საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1272(2კ-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. სსიპ შემოსავლების სამსახური; 2. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. კ-ი, ა. გ-ე, ჯ. ს-ე, ჯ. გ-ე, ი. მ-ა, ო. ვ-ე, ვ. ტ-ი, ა. ვ-ი, ა. ბ-ე, შ. ა-ე, ზ. დ-ე, ბ. ბ-ი, მ. ც-ე, ბ. ჯ-ე, დ. დ-ი, ო. ვ-ე, ზ. ჩ-ე, კ. ვ-ე, ზ. ა-ე, ა. ჯ-ე, გ. ს-ა, მ. წ-ე, მ. მ-ი, დ. ნ-ე, ს. ჭ-ი, ე. წ-ე, გ. ხ-ი
მოპასუხეები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია; ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 18 აგვისტოს მ. კ-იმა, ა. გ-ემ, ჯ. ს-ემ, ჯ. გ-ემ, ი. მ-ამ, ო. ვ-ემ, ვ. ტ-იმა, ა. ვ-იმა, ა. ბ-ემ, შ. ა-ემ, ზ. დ-ემ, ბ. ბ-იმა, მ. ც-ემ, ბ. ჯ-ემ, დ. დ-იმა, ო. ვ-ემ, ზ. ჩ-ემ, კ. ვ-ემ, ზ. ა-ემ, ა. ჯ-ემ, გ. ს-ამ, მ. წ-ემ, მ. მ-იმა, დ. ნ-ემ, ს. ჭ-იმა, ე. წ-ემ და გ. ხ-იმა სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 ივნისის №4977 წერილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 ივლისის №01/8279 წერილისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 ივლისის №21-11/79381 წერილის ბათილად ცნობა, ასევე, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის, სოლიდარულად, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით - 1200 ლარის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 ივლისის №21-11/79381 წერილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 ივნისის №4977 წერილი და მოპასუხე - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეების - მ. კ-ის, ა. გ-ეის, ჯ. ს-ეის, ჯ. გ-ეის, ი. მ-ას, ო. ვ-ეის, ვ. ტ-ის, ა. ვ-ის, ა. ბ-ეის, შ. ა-ეის, ზ. დ-ეის, ბ. ბ-ის, მ. ც-ეის, ბ. ჯ-ეის, დ. დ-ის, ო. ვ-ეის,ზ. ჩ-ეის, კ. ვ-ეის, ზ. ა-ეის, ა. ჯ-ეის, გ. ს-ას, მ. წ-ეის, მ. მ-ის, დ. ნ-ეის, ს. ჭ-ის, ე. წ-ეისა და გ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ თითოეულის სასარგებლოდ 3 (სამი) თვის კომპენსაციის გაცემის ფარგლებში, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ.
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას. სწორედ დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად ხდება პირთა ნუსხის შედგენა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დასაქმებული არ აკმაყოფილებს აღნიშნული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ამ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, კონკრეტული პირები შეიყვანოს პროგრამით გათვალისწინებულ ნუსხაში. კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური დამატებით აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 208 წლის 12 ნოემბრის №5778 ბრძანებით. შესაბამისად, თუ ფიზიკური პირი დაქირავებით მუშაობას ეწეოდა ან/და ეწევა მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციაში კომპეტეციის ფარგლებში, სსიპ შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის 4 მაისის №286 დადგენილების შესრულების მიზნით, მოკლებულია კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ნუსხაში აღნიშნული პირების მონაცემების შეტანის შესაძლებლობას, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
კასატორი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 4 მაისის №286 დადგენილება ცალსახად განსაზღვრავს თუ ვინ უნდა მიიღოს კომპენსაცია ამ დადგენილების ფარგლებში, ვინ ითვლება დაქირავებით მომუშავედ და ვინ არ ითვლება, ვის მიერ და როგორ ხდება ამ კომპენსაციის გაცემა, ასევე, შეზღუდვები, თუ რომელ პირებს არ ეკუთვნით ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია. მოწინააღმდეგე მხარის წერილობით მიმართვაზე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიიღეს სამართლებრივად სწორად შეფასებული და დასაბუთებული პასუხი მოსარჩელეების მოთხოვნასთან მიმართებაში. შესაბამისად, სასამართლოების მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მტკიცების ტვირთის პირობებში ვერ შეძლეს თავიანთი ვალდებულების შესრულება, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორთა მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრისა და 2023 წლის 9 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 ივლისის №21-11/79381 წერილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 ივნისის №4977 წერილი და მოპასუხე - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეების - მ. კ-ის, ა. გ-ეის, ჯ. ს-ეის, ჯ. გ-ეის, ი. მ-ას, ო. ვ-ეის, ვ. ტ-ის, ა. ვ-ის, ა. ბ-ეის, შ. ა-ეის, ზ. დ-ეის, ბ. ბ-ის, მ. ც-ეის, ბ. ჯ-ეის, დ. დ-ის, ო. ვ-ეის,ზ. ჩ-ეის, კ. ვ-ეის, ზ. ა-ეის, ა. ჯ-ეის, გ. ს-ას, მ. წ-ეის, მ. მ-ის, დ. ნ-ეის, ს. ჭ-ის, ე. წ-ეისა და გ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ თითოეულის სასარგებლოდ 3 (სამი) თვის კომპენსაციის გაცემის ფარგლებში, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ. მოწინააღმდეგე მხარეებს - მ. კ-ის, ა. გ-ეს, ჯ. ს-ეს, ჯ. გ-ეს, ი. მ-ას, ო. ვ-ეს, ვ. ტ-ის, ა. ვ-ის, ა. ბ-ეს, შ. ა-ეს, ზ. დ-ეს, ბ. ბ-ის, მ. ც-ეს, ბ. ჯ-ეს, დ. დ-ის, ო. ვ-ეს, ზ. ჩ-ეს, კ. ვ-ეს, ზ. ა-ეს, ა. ჯ-ეს, გ. ს-ას, მ. წ-ეს, მ. მ-ის, დ. ნ-ეს, ს. ჭ-ის, ე. წ-ესა და გ. ხ-ის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 3 (სამი) თვის კომპენსაციის გაცემის ფარგლებში, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2020 წლის 4 მაისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა №286 დადგენილება ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, „ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, დამტკიცდა „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“. ხსენებული პროგრამა შინაარსობრივად იყოფა სამ ძირითად მიმართულებად, რომლებიც განსაზღვრავენ: (ა) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს; (ბ) კომპენსაციის ოდენობებს; (გ) კომპენსაციის გაცემის წესებს. კომპენსაციის კატეგორიზაცია ხდება სამი მსხვილი ჯგუფის მიხედვით, ესენია: (ა) ე.წ. „200-ლარიანი კომპენსაცია“ - აღნიშნული კომპენსაცია არის გრძელვადიანი (6 თვემდე ვადით) და ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ზიანი მიადგათ სახელფასო შემოსავლის დაკარგვის შედეგად; (ბ) ე.წ. „300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია“ - აღნიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ერთჯერად დახმარებას და განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიაზრებიან „მოქმედ მეწარმეებად“ ან/და სხვა „ალტერნატიული შემოსავლის“ მქონე პირებად; (გ) “სოციალური დახმარებები“ - აღნიშნული წარმოადგენს კლასიკურ სოციალური შემწეობის ტიპის დახმარებას და მის ბენეფიციარებად მოიაზრებიან საზოგადოების სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ფენის წარმომადგენლები.
დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ დაქირავებულს (მათ შორის, პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული პროგრამით გამონაკლისად იქნა მიჩნეული „საჯარო სექტორში“ დასაქმებული პირები და განისაზღვრა, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი: ა) საბიუჯეტო ორგანიზაციიდან; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან; გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან; დ) საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი; ე) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს ამავე „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმო.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები შრომითი კანონმდებლობით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრთან, რომელიც, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას. შრომის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათ მიერ „გამომუშავებული“ თანხის 40%-ის ოდენობით და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 21 მარტს, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, მოსარჩელეებს, ბევრ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, 2020 წლის აპრილსა და მაისში შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, დასახელებულ პერიოდში ვერ მიიღეს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მოსარჩელეთა შემთხვევაში, დამსაქმებელი, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას დასაქმებულების სახელფასო შემოსავლებზე ეზრუნა, ვინაიდან ამ უკანასკნელთა შრომის ანაზღაურება, შრომის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, განისაზღვრებოდა მათ მიერ „გამომუშავებული“ და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მართვის ცენტრში“ შეტანილი თანხის შესაბამისად, 40% ოდენობით. ამდენად, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა, ვინაიდან 2020 წლის აპრილსა და მაისში ვერ შეასრულეს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხელფასის სახით ვერ მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის №286 დადგენილების პირველივე მუხლით ირკვევა, რომ პროგრამის დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქება, მათ შორის, იმ პირების დახმარება, რომლებმაც პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციის პირობებში ვერ მიიღეს სახელფასო შემოსავლები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ დაქირავებით მომუშავე პირებს და ისინი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ პროგრამით გათვალისწინებულ პერიოდში, რისთვისაც იღებდნენ ხელფასს, მოსარჩელეებს დამქირავებლისგან შეუწყდათ სახელფასო განაცემის მიღება 2020 წლის 1 ივლისამდე, აპრილსა და მაისში შრომითი ურთიერთობის შეჩერების გამო. ამგვარად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრში დასაქმებული პირები - მ. კ-ი, ა. გ-ე, ჯ. ს-ე, ჯ. გ-ე, ი. მ-ა, ო. ვ-ე, ვ. ტ-ი, ა. ვ-ი, ა. ბ-ე, შ. ა-ე, ზ. დ-ე, ბ. ბ-ი, მ. ც-ე, ბ. ჯ-ე, დ. დ-ი, ო. ვ-ე, ზ. ჩ-ე, კ. ვ-ე, ზ. ა-ე, ა. ჯ-ე, გ. ს-ა, მ. წ-ე, მ. მ-ი, დ. ნ-ე, ს. ჭ-ი, ე. წ-ე და გ. ხ-ი უნდა გაუთანაბრდნენ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის №286 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რამეთუ მოსარჩელეები სრულად აკმაყოფილებენ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამით დადგენილ პირობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავენ მათ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე