომისიამ იხელმძღვანელა რა ექსპერტების შეფასებებით, პროექტს დაუწერა ექსპერტების მიერ დაწერილი ქულების ზუსტი საშუალო ქულა - 8. ამასთან, ვინაიდან მესამე კრიტერიუმში ექსპერტების მიერ დაწერილი ქულების საშუალო ქულამ შეადგინა 7.5, ხოლო კომისიამ დაწერა 8 ქულა, ცალსახაა, რომ კომისიამ მოახდინა საშუალო ქულის დამრგვალება მათემატიკური წესით, თუმცა, იმავე პრინციპით კომისიამ არ იხელმძღვანელა პირველ კრიტერიუმში მოსარჩელის პროექტისთვის დაწერილი ანალოგიური ქულების საშუალო ქულის გამოყვანისას და მიღებული საშუალო ქულის (7,5) დამრგვალება მოახდინა განსხვავებული პრინციპით, არამათემატიკური წესით.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საკონკურსო კომისიამ ექსპერტების მიერ დაწერილი ქულების საშუალო ქულების გამოყვანისას, პირველ კრიტერიუმში დაკლებული 0,5 ქულა (პირველ კრიტერიუმში საშუალო ქულა შეადგენდა 7,5-ს, ხოლო კომისიამ დაწერა 7 ქულა) დაუმატა მესამე კრიტერიუმში გამოყვანილ საშუალო ქულას (მესამე კრიტერიუმში საშუალო ქულა შეადგენდა 7,5-ს, ხოლო კომისიამ დაწერა 8 ქულა), რის გამოც არ შეცვლილა სამივე კრიტერიუმში დაწერილ ქულათა ჯამის საშუალო შედეგი - 23 ქულა.
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ექსპერტების მიერ სამივე კრიტერიუმში დაწერილ ქულათა ჯამის საშუალო ქულა შეადგენს 23-ს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საკონკურსო კომისიამ ნ.ი-ის პროექტი შეაფასა შეფასების სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ცალ-ცალკე და თითოეულ კრიტერიუმში დაწერილი ქულების შეკრებით დაიწერა საბოლოო შეფასება - 23 ქულა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ ნ.ი-ის მიერ წარდგენილი პროექტი, მიუხედავად შეფასების პირველ და მესამე კრიტერიუმებში ექსპერტების მიერ დაწერილი იდენტური ქულებისა, შეაფასა განსხვავებული პრინციპებით და გამოიყვანა განსხვავებული ქულები, რითაც დაირღვა შეფასების პროცედურული ნორმები, შესაბამისად, დაადგინა, რომ საკონკურსო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ.ი-ის პროექტის შეფასების პროცედურის აშკარა დარღვევას, იდენტურ პირობებში ცალკეული კომპონენტის ნაწილში შეფასების განსხვავებული პრინციპის გამოყენებას, საბოლოოდ კი, ნ.ი-ის სასარგებლოდ ქულის დაუმრგვალებლობის გამო მისი პროექტი ვერ იქნა დაფინანსებული, რამდენადაც საქმეში დაცული მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილია 24-ქულიანი პროექტის გამარჯვებულად გამოცხადების ფაქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ.ი-ის პროექტის შეფასების ნაწილში ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 29 აგვისტოს N131 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ნ.ი-ის პროექტის ხელახალი შეფასებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის შეფასება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს - ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომისიამ მესამე კრიტერიუმში დაამრგვალა საშუალო ქულა 7,5 მათემატიკური წესით 8-მდე, თუმცა, იმავე პრინციპით კომისიამ არ იხელმძღვანელა პირველ კრიტერიუმში მოსარჩელის პროექტისთვის დაწერილი ანალოგიური ქულების საშუალო ქულის გამოყვანისას და მიღებული საშუალო ქულის (7,5) დამრგვალება მოახდინა განსხვავებული პრინციპით, არამათემატიკური წესით. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომ საკონკურსო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ.ი-ის პროექტის შეფასების პროცედურის აშკარა დარღვევას, იდენტურ პირობებში ცალკეული კომპონენტის ნაწილში შეფასების განსხვავებული პრინციპის გამოყენებას, რაც მართებულად დაედო საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააპელაციო საჩივარი მოითხოვდა მისი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებასაც, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, მხარეთა წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე.
კასატორი ზეპირი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქმეზე „დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N1/4/1366, 07/11/2019, II, 15, 25). აღნიშნულ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ–სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia“ („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ–სამართლებრივ საკითხებს, ასევე, აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას. ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს, როდესაც პირის მონაწილეობას პროცესში შეუძლია გავლენის მოხდენა საკითხის გადაწყვეტაზე; კერძოდ, როდესაც ხდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასება (ან თავიდან შეფასება).“
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა შეზღუდული ფონდის უფლება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის დროს, წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება უშუალოდ საქმის სადავო საკითხებს, კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული დარეგულირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს: ა) პროექტების მიღების ვადების დადგენას; საგრანტო კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, პროექტზე თანდართული დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) კომისიის დამტკიცებას; გ) კომისიის მიერ პროექტების შეფასებას და პროექტების რანჟირებული სიების დადგენას; დ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული პროექტების გამოვლენას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. ამავე დებულების მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტებს აფასებს საკონკურსო კომისია, მას შეუძლია შეფასება განახორციელოს როგორც ექსპერტების გამოყენებით, ასევე მათ გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ შეფასების პროცესში არ არიან მოწვეულნი ექსპერტები, ქულებს ადგენს მხოლოდ კომისია, ხოლო ექსპერტთა მონაწილეობის შემთხვევაში, ისინი საკუთარი შეფასებების ვარიანტს წარუდგენენ კომისიას, თუმცა ისინი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არაა სავალდებულო, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში თავადვე განმარტავს, რომ ,,საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის შეფასება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“. კომისიამ სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო შეფასება თითოეულ კრიტერიუმზე და ის არ იყო შეზღუდული ექსპერტების შეფასების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით.
კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისია ვალდებული იყო ორი ექსპერტის შეფასებების საფუძველზე გამოეყვანა პროექტის საშუალო არითმეტიკული ქულა, რაც არსებითად ასეც მოხდა; კერძოდ, ერთი ექსპერტის შეფასება შეადგენდა 19 ქულას, ხოლო მეორე 17 ქულას, საშუალო გამოვიდა 23 ქულა, რაც რეალურად დაიწერა კიდეც კომისიის მიერ. როგორც არ უნდა გადაადგილდეს ექსპერტთა ქულები, საბოლოოდ მივიღებთ 23 ქულას, დაფინანსებული პროექტების ქულები კი დაიწყო 24 ქულიდან.
კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწვეული ექსპერტები აფასებენ მხოლოდ კონკრეტულად შერჩეულ პროექტებს, ხოლო კომისია აფასებს ერთობლივად ყველა პროექტს, მას აქვს შედარების საშუალებაც კონკურსში მონაწილე სხვა შესაფასებელ პროექტებთან და ვინაიდან, კონკურსი ითვალისწინებს საუკეთესო მონაწილეების გამოვლენას, კომისია, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საბოლოოდ, შეჯერების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული პროექტების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილ რეალიზაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის.
სასამართლოს მიერ არაერთხელ გამხდარა განმარტების საგანი პირის უფლებასთან დაკავშირებული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი. საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61). მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის – როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia“ („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის როგორც ზეპირი მოსმენით, აგრეთვე, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ორმხრივი კონსტიტუციური დაშვება არ უნდა იქნას გაგებული როგორც სასამართლოს საქმის განხილვის ფორმის შერჩევის შეუზღუდავი, აბსოლუტური უფლებამოსილებით აღჭურვა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოთა მხრიდან საქმის განხილვის კონკრეტული ფორმის განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს სამართალწარმოების შინაარსსა და შეესაბამებოდეს დავის პროცესში შესაფასებელ გარემოებათა ბუნებას. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო არ დგას დავასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი კვლევისა და შესწავლის წინაშე და საჭიროა მხოლოდ სამართლებრივი შეფასება საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებებისა, რომელიც მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ზღუდავს სამართალწარმოების მონაწილეთა შესაძლებლობას, სრულყოფილად ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით მოცულ სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტით. უფრო კონკრეტულად, საქმის ამგვარი ფორმით განხილვა დავის მიმდინარეობისას სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობას, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილეებს ართმევს საშუალებას, გამოთქვან მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საქმის კონკრეტული შედეგით გადაწყვეტაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების მონაწილეთა პროცესუალური უფლებების დაცვის კუთხით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები სადავოდ ხდიან საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელი მოთხოვნაა, მხარეებს ჰქონდეთ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაჟღერების საშუალება, რამდენადაც მათ გააჩნდეთ აღნიშნულ გარემოებათა საკუთარი ინტერპრეტაციით თავისსავე სასიკეთოდ წარმოჩენისა და საბოლოოდ, საქმის დასრულების შედეგზე ზემოქმედების პროცესუალური შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. ამავე კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან განჩინების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებასა და მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის მართებულად გადაწყვეტისთვის, სასამართლოს უნდა დაედგინა, ნ.ი-ის მიერ წარდგენილი პროექტის განხილვისას, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის კომისიამ ექსპერტების მიერ შეფასების ქულები გამოთვალა მონაცემთა საშუალო არითმეტიკულით, თუ ექსპერტთა შეფასებები განიხილა როგორც სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თავად უზრუნველყო პროექტის შეფასება შესაბამისი ქულებით. აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნებოდა არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო სააპელაციო პალატის მიერ დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ნორმატიული საფუძველი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, სამართალწარმოების მონაწილეები აღჭურვილნი არიან უფლებით, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, განსაკუთრებით კი ისეთ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებსაც საქმის გადაწყვეტის თვალსაზრისით ენიჭებათ არსებითი მნიშვნელობა. საპროცესო კანონმდებლობით მხარეთა მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე მოსაზრებათა გამოთქმის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ისეთ პირობებში, როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით მოწმდება (სუსგ. 24.06.2021წ. საქმე №ბს-600(კ-20)).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს ფაქტობრივი გარემოება/მტკიცებულება, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მხარეთა აქტიური მონაწილეობით სათანადო წესით არ ყოფილა გამოკვლეული და რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს არ მისცემიათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 11აპრილის N43 ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გრანტით დაფინანსების პირობები. მითითებული ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტების შეფასების პროცედურა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანების მე-8, მე-9 და მე-13 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში, კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ადგენს სამ რანჟირებულ სიას, კონფერენციებისათვის, სეზონური სკოლებისა და კომბინირებული ღონისძიებებისათვის. რაც შეეხება პროექტების შეფასებას, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას, რომელიც წარდგენილ პროექტებს აფასებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად. მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები. ამდენად, პროექტის შეფასება განეკუთვნება კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს - მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტონ როგორც კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ასევე მიზანშეწონილობის კრიტერიუმებით, რა პროცესშიც კომისიის მიერ ექსპერტთა მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ემსახურება წარდგენილი პროექტების კიდევ უფრო მაღალკვალიფიციურად შეფასების უზრუნველყოფას. მართალია, საგრანტო კონკურსის კომისიის მიერ მოწვეულ ექსპერტთა შეფასება სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და კომისიას გააჩნია წარდგენილი პროექტის განსხვავებულად შეფასების კომპეტენცია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კომისიამ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მოახდინა ექსპერტთა შეფასების ჩანაცვლება საკუთარი შეფასებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების დადგენა, რის შესამოწმებლადაც სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება და ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ.ი-ემ ვერ გადალახა კონკურსის შეფასების ეტაპი, შესაბამისად, 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის მისი პროექტი ვერ მოხვდა ქულათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. ქულის გამოანგარიშებისას კი კომისიამ ექსპერტთა მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად პროექტს მიანიჭა 23 ქულა. ისიც დადგენილია, რომ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ექვსმა პროექტმა, რომელთა შეფასებება იყო 24, 24, 25, 25, 25 და 26 ქულები. საგულისხმოა, რომ შეფასების ნორმატიულად დადგენილი წესი შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, ითვალისწინებს ქულათა მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს, თუმცა კონკრეტული სახის მოწესრიგება ქულათა გამოანგარიშების მეთოდზე გათვალისწინებული არ არის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საკითხი შეეხება თანაბარ პირობებში მყოფ კონკურსანტთა პროექტებს, დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს სხვა პროექტების შეფასებისას რა მეთოდით იხელმძღვანელა კომისიამ, რაც მოცემულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით კვლევასა და სასამართლოს მხრიდან შესაბამისი ფაქტების დადგენას. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა ნ.ი-ის პროექტის შეფასების პროცედურის აშკარა დარღვევას (ქულათა სხვადასხვა მეთოდით დაჯამებას), შესაბამისად, შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, მიიღებოდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ №ბს-985(კ-20),2021 წლის 24.11.2021 წ.).ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებითად დაუსაბუთებლობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა