Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-550(კ-23) 29 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მცირე მეწარმე „ მ.მ-ი“

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცირე მეწარმე „მ.მ-მა“ წარმომადგენლის მეშვეობით 2023 წლის 25 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022წ. №1927 საგადასახადო შემოწმების აქტის; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2022წ. №12976 ბრძანების; სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.12.2022წ. №32110 ბრძანების; სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.12.2022წ. №065-28 ,,საგადასახადო მოთხოვნის“; სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.12.2022წ. №065-4550 შეტყობინების; სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.02.2023წ. №2932 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 06.042023წ. №18958 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით სარჩელი, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მცირე მეწარმე ,,მ.მ-ის“ წარმომადგენლის მიერ.

მცირე მეწარმე „მ.მ-ის“ წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შესაბამისად უნდა გაუქმდეს. სასამართლომ სადავო განჩინების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლიდან გამომდინარე სადავო განჩინების გაუქმების საფუძველია. კასატორის წარმომადგენელი მოითხოვს, რომ საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხვა მოსამართლეს. მისი მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს ავალდებულებს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას.

კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი, რომლის თანახმად სასამართლოში სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იურიდიული პირების მისამართზე; სწორედ მოპასუხეების მისამართია ქალაქი თბილისი. მისი მოსაზრებით, სადავო განჩინება ემსახურება საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ როგორც მოპასუხეების, აგრეთვე მოსარჩელისა და სადავო აქტებში მოხსენიებული სავაჭრო ობიექტის ადგილსამყოფელსაც ქალაქი თბილისი წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სადავო განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხვა მოსამართლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მცირე მეწარმე მ.მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებას, რომლითაც მცირე მეწარმე ,,მ.მ-ის“ სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, და ახალი განჩინებით საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას. ამდენად, შესაფასებელია დასაშვებია თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრება და დასაშვებია თუ არა მხარის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ საკასაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან განჩინებაზე, დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით გასაჩივრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს, რომ სარჩელი წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმ შემთხვევაში, როცა სარჩელი შეტანილია არაგანსჯად სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, რის შესახებაც უნდა შეატყობინოს მოსარჩელეს (სასკ-ის 26.2 მუხ.). განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებაზე, დავა განსჯადობის თაობაზე წარმოიშობა სასამართლოთა შორის და არა სასამართლოსა და მხარეს შორის. მართალია, განსჯადობის შესახებ დავას საკასაციო სასამართლო წყვეტს, მაგრამ არა მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრისთვის განხილვისთვის დადგენილი წესებით საკასაციო სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის განხილვის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომელიც საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მცირე მეწარმე ,,მ.მ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა