საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-771(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი/მ ა. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვადის აღდგენა, ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი/მ ა. შ-ემ 2017 წლის 13 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების (საჩივარი №14401/2/17) ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება - არსებითად განიხილოს 2017 წლის 3 აპრილის საჩივარი გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3764 ბრძანების გასაჩივრების ვადის აღდგენა და ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ა. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამავე მეწარმემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ი/მ ა. შ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ა. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის ბრძანებით ი/მ ა. შ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირების განხორციელება დაევალა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც, სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევის გამო, სaჩივარი განუხილველად დატოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით, ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად - დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. გამომდინარე იქიდან, რომ კანონში არაა განმარტებული რა შეიძლება ჩაითვალოს „საპატიო მიზეზად“, კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, რატომ არ ჩათვალა სასამართლომ საპატიოდ მის მიერ მითითებული რეალური მიზეზი, რომ აქტის გაუსაჩივრებლობა გამოწვეულ იყო უცოდინარობით, რადგან იგი ვერ გაერკვია საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება რა სამართლებრივ სიკეთეს მოუტანდა მას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ა. შ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ა. შ-ეის №14401/2/17 ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო. ამდენად, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს სწორედ საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ი/მ ა. შ-ეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება ჩაბარდა, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, 2017 წლის 22 თებერვალს, პირადად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრება კი გადასახადის გადამხდელს შეეძლო მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3764 ბრძანების გასაჩივრების ოცდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 23 თებერვალს და დასრულდა 2017 წლის 14 მარტს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გასაჩივრების ვადა ამოეწურა 2017 წლის 14 მარტს (სამშაბათს), 00:00 საათზე. ადმინისტრაციული საჩივარი კი ფინანსთა სამინისტროში წარდგენილია 2017 წლის 3 აპრილს, აქტის გასაჩივრების ოცდღიანი ვადის დარღვევით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ აქტის გასაჩივრების ვადის გაშვება გადამხდელის მიერ საპატიო მიზეზით მოხდა, რაც გამოწვეულ იქნა მისი უცოდინარობით, კერძოდ, ვერ გაერკვა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება რა სამართლებრივ სიკეთეს მოუტანდა მას.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობა, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამდენად, გაშვებული ვადის აღდგენისთვის უნდა არსებობდეს ვადის გაშვების ობიექტური მიზეზები, რომლებიც დაადასტურებს მეწარმის არაბრალეულობას გასაჩივრების ვადის გაშვებაში. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი ვერ ასაბუთებს და ვერ მიუთითებს ისეთ საპატიო მიზეზზე, რაც საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აქტი კანონიერია. მოცემული ვითარება კი გამორიცხავს სასამართლოს მიერ დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ი/მ ა. შ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. თ. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ ა. შ-ეის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 20 ივნისის №13635563039 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე