Facebook Twitter

ბს-1329(კ-22) 24 მაისი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-ემ 22.07.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუტების შემდეგ მოითხოვა მატერიალური ზიანის: სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 4000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში), ციხეში ყოფნის დროს მის საბარათე ანგარიშზე დარიცხული თანხის - 30 144 ლარის და მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2021წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. თ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 25 000 ლარის და მატერიალური ზიანის 15 840 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 5000 ლარი შეადგენდა სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის ხარჯს, ხოლო 10 840 ლარი - ციხეში ყოფნის გამო ბარათზე დარიცხულ თანხას, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2021წ. გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ციხეში ყოფნის გამო ბარათზე დარიცხული თანხის 10 840 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. თ-ეის სარჩელი მატერიალური ზიანის სახით, ციხეში ყოფნის გამო ბარათზე დარიცხული თანხის 10 840 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენი არის მარეაბილიტირებელი გარემოება, რომელიც ქმნის დამდგარი ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს. გ. თ-ე დააკავეს 23.09.2017წ. და გაათავისუფლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გამამართლებელი განაჩენის შედეგად. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფაქტორის მხედველობაში მიღებით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის რიგითი, ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე, როგორც უდანაშაულო პირი, არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ამასთანავე, მხედველობაში იქნა მიღებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 25 000 ლარის მიკუთვნება შეესაბამებოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებს. პალატამ მიიჩნია, რომ მართებულად ანაზღაურდა აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი, რადგან მოსარჩელე იძულებული იყო სისხლის სამართლის საქმეში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისთვის აეყვანა ადვოკატი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს Nბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე და აღნიშნა, რომ ადვოკატი ახორციელებს კლიენტისთვის იურიდიული მომსახურების გაწევას სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეთანხმება ან კანონისმიერი დათქმა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შესახებ. პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ გ. თ-ეის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიაზე იცავდა რამოდენიმე ადვოკატი, რომელთა მომსახურებაც სასყიდლიანია, ასაბუთებსმოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას გონივრულ ფარგლებში - 5000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ უსაფუძლოდ ჩათვალა პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით ციხეში ყოფნის გამო ბარათზე დარიცხული თანხის - 10 840 ლარის დაკისრება, რადგან არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა. პალატამ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 14.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ პატიმარი უზრუნველყოფილია კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით, მიმოწერით, უფასო იურიდიული დახმარებით და სხვ., მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საპატიმრო დაწესებულებაში არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, შესაბამისად, პატიმრის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის აუცილებლობა არ დგინდება, პატიმრობის პერიოდში დამატებითი ხარჯები მოსარჩელემ საკუთარი სურვილით გაწია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. კასატორმა სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მოსარჩელის დაპატიმრება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულად დიდია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კონკრეტული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამო სარჩელის დაკმაყოფილება აღნიშნულ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული. კასატორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. მიუხედავად პირის გამართლებისა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა ქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14); 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17), 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. N22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო შეფარდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენით დადასტურდა გ. თ-ეის უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ მას მოუწია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა შეზღუდვის თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერად გამოყენებული აღკვეთის ღონიძიებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ. რაც შეეხება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. თ-ეის პატიმრობის ხანგრძლივობის (გ. თ-ე პატიმრობაში იმყოფებოდა 2 წელზე მეტი ხნის მანძილზე), წაყენებული ბრალდების შინაარსის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა გ. თ-ეისთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას რიგი სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინების საჭიროების გამო, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ინდივიდუალურად განისაზღვრება, რის გამო „გონივრული და სამართლიანი“ ოდენობა შესაძლებელია ყოველ დავაში განსხვავებული იყოს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრება მორალური ზიანის დიდი ოდენობით ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია რაიმე სახის დასაბუთებას. ამასთანავე, ის გარემოება, რომ საგამოძიებო ორგანოები მოქმედებენ ინფორმაციული დეფიციტის პირობებში, შესაძლოა ქმნიდეს არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლების, არამედ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლების შემცირების საფუძველს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში გ. თ-ეის მიერ იურიდიული მომსახურების მიღება რამდენიმე ადვოკატისგან. საქმის მასალებით არ დასტურდება იურიდიული მომსახურების სათანადო ანაზღაურების გარეშე გაწევა, შესაბამისად ივარაუდება ადვოკატის მომსახურების სასყიდლიანი ხასიათი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუსგ 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17), 09.02.2012წ. Nბს-1330-1315 (კ-11); 30.10.2015წ. Nას-444-423-2015; 25.03.2016წ. Nას-12-12-2016., 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17) და სხვ.). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სისხლის სამართლისა საქმის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების წინაპირობების არსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი