№ბს-158(2კ-23) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ბ. მ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9500 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ბ. მ-ის სასარგებლოდ: ა) მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9500 (ცხრა ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების - 350 ლარის, ექსპერტიზის ჩატარების ღირებულების - 571 ლარისა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის - 23 ლარის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.
4.1 კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ მიხედვით, გამგეობას დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანებასთან და მწვანე ნარგავებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქის განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირება შედის გამგეობის კომპეტენციაში. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს წინამდებარე დავაში.
კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უმოქმედობით პირისათვის ზიანის მიყენებას, აუცილებელია არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელების ვალდებულება და ამ ვალდებულების განხორციელებისაგან თავის შეკავების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებით არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შეეძლო მიზეზობრივი კავშირი ჰქონოდა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. თუნდაც დადასტურდეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებითა თუ უმოქმედობით ზიანის მიყენების ფაქტი, უსაფუძვლოა ორივე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, მაშინ, როდესაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება წარმოადგენს გამგეობის კომპეტენციას.
4.2 კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ თანახმად, შესაბამის გამგეობას დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანებასთან და მწვანე ნარგავებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქის განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირება შედის გამგეობის კომპეტენციაში. მოქალაქის მიერ სამგორის რაიონის გამგეობაში განცხადება არ წარდგენილა, რომლის საფუძველზეც სპეციალისტი ადგილზე შეისწავლიდა საკითხს შემდგომი რეაგირებისთვის. განცხადების წარდგენის შემდგომ გამგეობა მოახდენდა მისამართზე არსებული ხეების დათვალიერებას და შემოწმებას. ასეთი შემოწმების შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი მსჯელობა ხეების ისეთი სახის დაზიანების ან დაავადების არსებობის შესახებ, რაც შეიძლება გამხდარიყო მათი წაქცევის ან გადატეხვის საფუძველი.
კასატორის განმარტებით, 2019 წლის 7 მაისს შედგენილ საპატრულო პოლიციის ოქმში აღნიშნულია, რომ ავტომანქანის მფლობელის განმარტების შესაბამისად, მის ავტომობილს დაეცა ხე და დააზიანა კონკრეტული ნაწილები, ხის ავარიულობაზე ან მსგავს გარემოებაზე აღნიშნულ ოქმში მითითება არ არის. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებით არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შეეძლო მიზეზობრივი კავშირი ჰქონოდა მხარისათვის მიყენებულ ზიანთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია ...-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ..., ტიპი - ..., მოდელი - ... (ს.ფ 12); ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორ ტ. ხ-ის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 მაისს, ქ. თბილისში, ..., ...ს მე-... კორპუსის მიმდებარედ მდგარ ...-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ..., დაეცა ხე, დაზიანდა ავტომანქანა. ხის დაცემის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოძახებული იქნა სამაშველო ეკიპაჟი (ს.ფ 13-15); გ) ბ. მ-იმა 2019 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2019 წლის 14 მაისის №37-01191343211 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №19.30.41 განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა უფლებამოსილია დახმარება გაუწიოს მის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს. ამასთან, სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები მეტწილად მიმართულია მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს განცხადება. ბ. მ-იმა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, განცხადებით ასევე მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 22 მაისს (ს.ფ 19-21, 23-25); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 ივნისის №37-01191571677 წერილით ბ. მ-ის ეცნობა, რომ ხე-მცენარეების მორწყვას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია, ხეების სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით მან უნდა მიმართოს განცხადებით გამგეობას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ხოლო ხის მოჭრასთან დაკავშირებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს (ს.ფ 33); ე) 2019 წლის 18 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა სატელეფონო ზარი ნომრიდან ..., რომელიც შეეხებოდა ქ. თბილისში, ..., ...ს მე-... კორპუსის წინ არსებულ ხეს. შეტყობინება გადაეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ვერ იქნა სასამართლოსათვის ინფორმაცია მოწოდებული გატარებული ღონისძიებების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ გამგეობის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ საკითხზე, აღარ მუშაობს დაკავებულ თანამდებობაზე და ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება (ს.ფ 37, 146-147); ვ) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ივნისის №12/1-586 წერილის მიხედვით, ქალაქ თბილისის ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით, 2019 წლის 7 მაისს რაიმე სახის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა (ძლიერი ქარი, ნალექი, სეტყვა, წყალდიდობა და სხვა) არ აღნიშნულა, 7 მაისს 4-5 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარის ქარი არ დაფიქსირებულა (ს.ფ 41); ზ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივნისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 2010 წელს დამზადებული, ...ის ტიპის ავტომანქანა ... ...-ზე (სახელმწიფო ნომრით ...) მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 9500 ლარს (ს.ფ 46-52).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპურ დებულებაზე“, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. აღნიშნული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თბილისის რაიონის გამგეობა არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-3 მუხლის „გ.პ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახური.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრის განხორციელება. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციაა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება გამგეობის კომპეტენციაა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრის განხორციელება - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა სატელეფონო ზარი ქ. თბილისში, ..., ...ს მე-... კორპუსის წინ არსებულ ხესთან დაკავშირებით. შეტყობინება გადაეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შეტყობინებასთან დაკავშირებით რაიმე სახის რეაგირების განხორციელება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკისრებოდათ რეაგირების მოხდენის, ქმედების განხორციელების კანონისმიერი ვალდებულება. მათი უმოქმედობის გარეშე მოსარჩელეს ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად არ მიადგებოდა ზიანი 9500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9500 ლარის ოდენობით, საფუძვლიანია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართლზომიერად დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე