საქმე #ბს-792(2კ-21) 25 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1. ა(ა)იპ „ბ...“ (მოსარჩელე);
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 13 ივნისს ა(ა)იპ „ბ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - 1) ბათილად იქნეს ცნობილი: ა) „სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანება; ბ) „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანება; 2) დაევალოს მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადებაზე აღმჭურველი აქტების გამოცემა, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა; 2) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრა, ამ მიზნით: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა; ბ) დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოსარჩელის განმარტებით, „ფ...ს“ გასაჩივრებული აქტებით უარი ეთქვა მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე, რის შედეგადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეიზღუდა მოსარჩელის საკუთრების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლება. შესაბამისად, სადავო აქტებით მოსარჩელეს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტები წარმოადგენს „ფ...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფესიური დანიშნულებით სამშენებლოდ განვითარებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ხოლო მითითებული გადაწყვეტილება არსებითად ეყრდნობა მეორე სადავო აქტს, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანებას. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მხარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში უარის თქმის დასაბუთებად უთითებს გარემოებას, რომელიც თავის მხრივ, საერთოდ არ არის მოცემული 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანებაში.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილების თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარი ითქვა მხოლოდ ორი საფუძვლით: 1. სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6 (სზ-6)-ს, რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტლის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს ამ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით; 2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე, იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სახით. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია არის საკონსულტაციო ორგანო და მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. კომისიის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და მისი მომზადებისა და გამოცემის მიმართ არ გამოიყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილი მოთხოვნები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი სადავო აქტში უარის არსებით საფუძვლად სწორედ კომისიის წარდგინებას მიიჩნევს და შესაბამისი მოკვლევისა და დასაბუთების გარეშე, უარს აცხადებს სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემაზე.
მოსარჩელის აღნიშვნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრეციას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული პირობების შესწავლის ვალდებულებასაც, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება, კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გაეთვალისწინებინა მოქალაქეთა ძირითადი უფლებებით დაცული ინტერესები. დისკრეციული უფლებამოსილების პირობები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს პირდაპირ ავალდებულებდა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიანად და ობიექტურად ემსჯელა იმ გარემოებებზე, რომლებიც ზონალური შეთანხმების გასაცემად იყო საჭირო და გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე მხარის თვითნებური, დისკრიმინაციული ჩარევა ...ი თემის უფლებებში.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქთმშენებლობა ითვალისწინებს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთანხმების ვალდებულებას და დასაშვებად მიიჩნევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესების (უფლებების) შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ...ის არსებობის პირობებში, ...ი თემისათვის არასაკმარისია სალოცავი სივრცე, რის გამოც ...ი მრევლის წარმომადგენლები წლების განმავლობაში იძულებულნი არიან, ღია ცის ქვეშ ილოცონ. შედეგად, მათ ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში.
მოსარჩელის კერძო ინტერესს წარმოადგენდა არა მხოლოდ კერძო საკუთრების უფლების, არამედ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების რეალიზებაც, რაც საკუთარ თავში მოიაზრებს საშუალებას, მორწმუნეებმა კერძოდ თუ საჯაროდ მოახდინონ შეკრება და რელიგიური რიტუალის აღსრულება, ჯეროვან და სათანადო სივრცეში აღავლინონ ლოცვა.
მოსარჩელის შეფასებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გადაწყვეტილების გამოტანისას უგულებელყო რეალური ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებლის ინტერესი, რაც ბათუმში ახალი ...ის აშენების საჭიროებას უკავშირდებოდა და შესაბამისად, ადგილი აქვს შეცდომას დისკრეციულ უფლებამოსილებაში, მოპასუხე მხარემ დისკრიმინაციულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს მოსარჩელის უფლებებს.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მითითებულ მეორე არგუმენტს, რომლის თანახმად, საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა საპროექტო მიწის ნაკვეთთან მიმართებით ადგენს მხოლოდ მინიმალურ სტანდარტს მისასვლელთან დაკავშირებით, რისი არსებობაც, მითითებულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა. სხვა საკანონმდებლო დათქმა საპროექტო მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურულ პირობებთან დაკავშირებით კი, არ არსებობს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტებით „ფ...ს“ შეეზღუდა უფლება, აეშენებინა საკულტო ნაგებობა, რითაც განხორციელდა ჩარევა რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში. მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას, რამდენადაც მოსარჩელე არის დაცული ნიშნის, რელიგიის მატარებელი პირი, ხოლო კომპარატორად გამოყენებულ უნდა იქნას იმავე მახასიათებლების მქონე პირი, რომელიც წარმოადგენს დაცული ნიშნის მქონე დომინანტ ჯგუფს. ასეთად კი, მოსარჩელის მოსაზრებით, მითითებულ შემთხვევაში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება ჩაითვალოს.
მოსარჩელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტები ფორმალურად ასაბუთებს უარს და არგუმენტაციად მიწის ნაკვეთის ზონალურ სტატუსს იყენებს, აღნიშნული არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობას. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში 7 მართლმადიდებლური ტაძარია განთავსებული, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ შემდგარ კვარტლებში. მათი მშენებლობის თაობაზე არ არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეთანხმებული არანაირი პროექტი, ან ნებართვა.
მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციის ინსტიტუციური ბუნების და სტანდარტების შესახებ მიუთითებს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დისკრიმინაცია გულისხმობს მოვლენების, ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობაში შეფასებას, რის შედეგადაც, სასამართლო სწორედ ყველა გარემოების შეჯერების შედეგად მიდის საბოლოო დასკვნამდე, ამასთან, გასათვალისწინებელია განსახილველ საქმესთან დაკავშირებული ფართო კონტექსტიც.
მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ადგილობრივი თვითმმართველობა თავის ქონებას გადასცემს იმავე ზონაში, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის, ხოლო ... თემს, რომელიც მრევლის შემოწირულობების საფუძველზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნება თავის საკუთრებაზე მშენებლობის წარმოებაზე, ქალაქგანვითარებითი ინტერესების გამოყენებით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არათანაბრად ეპყრობა ორ რელიგიურ გაერთიანებას, რადგან, ერთი მხრივ, მერია საკუთარ რესურსებს (მიწის ნაკვეთებს) უთმობს ერთ რელიგიურ გაერთიანებას საკულტო ნაგებობის ასაშენებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში, საერთოდ უარს ეუბნება რელიგიურ უმცირესობას მშენებლობის ნებართვის მინიჭებაზე, თანაც, რელიგიური გაერთიანების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელე მხარე განსხვავებულ მოპყრობასთან დაკავშირებით მიუთითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად, განსხვავებული მოპყრობის დასაბუთება უნდა იყოს ობიექტური და გონივრული, სხვა სიტყვებით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაზომიერება გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის.
მოსარჩელე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ...ის აშენების საჭიროება ბათუმში ოთხმოცდაათიანი წლებიდან დგას. ...ი მრევლისთვის ...ის აგების დაპირება პოლიტიკური ძალებისგანაც არაერთხელ გაისმა. მაგალითად, 2013 წლის 5 ოქტომბერს „ს...ოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ...ის მშენებლობას პირადად დააფინანსებდა. ბათუმში ახალი ...ის აშენებას ... თემს საჯაროდ აჭარის მთავრობაც დაჰპირდა. 2013 წლის 8 ოქტომბერს აჭარის მთავრობის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აჭარაში ...ი მორწმუნეებისთვის ...ი აშენდებოდა, თუმცა ტერიტორიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.
მიუხედავად საჯარო დაპირებებისა, სახელმწიფომ ფაქტობრივად უარი განაცხადა ბათუმში ახალი ...ის აშენებაზე და სანაცვლოდ, 2015 წელს, „ს...ოს“ სარგებლობის უფლებით გადასცა მოქმედი ...ი. ...მა თემმა 2016 წლის თებერვალში 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა ახალი ...ისათვის მიწის გამოყოფის მოთხოვნით. ხელმოწერები „ბ...მა“ აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა. ამის გათვალისწინებით, 2016 წლის 16 ივნისს დაარსდა „ფ...ი“, რომელმაც მიზნად დაისახა ...ის აშენებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საბოლოო ჯამში, არც ხელმოწერების შეგროვებისა და არც მშვიდობიანი აქციების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. აქედან გამომდინარე, „ფ...მა“ 2016 წლის 7 სექტემბერს საკუთარი რესურსებითა და ადგილობრივი მორწმუნეების შემოწირულობებით შეისყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც ამჟამად ითხოვენ მშენებლობის ნებართვას.
მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის ...ის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობას არ შეიძლებოდა ჰქონოდა კანონიერი მიზანი. უფლების შეზღუდვის დროს რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია, როცა ერთ-ერთ გაერთიანებას უფლება ეზღუდება, ხოლო კომპარატორს - არა, შეუძლებელია გამართლდეს რაიმე კანონიერი მიზნით. შესაბამისად, საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობას არ გააჩნია კანონიერი მიზანი, ხოლო მათი დიფერენციაცია გაუმართლებელია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ ასეთ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, ანუ როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, ან თუკი არ არის გონივრული თანაზომიერება გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის.
მოსარჩელის მოსაზრებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბათუმში ...ები ყოველდღიურად არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი ლოცვისთვის საკმარისი სივრცის არარსებობას ასახელებენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბათუმში არსებული ერთადერთი ...ი მლოცველებს ვერ იტევს და რამდენიმე ასეული ...ი ლოცვას ქუჩაში, სიცხესა თუ სიცივეში, ღია ცისქვეშ აღავლენს. რელიგიური წეს-ჩვეულება ...ებს ლოცვის წინ რიტუალურ განბანას ავალდებულებს, ამასთან, ლოცვა უნდა ტარდებოდეს სუფთა და მყუდრო გარემოში, ქუჩაში ლოცვის გამო კი ...ები ამ სავალდებულო რიტუალს ვერ ასრულებენ.
მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ ...ების წინააღმდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანების და/ან ხელისუფლების დაპირისპირების მიზეზი ძირითადად, ლოცვა, საკულტო ნაგებობის, რელიგიური სასწავლებლის ფუნქციონირება თუ სხვა ფორმით რელიგიური იდენტობის საჯარო სივრცეში გამოხატვა იყო. ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის წარმოშობა ...ების მიერ კონსტიტუციით მინიჭებული რელიგიის თავისუფლების რეალიზებას სდევდა თან, მაგალითად, ...ში, ...სა და ...ში.
მოსარჩელის მითითებით, სასამართლომ სწორად, ობიექტურად და სრული მასშტაბით უნდა გაანალიზოს ის ფაქტი, რომ საჯარო სივრცე მთლიანად მონოპოლიზებული და ათვისებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებები ხშირად ამ სივრცის მიღმა რჩებიან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყოველი ინდივიდუალური მცდელობა, ...ი თემის წარმომადგენლებმა მოახდინონ რელიგიის თავისუფლების უფლებით მინიჭებული ლოცვის და სხვა რელიგიური რიტუალების აღსრულება, ხელოვნურ, დაუსაბუთებელ და უკანონო წინააღმდეგობებს აწყდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ბ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დადგინდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია, ა(ა)იპ „ბ...ს“ მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას. ბათილად იქნა ცნობილი „სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანება და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ა(ა)იპ „ბ...ს“ განცხადებაზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა დაევალა. ა(ა)იპ „ბ...ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულია „ფ...ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: ....
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ფ...ის“ საკუთრებად ირიცხება ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე, 1201.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და ...ის ქუჩის #...-ში მდებარე, 1250.00 კვ.მ მიწის ნაკვთი (ს.კ. ...).
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ „ფ...მა“ 2017 წლის 8 თებერვალს #342/01 განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის #... და #...-ში მდებარე 1201.00 კვ.მ და 1250.00 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება მოითხოვა.
ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადება და 2017 წლის 1 მაისის ოქმით „ფ...ის“ დაგეგმილ მშენებლობაზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანებით „ფ...ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, რადგანაც ...ის მშენებლობა კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის დასაშვებად არ იქნა მიჩნეული.
ამასთან, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ორი საფუძვლით: 1) სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6)-ში, რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტალის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით; 2) საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაციის განუხორციელებლობის ტვირთი მთლიანად მოპასუხეს ეკისრება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე უნდა ჩამოშორდეს მტკიცების პროცესს. სასამართლოს შეფასებით, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის დასადასტურებლად, მოსარჩელემ უნდა წარადგინოს ფაქტები პრეზუმფციული ვარაუდის შექმნისათვის, რომ იგი ექცევა (ან აღქმულია) დაცული ნიშნის ქვეშ და მის მიმართ განხორციელდა არახელსაყრელი მოპყრობა, ხოლო ამ ფაქტების გაქარწყლების ან/და დიფერენციაციის ობიექტური და გონივრული გამართლების ვალდებულება და მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს გააჩნია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ პუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, „მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს განსხვავებულ იერარქიულ ნებართვას, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი).
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სწორედ მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) ეთქვა უარი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ...ის მშენებლობაზე უარის თქმის ორივე საფუძველზე და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ზონა 6-ის არსი განმარტებულია „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილების მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სზ-6 წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.
სასამართლომ მიუთითა ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალს. აღნიშნული მუხლის 6.3. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს საცხოვრებელ ზონა-6-ში (სზ-6) ზონის ტერიტორიისთვის დასაშვებ უძრავი ქონებების (ობიექტების) ჩამონათვალს, სადაც მითითება საკულტო და/ან საეკლესიო ნაგებობებზე არ არის. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ ფუნქციურ ზონაში არ არის დაშვებული საკულტო და/ან საეკლესიო ნაგებობის მშენებლობა, თუმცა აღნიშნული მუხლის 6.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი საცხოვრებელ ზონა-6-ში (სზ-6) ითვალისწინებს ისეთი ობიექტების მშენებლობას, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას და ამ ჩამონათვალში არის საეკლესიო ობიექტებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ სზ-6-ში ...ის მშენებლობა, წარმოადგენს უძრავი ნივთის (საპროექტო მიწის ნაკვეთის) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობას.
სასამართლომ მიუთითა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება შესაძლებელია, თუ: ა) მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
სასამართლოს შეფასებით, როგორც მითითებული ნორმის ფორმულირებიდან იკვეთება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული პირობები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს პირდაპირ ავალდებულებდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიანად და ობიექტურად ემსჯელა იმ გარემოებებზე, რომლებიც ზონალური შეთანხმების გასაცემად იყო საჭირო, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ უნდა ჰქონოდა მოპასუხე მხარის მხრიდან ...ი თემისადმი განსხვავებულ, დისკრიმინაციულ მიდგომას.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა, რამდენად წარმოადგენდა ქალაქ ბათუმში ...ი მრევლის მოთხოვნა და 12 000 ხელმოწერით დადასტურებული ...ის მშენებლობა ისეთ განსაკუთრებულ მიზეზს, რომელსაც შეეძლო გადაეფარა კონკრეტული ქალაქგანვითარებითი ინტერესი, რომ კვარტლის განვითარება გაგრძელებულიყო ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით.
სასამართლოს მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, ისევე როგორც თავად ქალაქთმშენებლობა, ითვალისწინებს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთანხმების ვალდებულებას. კერძოდ, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდება ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმების ხელშეწყობის პრინციპით. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესების (უფლებების) შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. მითითებულ შემთხვევაში კი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვად მხოლოდ ქალაქგანვითარების გარკვეული ხედვების და მოსაზრებების ინტერესზე უთითებს. როგორც თვითონ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2017 წლის 1 მაისის სხდომის ოქმშია აღნიშნული, ქალაქ ბათუმის ტერიტორიის სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევის მომზადება და აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული, ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის ასეთი რეკომენდაცია, რაც სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად იქნა გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ემყარებოდა ერთ-ერთ ისეთ გარემოებას, რომლის დამდგარი შედეგის მიხედვით შეფასება, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელია, რამდენადაც ჯერ-ჯერობით ქალაქ ბათუმისა და ამ კონკრეტული უბნის (სადაც სამშენებლო მიწის ნაკვეთები მდებარეობს) განვითარების გენერალური გეგმის მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, მზადდება გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა. ამასთან, როგორც კომისიის რეკომენდაციაშია მითითებული, არ არის გამორიცხული, განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, რომლითაც, ასევე, შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოებრივი დანიშნულების ისეთი ნაგებობის მშენებლობაც, რასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე.
შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ფ...ის მოსაზრება, რომ მსგავსი ლეგიტიმური მიზნის (საჯარო ინტერესის) დასახელების მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ მის მიერ განხორციელებული ჩარევა მოსარჩელის რიგ უფლებებში, აკმაყოფილებდა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის ტესტს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია, რატომ მიანიჭა კონკრეტული კვარტლის ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით განვითარების ინტერესს პრიორიტეტი მოსარჩელეთა რელიგიის თავისუფლების, საკუთრების უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებებთან მიმართებით, მაშინ, როდესაც მოთხოვნა ემყარებოდა იმ მოცემულობას, რომ „ფ...ის“ მტკიცებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი ...ის (...ეს) არსებობის პირობებში, ...ი თემისთვის არასაკმარისი იყო სალოცავი სივრცე, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში იძულებულნი არიან, ღია ცის ქვეშ ილოცონ, რითაც მათ ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში.
შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეანალიზებინა და სწორად შეეფასებინა, რომ ერთ მხარეს იდგა ქალაქგანვითარების ინტერესი, ხოლო მეორე მხარეს ...თა ინტერესი საკუთარი შემოწირულობების შედეგად შეძენილ მიწის ნაკვეთზე რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის, საკულტო ნაგებობის აშენების მიმართ.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარისთვის ცნობილი იყო 12000 მოქალაქის ხელმოწერის შესახებ, რომლებიც მოითხოვდნენ და უთითებდნენ ბათუმის ტერიტორიაზე ...ის მშენებლობის აუცილებლობაზე. ამდენად, მოსარჩელე სწორედ აღნიშნულით უსაბუთებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ რეალურად არსებობდა ისეთი განსაკუთრებული მიზეზები, რომლებიც ადგილობრივი თვითმართველობის დისკრეციას გარკვეულწილად ბოჭავდა და მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიდა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე ...ის მშენებლობის დაგეგმვაზე განაცხადი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) კერძო ინტერესს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების რეალიზების კუთხით, რაშიც მოიაზრებოდა მორწმუნეთა კერძოდ თუ საჯაროდ შეკრებისა და რელიგიური რიტუალის აღსრულების, ჯეროვან და სათანადო სივრცეში ლოცვის შესაძლებლობა.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გადაწყვეტილების გამოტანისას უგულებელყო რეალური ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებლის ინტერესი, რაც ბათუმში ახალი ...ის აშენების საჭიროებას უკავშირდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მხრივ, სადავო აქტი ფაქტობრივად დაუსაბუთებელი იყო და მისი დისკრიმინაციული ხასიათის დასაფარად გამოყენებული იყო შეუსაბამო არგუმენტები, რომელიც კონკურენციას ვერ უწევდა განმცხადებლის კანონიერ ინტერესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება თვითნებურად იქნა გამოყენებული და მოპასუხე მხარემ დისკრიმინაციულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავდა მოსარჩელის უფლებებს.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნდა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე ...ის მშენებლობის თაობაზე, არსებითად დისკრიმინაციული იყო, რითაც რელიგიურ უმცირესობას ხელი ეშლებოდა საკულტო ნაგებობების მშენებლობასა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ თანასწორუფლებიანობის ცნებას ცენტრალური ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა დავის სფეროში. „თანასწორუფლებიანობის“ დარღვევა, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების დარღვევას.
სასამართლომ მიუთითა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-12 ოქმის პირველ მუხლზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა დისკრიმინაციის საერთო აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ უზრუნველყოფს თანასწორ მოპყრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. მე-12 დამატებით ოქმზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ოქმის პირველი მუხლის დაცვის ფარგლები ვრცელდება, მათ შორის, საჯარო დაწესებულების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების შესრულებისას (მათ შორის გარკვეული სუბსიდიების მინიჭებისას), ასევე ხელისუფლების ორგანოს ნებისმიერი სხვა მოქმედებისას ან უმოქმედობისას. აღნიშნულ დებულებას ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაშიც ეყრდნობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არსებობს ტესტი, რითაც სასამართლო ხელმძღვანელობს პირდაპირი დისკრიმინაციის საქმეთა განხილვისას. მითითებული ტესტი არსებითად თანხვედრაშია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული პირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებთან, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი ...ის საჭიროებისა და მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ...ი თემის დამოკიდებულებისა და მოთხოვნის შესახებ მოპასუხე მხარეს საჭირო ინფორმაცია მიღებული ჰქონდა, ასევე, მოსარჩელეც მოახსენებდა ამის თაობაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნისას. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახალხო დაცველის 2018 წლის 28 მარტის #04-9/4743 რეკომენდაციაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ქალაქ ბათუმის მერიასაც მიუთითებდა და თავის სარჩელშიც აღნიშნავდა მეორე ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით ...ი თემის ინტერესსა და საჭიროებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, „ო...ს“ ისტორიული ...ი მდებარეობს, რომლის სივრცე მლოცველებს ვერ იტევს, ...ის სივიწროვე და გარემო ფაქტორები კი ...ი ქალების დიდ ნაწილს მთლიანად ართმევს ლოცვის აღსრულების შესაძლებლობას. ...ი თემი ბათუმში ახალი ...ის საჭიროებაზე უკვე არაერთი წელია საუბრობს. ახალი ...ის ასაშენებლად სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთის გამოყოფას ...ი თემი 1990-იანი წლებიდან აქტიურად ითხოვს.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წელს ერთ-ერთი ...ური რელიგიური ორგანიზაციის - სსიპ „ს...ოს“ სასულიერო პირების ნაწილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც მათ ბათუმში ახალი ...ის მშენებლობის ალტერნატივად, სამმართველოს რეზიდენციისა და მედრესესთვის შენობის გადაცემა მოითხოვეს, მაგრამ სამმართველოსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, რეალურად, ...ი თემის საჭიროება და სურვილი ბათუმში ახალი ...ის აშენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, რისი დემონსტრირებაც იყო ...ი თემის მიერ ბათუმში ახალი ...ის მოთხოვნით 12000 ხელმოწერის შეგროვება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი საქმის გარემოებები დასახელებული კრიტერიუმების შესაბამისად ხვდებოდა ადამიანის უფლებათა დაცულ სფეროში.
სასამართლოს შეფასებით, დისკრიმინაციის ტესტის მეორე საფეხურზე უნდა დადგენილიყო, სახეზე იყო თუ არა განსახვავებული მოპყრობა. ამის დასადგენად, პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას, რამდენად თანასწორ მდგომარეობაში იყვნენ სხვადასხვა პირები და განხორციელდა თუ არა მათ მიმართ უთანასწორო, განსხვავებული მოპყრობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ამ მიზნით უნდა გამოვლენილიყო კომპარატორი, პირი, რომელთან მიმართებაშიც განხილული იქნებოდა მოსარჩელის მიმართ მოპყრობა. ამგვარ კომპარატორად კი შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო იმავე მახასიათებლების მქონე პირთა ჯგუფი. მოსარჩელე მხარე კომპარატორად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მიიჩნევდა, რომელიც ასევე რელიგიურ გაერთიანებას წარმოადგენდა და რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებას ასევე გააჩნდა საკულტო ნაგებობების მშენებლობის საჭიროება. ამასთან, არ არსებობდა არავითარი კანონისმიერი დათქმა ან ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიანიშნებდა, რომ ნახსენები რელიგიური ჯგუფი რაიმე განსხვავებული მახასიათებლის მატარებელი იყო მშენებლობის ნებართვების მიღების სფეროში, ვიდრე მოსარჩელე. მეტიც, ისინი, უფლებრივი თვალსაზრისით თანასწორნი იყვნენ, მათზე თანაბრად ვრცელდებოდა ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის სტანდარტი და სახელმწიფოს მათ მიმართ თანასწორი მოპყრობის ურყევი ვალდებულება გააჩნდა.
სასამართლოს შეფასებით, კომპარატორის გამოვლენის შემდეგ, უნდა დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა (აქვს თუ არა) ადგილი განსხვავებულ მოპყრობას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისათვის მშენებლობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი უძრავი ქონების ზონალური სტატუსი და ადგილზე შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი ფორმალურად ასაბუთებდა უარს, აღნიშნული არ გამორიცხავდა დისკრიმინაციის არსებობას.
სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავი იყო, რომ ქალაქ ბათუმის ამ ტერიტორიაზე მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ შემდგარ კვარტლებში შვიდი მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობა იყო განთავსებული. ამასთან, მითითებული საკულტო ნაგებობებიდან სამი მათგანი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე იყო განთავსებული.
შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა, ერთი მხრივ, მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ... თემს, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ითხოვდა საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქალაქგანვითარებითი ინტერესების არსებობის მტკიცებით.
სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის #14 სექტემბრის #50 დადგენილების თანახმად, საეკლესიო ობიექტების მშენებლობისთვის ყველა ზონაში (საცხოვრებელი ზონა 3, საცხოვრებელი ზონა 5, საცხოვრებელი ზონა 6, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 1, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 3) „საეკლესიო ობიექტის“ მშენებლობისთვის აუცილებელი იყო სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება. აღნიშნული დადგენილების თანახმად, საეკლესიო ობიექტების მშენებლობა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გარეშე დასაშვებია მხოლოდ სარეკრეაციო და საკურორტო- სარეკრეაციო ზონა-2-ში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობოდა ორივე რელიგიურ გაერთიანებას, რადგან, იდენტური პირობების შემთხვევაში, აშკარად, ორი სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი იყო დამდგარი. უფრო ზუსტად, ერთი მხრივ, მერია საკუთარ რესურსებს (მიწის ნაკვეთებს) უთმობდა ერთ რელიგიურ გაერთიანებას საკულტო ნაგებობის ასაშენებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში, რელიგიურ უმცირესობას უარს ეუბნებოდა რელიგიური გაერთიანების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მინიჭებაზე.
სასამართლოს მითითებით, განსხვავებული მოპყრობის დადგენის შემდეგ, აუცილებელი იყო გარკვეულიყო, ხომ არ გააჩნდა განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლება.
სასამართლომ მიუთითა სხვადასხვა საქმეებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ განმარტებებზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებზე, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიციის თანახმად, დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით ხორციელდებოდა, რაც წარმოადგენდა კონსტიტუციის მე-14 მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ ნიშანს, რაც ქმნიდა მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების აუცილებელი წინაპირობას. ეს სტანდარტი კი, თავის მხრივ, თანაზომიერების პრინციპს ეფუძნებოდა, რომლის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ უფლების შეზღუდვის დროს, რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია, როცა ერთ-ერთ გაერთიანებას უფლება ეზღუდება, ხოლო კომპარატორს - არა, შეუძლებელია გამართლდეს რაიმე სახის ლეგიტიმური მიზნით. საკულტო ნაგებობის აგების მიზნით კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეზღუდვა შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო ქალაქგეგმარებითი ან/და საინვესტიციო კონკრეტული გეგმების განხორციელების მიზნებით, თუმცა, ცხადია, რომ ეს არგუმენტი ვერ გამოდგება რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაციის გასამართლებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე საკულტო ნაგებობის მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისთვის საჭირო აქტების გაუცემლობას ვერ ექნება კანონიერი მიზანი, ხოლო რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია ვერ იქნება გამართლებული, ანუ, ამ შემთხვევაში განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. შესაბამისად, ვინაიდან ტესტის ეს კრიტერიუმი არ იყო დაკმაყოფილებული, შემდეგი საფეხურების (საშუალებების პროპორციულობა, სახელმწიფოს მიხედულება) გავლა დავის გადაწყვეტისათვის სასამართლომ საჭიროდ აღარ მიიჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ საკულტო ნაგებობის მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას მოსარჩელის მიმართ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით.
სასამართლომ განმარტა, რომ განხილული დავის ფარგლებში დისკრიმინაციული მოპყრობა სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისათვის, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისი საკითხის გადაწყვეტის და ამის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა თვითმმართველობის ორგანოს ან სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული რელიგიის მიმდევართა მიმართ ზოგადად დისკრიმინაციული დამოკიდებულების დადგენას.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებასა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის მეორე არგუმენტზე, რომლის თანახმად საპროექტო მიწის ნაკვეთი ვერ უზრუნველყოფს განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას, რასაც საჭიროებს საკულტო ნაგებობა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით.
მითითებულ არგუმენტთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დათქმა განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის #57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობა დამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.
შესაბამისად, კანონმდებლობა საპროექტო მიწის ნაკვეთთან მიმართებით ადგენს მხოლოდ მინიმალურ სტანდარტს მისასვლელთან დაკავშირებით, რისი არსებობაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა. სხვა საკანონმდებლო დათქმა საპროექტო მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურულ პირობების შესახებ, არ არსებობს.
სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 43-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ჩამონათვალში არ იყო მითითებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის თაობაზე, რასაც საჭიროებდა საკულტო ნაგებობა მასთან მისასვლელი გზებით გადაადგილებისა თუ ავტოტრანსპორტის მოძრაობის კუთხით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი და შიგასაავტომობილო გზების, ავტოსადგომების, მათ მოწყობისა და ა.შ. მონაცემები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 47-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მე-2 სტადიის, არქიტექტურული პროექტის შემადგენელ ნაწილს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე ეთანხმებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ საკულტო ნაგებობა ნამდვილად წარმოადგენდა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს, რომლის სრულყოფილი მუშაობისათვის აუცილებელი იქნებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ მშენებლობის ნებართვის II სტადიაზე - არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე, ფ...ს დაგეგმილი ჰქონდა შესაბამისი პროექტის წარდგენა, რომლითაც გათვალისწინებული იყო მიწისქვეშა პარკირების სივრცის მოწყობა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს ყოველგვარი დასაბუთებისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის გარეშე, მოპასუხე მხარის მიერ უარი ეთქვა ნებართვის პირველივე სტადიაზე, მოსარჩელემ ვერ შეძლო მიწის ნაკვეთის შესაბამისი ინფრასტრუქტურული მოწყობის გეგმების მშენებლობის ნებართვის II სტადიაზე გაზიარება მოპასუხე მხარისთვის.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის ეს საფუძველი, რაც მითითებული იყო სადავო აქტებში, არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობასთან.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ორივე მხარე დათანხმდა და სასამართლომაც მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციას.
სასამართლოს მითითებით, დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არ გამოუკვლევია და არ აუსახავს თავის გადაწყვეტილებაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აკმაყოფილებდა თუ არა ყველა დანარჩენ პირობას, რომელიც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისათვის იყო დადგენილი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ IX თავით (მუხლები 42-45). ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ იმის კვლევით, რომ სზ-6-ში მიზანშეუწონელი იყო საკულტო ნაგებობის მშენებლობა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელეთა უფლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ქალაქგანვითარების გარკვეული ხედვების ინტერესზე მითითება კი სასამართლომ არ მიიჩნია კანონშესაბამისად და არ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის საკმარის საფუძვლად.
სასამართლომ მიუთითა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 43-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს. სასამართლოს შეფასებით, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ეს გამოსაკვლევ საკითხთა ისეთი წრეა, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსაკვლევი და გადასაწყვეტია, რაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს წმინდა დისკრეციას განეკუთვნება და სასამართლო ამ მხრივ ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არ ჰქონდა გამოკვლეული და ასახული თავის გადაწყვეტილებაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებული ...ი თემის კერძო ინტერესისა და თვითმმართველობის საჯარო ინტერესის პროპორციულობის საკითხი, როდესაც ეს წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფაქტორს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპის გატარების დროს. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იყო დარჩენილი ის გარემოებები, რაც დაკავშირებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის კანონშესაბამისობასთან, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო პირობებისა და რეგულაციების დაკმაყოფილების მხრივ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერთან ერთად, რაც დისკრეციას და არათანაბარ მოპყრობას შეეხება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გააანალიზოს ყველა სხვა სამშენებლო რეგულაცია, სრულყოფილად და ამომწურავად უნდა იქნეს გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნის გათვალისწინებით, ქალაქგეგმარებითი ან/და საინვესტიციო კონკრეტული გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიღოს კანონშესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, არსებობს თუ არა საფუძველი მოსარჩელის მოთხოვნის გამართლებული შეზღუდვისა თუ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ მიუხედავად სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2017 წლის 1 მაისის უარყოფითი დასკვნისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ ყოფილა შეზღუდული, თავისუფლად ემსჯელა ამ საკითხებზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო, კომისიის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ამ დასკვნაზე დაფუძნებული უარი, სასამართლოს მოსაზრებით, ფორმალურად ხასიათს ატარებდა.
სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო აქტებში დასაბუთებული არ არის, კონკრეტულად რაში გამოიხატება სატრანსპორტო საშუალებებისთვის ასეთი განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის საჭიროება, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რაც წარდგენილი იყო ქალაქ ბათუმის მერიისათვის, გათვალისწინებულია ავტოსადგომი და ამასთან, საქართველოს მთავრობის #57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ თანახმად, სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის გადაწყვეტას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას მშენებლობის ნებართვის გაცემის აღნიშნული სტადია არ ითვალისწინებს. მიწის ნაკვეთთან მისასვლელი და შიგასაავტომობილო გზების, ავტოსადგომების, მათ მოწყობისა და ა.შ. მონაცემები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 47-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მე-2 სტადიის, არქიტექტურული პროექტის შემადგენელ ნაწილს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, ამ ზოგადი სამართლებრივი მიდგომიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, თუ არსებობს განსაკუთრებული პირობები, რაში გამოიხატება ისინი, რაც აუცილებელს ხდის მშენებლობის ნებართვის პირველივე სტადიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმის ქონის აუცილებლობას და რატომ ენიჭება მას პრიმატი, მოსარჩელის მოთხოვნის შესახებ კერძო ინტერესთან შეფარდებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილი შესწავლის, გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა შეამოწმოს, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის #14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოთხოვნებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ბ...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბ...ის“ (ს/ნ ...) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რასაც აპელანტები ამყარებდნენ თავიანთ სააპელაციო საჩივრებს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ (შემდეგში „წესები“) მიზანს წარმოადგენდა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით-ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „წესების“ მე-6 მუხლი შეიცავს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალს. „წესების“ 6.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, საცხოვრებელი ზონა – 6 (სზ-6) ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობებია: პარკები; ბაღები; სკვერები; ბულვარები; საბავშვო მოედნები; მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები; საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები და სხვ. პალატამ ასევე მიუთითა „წესების“ 6.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას: მათ შორის, საეკლესიო ობიექტები.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ...ი თემის საკულტო ნაგებობა წარმოადგენდა საცხოვრებელი ზონა 6-ის ტერიტორიისათვის დასაშვები ობიექტის სახეობას, რომლის მშენებლობაც, „წესების“ 6.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროებდა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე დავობდა ...ი თემის მიერ რელიგიის თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებაში ხელშეშლას, რამდენადაც არასაკმარისი სივრცის გამო, მლოცველებს არასათანადო პირობებში უწევთ ლოცვა, რამაც განაპირობა ფ...ის შექმნა, მიწის ნაკვეთების შეძენა და განცხადებით მიმართვა მოპასუხე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკულტო ნაგებობის მშენებლობის შესახებ აქტის გამოცემის (მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიის) თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და განმარტა, რომ კონსტიტუციური ფორმულირება – ყოველ ადამიანს აქვს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება - მოიცავს როგორც თავისუფლების შინაგან, ასევე, გარეგან ასპექტებს და რელიგიის გამოხატვის სრულ უფლებრივ სპექტრს. ამის პირდაპირი დასტურია მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც კრძალავს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს.
სააპელაციო პალატის მითითებით, რელიგიური მრწამსის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს ნებისმიერ განსხვავებას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგობრივად იწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორად აღიარებისა და სარგებლობის მოსპობას ან შეზღუდვას.
სააპელაციო პალატამ გაიზირა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პროცესში მოსარჩელე/დაინტერესებული მხარის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის (ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. #50 დადგენილების) გაუმართლებელი ინტერპრეტაციის საფუძველზე მოხდა პირის უფლების შეზღუდვა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებების დაცვაზე ორიენტირებული კანონმდებლობის შექმნას. მასვე ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ამ სიკეთეზე თანაბარი წვდომა. კანონის წინაშე თანასწორობისა და არადისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ქმნის შესაბამის კანონმდებლობას, მათ შორის, პროცესუალურ ნორმებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რისი მიზანიც მათზე მოქალაქეთა დაუბრკოლებელი წვდომაა. თუმცა ამ ნორმების ცხოვრებაში გატარება და მათ საფუძველზე უფლებათა რეალიზება შეუძლებელი აღმოჩნდება შესაბამისი ანტიდისკრიმინაციული ზომებისა და ღონისძიებების გარეშე, რომელიც მოქალაქეებსა და რელიგიურ ჯგუფებს მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებას მისცემს. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სათანადო კანონმდებლობის არსებობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კანონმდებლობის განუხრელი აღსრულება. სწორედ ამ პროცესში სამართლებრივი წესრიგიდან გადახვევა იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ 02.05.2014წ. საქართველოს კანონის პირველ და მე-3 მუხლებზე, მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, ასევე, მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (გაერო. 1948 წელი) მე-18 მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-9 მუხლზე, „რელიგიის ან რწმენის ნიშნით შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციის“ (გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 36/55, 1981 წელი) 1.1, 1.2, მე-3, 4.1 მუხლებზე.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის #157 განკარგულების საფუძველზე შექმნილი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის (ზონალური კომისია) 2017 წლის 1 მაისის სხდომის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ განხილულ იქნა „ფ...ის“ 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადებით მოთხოვნილი, ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის #... და #...-ში საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის წევრები გასულები იყვნენ სამშენებლო ტერიტორიაზე. ადგილზე იქნა დათვალიერებული და შესწავლილი აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება. ამის გათვალისწინებით, აღინიშნა, რომ სამშენებლო ტერიტორია განაშენიანებულია საცხოვრებელი სახლებით. უფრო მეტია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. თავად კვარტლის ამ ნაწილის განვითარება გათვლილია სწორედ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის კუთხით და ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაგეგმარდა სწორედ ამ მიმართულებით. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ დარჩენილი ტერიტორიის შემდგომი განვითარება არ უნდა შეცვლილიყო და დომინირებული სახეობა - საცხოვრებელი სახლები უნდა დარჩენილიყო უცვლელი აღნიშნულ კვარტალთან მიმართებით. ასევე, აღინიშნა, რომ ქალაქ ბათუმის ტერიტორიის სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, იმ ეტაპზე მიმდინარეობდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისთვის წინასაპროექტო კვლევის მომზადება. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებებით და იმ ეტაპზე კვარტლის ამ ნაწილში განსხვავებული განაშენიანების დადგენა მიზანშეწონილი არ იყო. კომისიის წევრმა - მ. მ-იმა აღნიშნა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი გადამოწმდა საავტომობილი გზის კუთხითაც და გაირკვა, რომ მას კვეთს შიდასაავტომობილო გზა. მართალია, მიწის ნაკვეთის გადაკვეთა ხდებოდა საპროექტო ობიექტის ნაწილზე, თუმცა კვარტლის ამ მონაკვეთში მზარდი ტემპით საცხოვრებელი სახლების მშენებლობამ შეიძლება მოითხოვოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საავტომობილი გზის პროექტის კორექტირება, რამაც შესაძლებელია გადაკვეთოს საპროექტო მიწის ნაკვეთის უფრო დიდი ნაწილი.
სააპელაციო პალატის მითითებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანებით „ფ...ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, ხოლო 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანებით, ასევე, უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, რადგანაც ...ის მშენებლობა კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის დასაშვებად არ იქნა მიჩნეული.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეცია სპეციალური ზონალური შეთანხების გაცემასთან დაკავშირებით არ იყო შეუზღუდავი, არამედ წარმოადგენდა კვალიფიციურ დისკრეციას და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვასთან ერთად მოითხოვდა კონკრეტული პირობების არსებობის შესწავლის ვალდებულებასაც, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ განხორციელებულა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, ამასთან, არ უნდა დაეშვა განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა, რამდენად წარმოადგენდა ქალაქ ბათუმში ...ი მრევლის მოთხოვნა და ამ თემის ასეულობით წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული ...ის მშენებლობის მოთხოვნა ისეთ განსაკუთრებულ მიზეზს, რომელსაც შეეძლო გადაეფარა კონკრეტული ქალაქგანვითარებითი ინტერესი, რომ კვარტლის განვითარება გაგრძელებულიყო ექსკლუზიურად მხოლოდ საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო იმის მხედველობაში მიღებაც, რომ ფაქტობრივად ადგილზე არსებული ნაგებობა მიმდინარე პერიოდში გამოიყენებოდა თემის მიერ სამლოცველოდ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ უმსჯელია იმ მიმართებითაც, რომ საცხოვრებელ ზონაში კულტურული (ან/და საგანმანათლებლო თუ სპორტული) დანიშნულების ობიექტების მშენებლობა განხილული შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც სოციალური საჭიროება და საზოგადოების მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, თუ რატომ მიანიჭა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული კვარტლის მხოლოდ საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით განვითარების ინტერესს პრიორიტეტი მოსარჩელეთა რელიგიის თავისუფლების, საკუთრების უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებებთან მიმართებით, მაშინ, როდესაც განმცხადებლის მოთხოვნა ემყარებოდა იმ მდგომარეობას, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი ...ის, ...ეს არსებობის პირობებში, ...ი თემისთვის არასაკმარისი იყო სალოცავი სივრცე, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართებული იყო საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გადაწყვეტილების გამოიტანისას უგულებელყოფილ იქნა რეალური ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებლის ინტერესი, რაც ბათუმში ახალი ...ის აშენების საჭიროებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ამ მხრივ სადავო აქტი ფაქტობრივად დაუსაბუთებელი იყო და მისი დისკრიმინაციული ხასიათის დასაფარად, გამოყენებულ იქნა შეუსაბამო არგუმენტები, რომელიც აშკარად არ იყო პრიორიტეტული განმცხადებლის კანონიერ ინტერესთან შედარებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის ამ ტერიტორიაზე, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში, შვიდი მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობაა განთავსებული საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ შემდგარ კვარტლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ... თემს, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ითხოვდა საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნებოდა ქალაქგანვითარებითი ინტერესების დასაბუთებით.
სააპელაციო პალატამ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება, რომ „განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, როდესაც მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, მაშასადამე, თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზნას და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის“ (საქმე D.H. and Others v. Czech republic, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, 13 ნოემბერი, 2007; 196-ე პუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ შეაფასა, იმყოფებოდნენ თუ არა შესადარებელი სუბიექტები ერთგვაროვან ან მსგავს ვითარებაში და არსებობდა თუ არა სახეზე მათდამი განსხვავებული მოპყრობა, რის შედეგადაც, პალატის შეფასებით, სასამართლომ სრულიად დასაბუთებულად ჩათვალა, რომ ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გავლილი დისკრიმინაციის დადგენის ის ლოგიკური სქემა (დასაბუთების სქემა), რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მართებულად იქნა მიღებული მხედველობაში გარემოებები, რომელთა თანმიმდევრული გამოკვლევა ქმნიდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ სწორად განსაზღვრა შესადარებელი სუბიექტი (კომპარატორი) და დაადგინა, რომ შესადარებელ სუბიექტებს ადგილობრივი თვითმმართველობა მოეპყრო განსხვავებულად - ერთ-ერთი მათგანის მიმართ მოპყრობა ნაკლებად კეთილმოსურნე იყო, განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა სუბიექტის რელიგიურ კუთვნილებას, განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნდა ობიექტური და გონივრული გამართლება. სასამართლოს მიერ, ასევე, სწორად დადგინდა, რომ განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და არ იყო აუცილებელი დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, არ იყო პროპორციული და უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა „ფ...ის“ სააპელაციო საჩივრის არგუმენტები და სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი სადავო აქტების კანონიერება გახდა არა ამ აქტების სამშენებლო კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ მათ გამოცემას საფუძვლად დაედო დისკრიმინაციული მოპყრობა, კერძოდ, ... თემს შეეზღუდა იმ უფლებით (რელიგიური დანიშნულების ნაგებობის მშენებლობა) სარგებლობა, რითაც იმავე პირობებში შეუზღუდავად სარგებლობდა მართლმადიდებლური ეკლესია.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჭირო იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფ...ის განცხადების ხელახალი განხილვა სწორედ დისკრიმინაციული მოპყრობის გამომრიცხავი ყველა გარემოების გათვალისწინებით და დაინტერესებული პირისადმი ისეთი მოპყრობა, რომ გამოირიცხოს მისი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ვინაიდან უფლებრივი შეზღუდვა, მოცემულ შემთხვევაში, არ ემსახურებოდა საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, მას არ გააჩნდა ობიექტური და გონივრული გამართლება და არ იყო აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი, რომლის მოწესრიგებასა და არსებით გადაწყვეტასაც ითხოვდა მოსარჩელე, ცალსახად განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. თავის მხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს მისი მიზანშეწონილობისა და სამშენებელო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. ვინაიდან საზოგადოება წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ადამიანთა ორგანიზებულ ჯგუფს, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებად განხილულ უნდა იქნეს ობიექტები, რომლებიც საჭიროა გარკვეულ ეკონომიკურ, სოციალურ და სულიერ პირობებში ადამიანთა ურთიერთქმედებისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს, საცხოვრებელ ზონაში ...ი თემის საკულტო ნაგებობის, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, მშენებლობის განხორციელების მიზნით წარდგენილი განცხადება და თანდართული მასალები რამდენად აკმაყოფილებს სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ, სრულად იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის სამართლებრივი შეფასება, რომ მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადება საჭიროებდა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ობიექტის - ...ის მშენებლობა სზ-6-ში წარმოადგენს უძრავი ნივთის (საპროექტო მიწის ნაკვეთის) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, უდავოა, რომ ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადების განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა #50 დადგენილებით დამტკიცებული წესებით და ისე მიეღო გადაწყვეტილება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე. კასატორი #50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის აუცილებელია სამი კუმულატიური წინაპირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ: ა) დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზების არსებობა; ბ) ცვლილება უნდა კომპენსირდებოდეს სხვა ღონისძიებებით; და გ) არ უნდა უპირისპირდებოდეს სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
კასატორის მითითებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახელბათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2017 წლის 1 მაისის ოქმით განხილულ იქნა მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადება და დაგეგმილ მშენებლობაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია. ამდენად, კასატორის მითითებით, მოცემულ დავაში დადგენილია და სადავო არაა, რომ რელიგიური/საკულტო ნაგებობა არ განეკუთვნება სზ-6-ში ნებადართულ სახეობას და მისი დასაშვებ (ნებადართულ) სახეობად მიჩნევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, რაც მოცემულ შემთხვევაში საჭიროებდა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას და აღნიშნული უფლებამოსილება წარმოადგენდა მერის, ანუ აღმასრულებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ვინაიდან, კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის განსახვავებული ფუნქციის მატარებელი სახეობები არის აკრძალული და მისი დაშვება ხდება მხოლოდ საგამონაკლისო წესით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება კი საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, რა მიზნითაც ქ. ბათუმის მერიაში შექმნილი იყო ზონალური კომისია.
კასატორი უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ზონალური კომისიის წევრები, რომლებმაც ნათლად განმარტეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებებს არ მისცემია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. კასატორის მითითებით, მოწმეთა განმარტების მიხედვით: კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის განსახვავებული ფუნქციის მატარებელი ობიექტის დაშვება შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოიწვევს კონკრეტულ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების შელახვას და არ მოუწევთ მათ ზემოქმედების ქვეშ ცხოვრება, ანუ არ მოუწევთ საცხოვრებელ გარემოსთან შეუსაბამო, დისონანსურ გარემოში ყოფნა. მოწმეთა განმარტებით, არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი/წინაპირობა (როგორც სამართლებრივი ისე თეორიული), რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი გადაწყვეტილება, კერძოდ, განსხვავებული ფუნქციის მატარებელი სახეობის გამოყენება დასაშვებია, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს. ანუ, იმისათვის, რომ მოხდეს კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის, განსახვავებული ფუნქციის მატარებელი ობიექტის დაშვება, კუმულატიურად უნდა არსებობდეს ყველა წინაპირობა. სწორედ ამ პრინციპებისა და კრიტერიუმების დაცვით, შესაძლებელია კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში დაიშვას განსხვავებული ფუნქციის მქონე ობიექტი, ისე რომ არ მოხდეს ფუნქციური ბალანსის დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ყოველი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელობა ენიჭება: ობიექტის მდებარეობას, სივრცით მოწყობას, მის ფუნქციურ დანიშნულებას, რომელიც არ უნდა მოდიოდეს დისონანსში ზონის ფუნქციასთან და მის თავისებურებასთან, ასევე იგი დისონანსში არ უნდა მოდიოდეს არამხოლოდ ზონის ფუნქციასთან, არამედ რეალურად არსებულ განაშენიანებასთან და საბოლოოდ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დაცული უნდა იქეს სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპი და არ მოხდეს ფუნქციური ბალანსის დარღვევა. მოწმეთა განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, რომ კონკრეტული ზონის ტერიტორიაზე, მაგალითად იგივე საცხოვრებელ ზონა 6-ში, დაშვებულ იქნეს საეკლესიო/საკულტო ნაგებობა კონკრეტულ ტერიტორიაზე და იგივე ზონის სხვა კონკრეტულ ტერიტორიაზე არ იქნეს დაშვებული იგივე სახეობის ობიექტი, რადგან არ იქნეს დაცული ზემოაღნიშნული პრინციპები და კრიტერიუმები. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და განხილვა. მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ სზ-6-ში მოთხოვნილი იქნა დიდი მოცულობის (გაბარიტების) მქონე საკულტო ნაგებობის დაშვება. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხდეს საკითხის სწორად გადაწყვეტა განხილული უნდა იქნეს: ა) სზ-6-ის ფუნქცია და მისი თავისებურება; ბ) საკულტო ნაგებობის ფუნქცია და მისი თავისებურება (დანიშნულება); გ) ასევე განხილულ უნდა იქნეს დასაშვებად საცნობი ობიექტის (ანუ, საკულტო ნაგებობის) მოცულობა, ადგილმდებარეობა და იქ არსებული განაშენიანება, და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შესაძლებელი იქნება მსჯელობა სამეზობლო თმენის პრინციპის დაცვაზე.
კასატორი საკასაციო საჩივარში განიხილავს თითოეულ დასახელებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების ზონის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი განეკუთვნება ე.წ. საძილე ადგილებს, სადაც კერძო ინტერესს წარმოადგენს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება, შესაბამისად, ასეთ ზონაში არ უნდა იქნეს ისეთი ფუნქციის ობიექტი დაშვებული, რომელიც დისონანს შეიტანს ფუნქციებს შორის და დაარღვევს სამეზობლო თმენის პრინციპს. ხოლო საკულტო ნაგებობა, თავისი შინაარსით - ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომელიც უნდა იყოს მკაცრად იზოლირებული გარემოსაგან, რადგან მას გააჩნია „თავისი ცხოვრების წესი“ - საკულტო ნაგებობა არის ხალხმრავალი ადგილი (განსაკუთრებით დღესასწაულებზე), რელიგიური რიტუალები კი არღვევს სიმყუდროვეს, შესაბამისად, მისი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომ დაცული იქნეს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები - „იცხოვრონ მშვიდ და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამის გარემოში, არ მოუწიოთ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა“. გარდა ამისა, საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მისი განთავსება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საკულტო ნაგებობას გააჩნდეს ე.წ. ბუფერული ზონები, მაგალითად: გამწვანებული სანიტარული ზონა (ეს შეიძლება იყოს პარკი, სკვერი და ა.შ.) და ამ ზონებით უნდა იყოს იგი იზოლირებული და გამოყოფილი საცხოვრებელი სახლებისაგან; ბუფერული ტერიტორია კი ნიშნავს ისეთ ტერიტორიას, რომლის სამომავლოდ სამშენებლოდ განვითარება არის დაუშვებელი, ანუ იქ არ უნდა შეიძლებოდეს საცხოვრებელი სახლების აშენება სამომავლოდაც. კასატორის მითითებით, თუკი ევროპულ მიდგომას განვიხილავთ, მაგალითად, საკულტო ნაგებობებისათვის არსებობს ცალკე ზონა, სადაც სხვა ფუნქციის მატარებელი სახეობები დაშვებული საერთოდ არ არის. კასატორს ასევე მაგალითისთვის მოჰყავს, რომ თბილისში დღეს არსებობს რელიგიური/საკულტო ნაგებობის ზონა ცალკე. რაც შეეხება იმ ადგილს სადაც უნდა მოხდეს ...ის მშენებლობა, კასატორის მითითებით, იქ არსებულ განაშენიანებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები, თავად კვარტლის ამ ნაწილის განვითარებაც გათვლილია სწორედ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის კუთხით და ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაგეგმარდა სწორედ ამ მიმართულებით. ამასთან, ტერიტორიას არ გააჩნია არც ე.წ. ბუფერული (სანიტარული) ზონა, შესაბამისად, იქ არსებული განაშენიანება, საკულტო ნაგებობის მდებარეობა და სივრცითი წყობა, მისი მოცულობა და ფუნქციური დანიშნულება წინააღმდეგობაში მოდის სზ-ის თავისებურებასთან და მისი იქ განთავსება იწვევს ფუნქციური ბალანსის დარღვევას.
კასატორის განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ზონალური კომისიის მიერ მიჩნეული იქნა, რომ საკულტო ნაგებობის იქ განთავსება დაარღვევდა და დაარღვევს სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს, კერძოდ, გამოიწვევს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების შელახვას და მათ მოუწევთ საცხოვრებელ გარემოსთან შეუსაბამო პირობებში ყოფნა, ანუ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
მეტი თვალსაჩინოებისათვის კასატორი განმარტავს, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, საკულტო ნაგებობები დაშვებული იყო მხოლოდ ორ ფუნქციურ ზონაში: საკურორტო სარეკრეაციო ზონა 2-სა და სარეკრეაციო ზონაში; ანუ ამ ორ ფუნქციურ ზონაში ...ის მშენებლობა იყო დაშვებული და არ საჭიროებდა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ ზონებში საცხოვრებელი სახლები არაა დასაშვები, მათ შორის, არც სპეციალური ზონალური შეთანხმებით; ანუ, კანონი არ ითვალისწინებდა გამონაკლისს. შესაბამისად, თუკი დავაკვირდებით ამ ფუნქციურ ზონებს: კერძოდ, ერთი მხრივ, გვაქვს საცხოვრებელი ზონები, სადაც არაა დასაშვები საკულტო ნაგებობა და, მეორე მხრივ, გვაქვს სარეკრეაციო ზონები, სადაც პირდაპირ არის დაშვებული საკულტო ნაგებობის მშენებლობა, დავინახავთ განსხვავებას, რომ იმ ზონაში სადაც არაა დაშვებული საცხოვრებელი სახლები, საკულტო ნაგებობა დასაშვებია, ხოლო იმ ზონაში, სადაც საცხოვრებელი სახლები მდებარეობს, საკულტო ნაგებობები დაუშვებელია.
კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული მათი სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში და რა წესითაა დასაშვები სპეციალური (ზონალური) შეთანხმება #50 დადგენილების მიხედვით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა როგორც #50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წინაპირობები სპეციალური (ზონალური) შეთანხმების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ასევე სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ისე, რომ მათ არ მისცემია შესაბამისი სამარლთლებრივი შეფასება.
კასატორი უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადებას ფიზიკურად არ ახლდა ...ი მრევლის 12000 ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია ობიექტურად ვერ იმსჯელებდა და ვერ მისცემდა სამართლებრივ შეფასებას ...ი მრევლის 12000 ხელმოწერით დადასტურებულ მოთხოვნას ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ იქნა ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეული, რომ აღნიშნული ხელმოწერები მიეკუთვნებოდა მხოლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ ... მრევლს და კონკრეტულად კი იმ ზონაში არსებულ მოსახლეობას, სადაც მოსარჩელე მხარე მოითხოვდა საპროექტო მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით I სტადიის გავლას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან იმ პირობებშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ სასამართლოს მსჯელობა არის სამართლებრივად სწორი და ქ. ბათუმის მერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის განცხადებას არ ახლდა მსგავსი დოკუმენტი და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ასეთი ტიპის დოკუმენტის საფუძველზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესაძლებლობას, მაინც იყო ვალდებული გაეთვალისწინებინა 12000 ადამიანის სურვილი ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ ასეთი სურვილი გამოხატული უნდა ყოფილიყო იმ ტერიტორიის მაცხოვრებლების მიერ, სადაც მდებარეობს საპროექტო მიწის ნაკვეთი. კერძოდ, კასატორის მითითებით, უდავოა, რომ ქ. ბათუმში არსებობს ისეთი ტერიტორიული ზონები, სადაც პირდაპირ არის დასაშვები საკულტო ნაგებობის მშენებლობა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გარეშე, შესაბამისად, ...ი მრევლის მოთხოვნა ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამართლებრივად არის შესრულებადი და ასეთი მშენებლობა დამატებით აღარ საჭიროებს ...ი მრევლის ხელმოწერებით დადასტურებას.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს იმ მიზნით, რომ აღნიშნული ემსახურება მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზანს. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, კასატორი საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ასევე ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ანუ, მოსარჩელე მხარეს საპროექტო მიწის ნაკვეთის შეძენის გარეშეც შეეძლო მიემართა ბათუმის მერიისთვის და მოეთხოვა დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით I სტადიის გავლა - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესაძენად.
ამასთან, კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, „განსხვავებული მოპყრობა“ სახეზე არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს „კომპარატორი“, ანუ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთან შედარებითაც მოსარჩელე მხარეს ქ. ბათუმის მერია მოეპყრო განსხვავებულად. ანუ, არ არსებობს შემთხვევა, რომელსაც სასამართლო შეადარებდა და დაადგენდა მოსარჩელე მხარის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას და მის საფუძველზე დისკრიმინაციას. კერძოდ: იმისათვის, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილიყო „განსხვავებული მოპყრობა“, სასამართლოს უნდა მოეძია და დაედგინა ისეთი შემთხვევა, როდესაც ქ. ბათუმის მერიამ კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში - სზ-6-ში, დასაშვებად ცნო საეკლესიო ობიექტის მშენებლობა სხვა პირთა ჯგუფის მიმართ, ანუ მოახდინა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება და მის საფუძველზე დაადგინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ხოლო, თუკი ასეთი შემთხვევა სახეზე არ იქნებოდა, სასამართლო ვერ იმსჯელებდა განსხვავებულ მოპყრობაზე და შესაბამისად ვერ იმსჯელებდა მოსარჩელე მხარისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობაზე. სადავო გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ კომპარატორად მოყვანილი იქნა მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ცხადია წარმოადგენს იმავე უფლების დაცული ნიშნის მქონე ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს მოსარჩელე მხარე, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია მიმართა თუ არა ოდესმე კონკრეტულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის მიზნით, რა დროსაც მერიამ დასაშვებად ცნო საეკლესიო ობიექტის მშენებლობა სზ-6-ში, ანუ მოახდინა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება და მის საფუძველზე დაადგინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. უფრო მეტიც, სასამართლოს არ მოუკვლევია არც ის გარემოება, ოდესმე მაინც თუ მიმართა კონკრეტულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის მიზნით და გასცა თუ არა ასეთ მშენებლობაზე ნებართვა ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიას სზ-6-ში, არათუ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება არ მოუხდენია საეკლესიო ობიექტის და/ან სხვა რომელიმე საკულტო ნაგებობის, არამედ საკულტო ობიექტის მშენებლობის მიზნით არასოდეს არ მიუმართავთ ქ. ბათუმის მერიისათვის და არც არასოდეს გაუცია ქ. ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვა მასზე. კასატორის მტკიცებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია 7 მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს იგი მიეჩნია კომპარატორად, რადგან სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა ერთმანეთს შედარებულიყო ორი რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა, კერძოდ, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი ქ. ბათუმის მერიისაგან ითხოვს სზ-6-ში საკულტო ნაგებობის დასაშვებ ობიექტად ცნობას და შემთხვევა, როდესაც სხვა პირი საკულტო ნაგებობას აშენებს ქ. ბათუმის მერიის თანხმობის არარსებობის პირობებში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ანუ უნებართვოდ.
კასატორის მითითებით, ასეთ ვითარებაში, ყველა ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში აკრძალული ობიექტის მშენებლობა მოხდება თვითნებურად (უკანონოდ) კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, აღნიშნული უფლებას აძლევს სხვა პირს ან პირთა ჯგუფს მოითხოვოს ანალოგიური ობიექტის მშენებლობა მერიისაგან და მერიის უარი ასეთ მშენებლობაზე ჩაითვლება „განსხვავებულ მოპყრობად“ და იგი დაკვალიფიცირდება დისკრიმინაციად. კასატორის მითითებით, სასამართლოს აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან, არამედ წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული სამართლის ძირითად პრინციპთან, რომელიც ცნობილია როგორც „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. ის ფაქტი, რომ სხვა პირმა ან პირთა ჯგუფმა უკანონოდ ააშენეს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში აკრძალული ობიექტი, არ აძლევს სხვა პირს ან პირთა ჯგუფს უფლებას მოსთხოვოს მერიას იმავე ობიექტის მშენებლობაზე თანხმობა, ხოლო სხვა პირის ან პირთა ჯგუფის უკანონო ქმედება მერიას არ ავალდებულებულებს მიაღებინოს უკანონო გადაწყვეტილება სხვა პირის ან პირთა ჯგუფის შემთხვევაშიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ბათუმის მერიას არასოდეს გაუცია არც მშენებლობის ნებართვა საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე და არც არასოდეს მოუხდენია რომელიმე ფუნქციურ ზონაში საკულტო ნაგებობის დასაშვებ ობიექტად ცნობა, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს საქმეზე კომპარატორი, რომელთან შედარების საფუძველზე სასამართლო დაადგენდა განსხვავებულ მოპყრობას, რაც უპირობოდ გამორიცხავდა საქმეზე დისკრიმინაციული ქმედების დადგენის წინაპირობას.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს და არსებობდა ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელე მხარე მერიის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების დადგენას მოითხოვდა იმ მიზნით, რომ მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ბათილად ყოფილიყო ცნობილი ბათუმის მერის 2017 წლის 4 მაისისა #მ/825 და 2017 წლის 5 მაისის #მ/828 სადავო ბრძანებები, ხოლო აღნიშნული აქტების ბათილად ცნობას კი მოითხოვდა პირველი სასარჩელო მოთხოვნით. ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარე მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვდა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრიმინაციის დადგენა ვერ იქნებოდა განხილული როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნა და აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ განხილულიყო პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. კასატორის მითითებით, შინაარსობრივად აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (პოზიტიური აღიარებითი სარჩელი) დადგენის შესახებ, ხოლო, ზოგადი პრინციპის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შესაძლებელია აღიძრას მაშინ, როცა სხვაგვარი სარჩელის აღძვრა შეუძლებელია (სასკ-ის 25.2 მუხლი) ან უფლების - კანონიერი ინტერესის დაცვა, სხვაგვარად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარე პირველი სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვდა ბათუმის მერის 2017 წლის 4 მაისისა #მ/825 და 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანებების ბათილად ცნობას და მიუთითებდა შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს გააჩნდა უფლება და შესაძლებლობა, დაეცვა საკუთარი პროცესუალური და მატერიალური უფლებები ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნდა კანონიერი ინტერესი, რომ სხვა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დამატებით მომხდარიყო სასამართლოს მიერ აღნიშნულის აღიარება, რაც უპირობოდ გამორიცხავდა აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სამართალურთიერთობის დადგენის შესახებ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარეს მეორე საარჩელო მოთხოვნასთან დაკავშრებით არ გააჩნდა სუბიექტური ინტერესი - მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და მისი მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით, კერძოდ კი, 25-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ბ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - ა(ა)იპ „ბ...ს“ მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, ვერ დაასაბუთა აღნიშნული მუხლის გამოყენების აუცილებლობა და საქმის გარემოებების კვლავ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევის საჭიროება. მეტიც, ვინაიდან მოცემული დავა დისკრიმინაციის დადგენას უკავშირდება, კასატორის მოსაზრებით, საერთოდ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება და დავის არა არსებითად გადაწყვეტა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ იმგვარად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რომ არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ შეეძლო მას თავად, როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დამდგენ სასამართლოს, საქმის იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელთა გამოკვლევაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი ეხება დისკრიმინაციის დადგენას და მისი შედეგების აღმოფხვრას, სადავო საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე კი კვლავ ტოვებს მოსარჩელისათვის უარის თქმის შესაძლებლობას, რაც არ გამორიცხავს, რომ მერიის გადაწყვეტილება კვლავაც დისკრიმინაციით იყოს მოტივირებული. მოპასუხე უფრო მეტად შეეცდება ფორმალური მოტივებით გადაფაროს დისკრიმინაციული განწყობები და დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, როდესაც საკითხი დისკრიმინაციულ მოპყრობას შეეხება, გაუმართლებელია დავის არაარსებითად გადაწყვეტის გზით ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის ხელახლა დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ დისკრიმინაციის დადგენის ერთ-ერთი მიზანია შედეგების აღმოფხვრა, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საქმის არაარსებითად გადაწყვეტის გზით შედეგები ვერ აღმოიფხვრება, რაც კასატორის მითითებით, წინააღმდეგობაშია დისკრიმინაციის აღმოფხვრის კანონმდებლობისა და ანტიდისკრიმინაციული სამართლის პრინციპებთან. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადასტურდა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა აქტის გამოცემაზე უარის თქმისას, საფუძველს მოკლებულია სასკ-ის 32.4 მუხლზე დაყრდნობით მოპასუხისთვის საქმის დაბრუნება ახალი აქტის გამოცემის მიზნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავსი ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმის გარემოებათა გამოკვლევა ობიექტურად სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, როდესაც სასამართლოს ობიექტურად არ გააჩნია სათანადო კომპეტენცია თვითონ გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმის კონკრეტული გარემოება, რომელიც უგულებელყო ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის რომელიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოკვლევა სცილდებოდა სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, რაც საჭიროს გახდიდა ასეთი გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის დავალებას ისევ ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლო ვალდებული იყო და მას ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1, 33.1 და 331 მუხლები და არსებითად გადაეწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოთხოვნილი აქტების გამოცემაზე უარის შესახებ აქტის გამოცემით, არამედ დისკრიმინაციული მოპყრობა განგრძობადად მიმდინარეობს მოთხოვნილი აქტების გაუცემლობით. სასამართლომ მართალია, ბათილად ცნო უკანონო აქტები, თუმცა მოთხოვნილი აღმჭურველი აქტების გაუცემლობის შედეგები არ აღმოფხვრა და არ დაავალა მოპასუხეს მათი გამოცემა. მოსარჩელის მიმართ რეალური შედეგი, ფაქტობრივად, კვლავაც ვერ დადგა, რითაც მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს ისევ მნიშვნელოვანი ზიანი ადგება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა კანონი, როდესაც აღნიშნა, რომ - „სასამართლო ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.“ კასატორის მითითებით, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოილება გამოყენებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დასარღვევად, პირების მიმართ თვითნებური, სუბიექტური, დისკრიმინაციული მოპყრობისთვის. ამის დაშვება დისკრეციული უფლებამოსილების დანიშნულებას გამოაცლიდა არსს. სწორედ ამიტომ არ არსებობს აბსოლუტური დისკრეცია და როცა ცხადია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას განზრახ არ ახორციელებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე და მისი ამ განზრახვის ცვლილების ყველა რესურსი ამოწურულია, ამ დროს სასამართლოსგან დისკრეციის არშეზღუდვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასიც შეიძლება იყოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „ბ...სა“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით ა(ა)იპ „ბ...სა“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბ...ს“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების პროცესუალურ უსწორობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რაც მოსარჩელის მტკიცებით, საფუძვლად დაედო მის მიმართ სადავო აქტების გამოცემას, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე, რომელიც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევისთვის დაბრუნებას განსაზღვრავს, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით - ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ა(ა)იპ „ბ...ს“ განცხადებაზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა დაევალა.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3635 მუხლის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნას ძირითადად ამყარებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და ცალკე მოთხოვნის სახით აყენებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მისი შედეგების აღმოფხვრას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე მოთხოვნებია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული ქმედება შესაძლოა განხორციელდეს სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს შორის სხვაობა პირობითია, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სწორედ რომ სამართლებრივი დატვირთვა აქვს. დასადგენ ფაქტებს სამართლებრივი ასპექტის გამო აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის #ბს-834-826(2კ-16) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს და კვლავ მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მის საფუძველზე გამოცემული აქტების უპირობოდ, არსებითად ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს და გამორიცხავს დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის #ბს-643(კ-კს-19) გადაწყვეტილება).
შესაბამისად, იმ პირობებში, თუ საქმეზე დადგინდებოდა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, აღნიშნული შედეგად სადავო აქტების არსებითად ბათილად ცნობას გამოიწვევდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კი დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების პარალელურად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით იხელმძღვანელეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მიზნებთან და არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დასახელებულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის #ბს-834-826(2კ-16) განჩინება და 2019 წლის 2 აპრილის #ბს-643(კ-კს-19) გადაწყვეტილება).
აღნიშნული პროცესუალური ხარვეზის გარდა, წინააღმდეგობრივია თავად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან, რა დროსაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი აგებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ა(ა)იპ „ბ...ს“ განცხადებაზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემას ავალებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ხსნის და ასაბუთებს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს, ხოლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, ამდენად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი და თანმიმდევრული, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს სამოტივაციო ნაწილიდან, განსახილველ შემთხვევაში კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება, რომელიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, არ შეესაბამება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას.
რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე „ფ...ი“ კონკრეტული მიზნის - ბათუმში ...ი თემისთვის საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიზნით შეიქმნა. „ფ...მა“ 2017 წლის 8 თებერვალს #342/01 განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის #... და #...-ში მდებარე 1201.00 (ს.კ. ...) და 1250.00 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთებზე საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც უარი ეთქვა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ხოლო რამდენადაც მოსარჩელის მტკიცებით წარმოდგენილი სარჩელის უმთავრეს საფუძველს მათდამი დისკრიმინაციული მოპყრობა წარმოადგენს, შესაბამისად, უპირველესად სასამართლოს მხრიდან შეფასება უნდა მიეცეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას, რისი დადასტურებაც გამოიწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას; ხოლო დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის პირობებში, გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლოს შეფასების საგნად უნდა იქცეს, რამდენად შეესაბამება სადავო აქტები კანონმდებლობის მოთხოვნებს.
დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური თავით დადგენილ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ხოლო ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
ა(ა)იპ „ბ...ს“ სარჩელი ძირითადად ეფუძნება მოსარჩელის იმ მოსაზრებას, რომ განაშენიანების რეგულირების სფეროში ბათუმის მერია თავის საჯარო უფლებამოსილებას საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიმართ, იმავე ფუნქციურ ზონაში საკულტო ნაგებობის - მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობასთან შედარებით, რელიგიური ნიშნით განსხვავებულად ახორციელებს, რითაც მოსარჩელე მხარეს უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს. ერთი მხრივ, ბათუმის მერია მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში საკულტო ნაგებობებით ისარგებლოს, ხოლო მეორე მხრივ, ... თემს, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ითხოვს ...ის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე.
თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებები - „სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანება და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის #მ/828 ბრძანება მიღებულ იქნა კანონის სრული დაცვით. მოსარჩელის მიერ დასახელებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით კი ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ მათი მხრიდან „განსხვავებულ მოპყრობას“ ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც არ არსებობდა „კომპარატორი“, ანუ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთან შედარებითაც მოსარჩელე მხარეს ქ.ბათუმის მერია მოეპყრო განსხვავებულად. მერიის მტკიცებით, არ არსებობდა შემთხვევა, რომელსაც სასამართლო შეადარებდა და დაადგენდა მოსარჩელე მხარის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას და მის საფუძველზე დისკრიმინაციას.
ა(ა)იპ „ბ...ს“ მითითებები დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაცია დისკრიმინაციული მოპყრობის არარსებობის თაობაზე დაწვრილებით მოცემულია სარჩელისა და საკასაციო საჩივრების მოტივებში; აღნიშნული გარემოებების სათანადოდ შეფასებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის სამშენებლოდ გამოყენებასაც განმცხადებელი ითხოვს, მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელიც ექცეოდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული იმ დროს მოქმედი „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოქმედების სფეროში, კერძოდ კი, საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ - 6). დასახელებული „წესები“ სხვა საკითხებთან ერთად არეგულირებდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალს, ასევე მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებით პირობებსა და სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს („წესების“ პირველი მუხლის „ზ-ი“ პუნქტები).
მითითებული „წესების“ მე-6 მუხლი შეიცავს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალს. „წესების“ 6.3 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა – 6 (სზ-6) ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობებია: პარკები; ბაღები; სკვერები; ბულვარები; საბავშვო მოედნები; მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები; საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები; დაწყებითი სკოლები; საშუალო სკოლები; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები; უმაღლესი სასწავლებლები; პოლიკლინიკები; ამბულატორიები; აფთიაქები; სპორტული დარბაზები; საცურაო აუზები; ღია საცურაო აუზები; სპორტული მოედნები; კლუბები; კინოთეატრები; საქალაქო ბიბლიოთეკები; საინფორმაციო ცენტრები; საგამოფენო დარბაზები; პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები; სამრეწველო საქონლის მაღაზიები; სასურსათო მაღაზიები; უნივერსალური მაღაზიები; ბარები; კაფეები; სწრაფი კვების ობიექტები; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები; ბანკების ფილიალები, განყოფილებები; იურიდიული კონსულტაციები; სანოტარო კანტორები; ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები; საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები; ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები. 6.3 მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას: მოხუცთა ინტერნატები; საავადმყოფოები; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები; თეატრები; არქივები; მუზეუმები; საცეკვაო დარბაზები – დისკოთეკები; რესტორნები; კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; ბანკები; მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები; ოფისები და კანტორები; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლოები; საეკლესიო ობიექტები; პოლიციის განყოფილებები; სახანძრო დეპოები; საზოგადოებრივი ტუალეტები; კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას და სამშენებლო ტერიტორიაზე ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს - საცხოვრებელ ზონაში ...ი თემის საკულტო ნაგებობის, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, მშენებლობის განხორციელების მიზნით წარდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, რამდენად აკმაყოფილებს სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლო საკულტო ნაგებობას მოიხსენიებს, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს და აღნიშნულით წინააღმდეგობაში მოდის დასახელებული „წესების“ 6.3 მუხლთან, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ზონა – 6 (სზ-6) ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვებ სახეობებს, სადაც მითითებულია - „საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები“ („ა“ პუნქტი), ხოლო დასახელებული მუხლის „დ“ პუნქტი განსაზღვრავს იმ უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვებ სახეობებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სადაც მითითებულია - „საეკლესიო ობიექტები“. ამდენად, დასახელებულმა ნორმამ საეკლესიო ნაგებობა, საცხოვრებელი ზონა - 6-ის თავისებურების გათვალისწინებით, დაუქვემდებარა სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით გათვალისწინებულ კატეგორიას, საგამონაკლისო წესით დაშვებულ მშენებლობას, სააპელაციო სასამართლოს ამგვარი განმარტებით კი, ...ის მშენებლობა გამოდის სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას დაქვემდებარებული შენობის კატეგორიიდან და ექცევა საცხოვრებელი ზონა – 6 (სზ-6) ტერიტორიისთვის უძრავი ქონების (ობიექტების) ძირითად დასაშვებ სახეობაში, რაც, ერთი მხრივ, არ შეესაბამება მითითებული „წესების“ 6.3 მუხლს და წინააღმდეგობაში მოდის ნორმის მიზნებთან, ხოლო, მეორე მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებთან, სადაც სააპელაციო სასამართლო მსჯელობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების წესებზე და აღნიშნულს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს მიაკუთვნებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებიც თანხმდებიან და არ დავობენ, რომ „საეკლესიო ობიექტები“ კონკრეტულ შემთხვევაში განიმარტება იმგვარად, რომ მასში მოიაზრება ნებისმიერი საკულტო ნაგებობა, მათ შორის, ...იც.
ამასთან, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-9 მუხლი განსაზღვრავს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ცნებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება არის კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, რომელზეც მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ძირითადი პარამეტრებისაგან (მოთხოვნებისაგან) განსხვავებული პარამეტრების (მოთხოვნების) დადგენა; ხოლო მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას საჭიროებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ძირითადი ნებადართული სახეობის გარდა, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობ(ებ)ის განსაზღვრა. მითითებული „წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, კერძოდ: სპეციალური (ზონალური) შეთანხმება შესაძლებელია, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყოს დასახელებული პირობები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის #მ/825 ბრძანებით „ფ...ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, რადგანაც საკულტო ნაგებობის ...ის მშენებლობა კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის დასაშვებად არ იქნა მიჩნეული, იმ გარემოებათა გამო, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტლის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით; ასევე, საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სადავო ბრძანებას წინ უსწრებდა ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის მიერ მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადების განხილვა, რა დროსაც 2017 წლის 1 მაისის ოქმით „ფ...ის“ დაგეგმილ მშენებლობაზე ასევე უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დავობს ...ი თემის მიერ რელიგიის თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებაში ხელშეშლას დისკრიმინაციული მოტივით.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს დისკრიმინაციული მოპყრობის პირდაპირ და ირიბ ფორმებს, რაც გამოიხატება პირის, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან არსებითად, უთანასწორო პირობებში მყოფ პირთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებით. კანონის მიზნებისთვის დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი, როდესაც სახეზეა ისეთი მოპყრობა ან პირობები, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, რელიგიის ან რწმენის ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. ირიბი დისკრიმინაციაა, როდესაც იმავე მდგომარეობას იწვევს ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენს გარემოება, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად (მუხლი 2.2. და 2.3.).
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს გაუმართლებელ განსხვავებას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგობრივად იწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორად აღიარებისა და სარგებლობის მოსპობას ან შეზღუდვას.
სააპელაციო სასამართლო მოსარჩელე ფ...ის მიმართ მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისას, ერთი მხრივ, დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო შეპირისპირებასა და კანონით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობას, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადასტურებისას გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობების განთავსების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება შედეგად მოსდევდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპის დარღვევა. თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაზე, რამაც განაპირობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არგუმენტები ფორმალურად, დისკრიმინაციული მიდგომის გადასაფარად გამოიყენა. ასევე, მერიამ დაუშვა მართლმადიდებლური ტაძრების მუნიციპალურ საკუთრებაში მშენებლობა, ხოლო პარალელურად, რელიგიურ უმცირესობას არ მისცა ...ის საკუთარ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლება.
საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობა - რელიგიური უმცირესობის შეგნებული დისკრიმინაცია, გამორიცხავდა საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებისა და ურთიერთდაბალანსების სათანადოობაზე მსჯელობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება წინააღმდეგობრივია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც.
რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე, მთელი რიგი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები. უპირველესად, საყურადღებოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-9 მუხლით, ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის, ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (გაერო. 1948 წელი) მე-18 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; ეს მოიცავს პირის უფლებას შეიცვალოს რელიგია ან რწმენა და თავისუფლებას, მარტო ან სხვებთან ერთად საჯაროდ ან კერძოდ გამოხატოს თავისი რელიგია სწავლების, ღვთისმსახურების, თაყვანისცემის და რელიგიური წესების დაცვის გზით.
„რელიგიის ან რწმენის ნიშნით შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციის“ (გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 36/55, 1981 წელი) 1.1 მუხლით, ყველა ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას მისდევდეს რელიგიას ან ნებისმიერი სახის მრწამსს საკუთარი არჩევანის შესაბამისად, ასევე თავისუფლებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძო წესით განაცხადებდეს საკუთარ რელიგიას ან მრწამსს კულტმსახურებით, წეს-ჩვეულებათა დაცვით, პრაქტიკით და მოძღვრებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ძირითადად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ არის აშენებული მართლმადიდებლური ტაძრები, რის საპირწონედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბ...ს“ არ აძლევს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ...ის მშენებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ა(ა)იპ „ბ...ს“ „კომპარატორად“ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებაზე ხაზგასმას, რომ სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით მიმართულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან რელიგიური უმცირესობის მიმართ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებულ მოპყრობას. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტაციას და ხსენებული საფუძვლით დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელ ზონა-6-ში და განსაკუთრებით, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, გაცემული აქვს საკულტო ნაგებობების - მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა და სამშენებლო პირობების დამტკიცება. საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის #2/4/1365 გადაწყვეტილება საქმეზე „ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოდ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სქემაში არსებით მნიშვნელობას იძენს, (1) არსებითად თანასწორ პირთა მიმართ (2) განსხვავებული მოპყრობის (ან პირიქით, განსხვავებულ პირთა მიმართ ერთგვაროვანი მოპყრობა, რისი კვლევის საჭიროებაც, განსახილველ შემთხვევაში, დღის წესრიგში არ დგას) იდენტიფიცირება, რამეთუ სწორედ ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ დიფერენციაციის გამოვლენის შემდგომ ხდება შესაძლებელი მოპყრობის სულისკვეთების ამოკითხვა, კერძოდ, განსაზღვრა იმისა, დიფერენცირებული მიდგომა იყო თვითმიზნური, დისკრიმინაციული, თუ ობიექტური მიზეზებით განპირობებული.
ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ „სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, როდესაც მოსარჩელის სამდურავი უკავშირდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას რაიმე გამამართლებელი საფუძვლის გარეშე, პირველ რიგში, სწორედ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ, უნდა დადგინდეს, რომ სადავო ნორმატიული აქტით ხდება პირთა მიმართ უთანასწორო, განსხვავებული მოპყრობა. საკონსტიტუციო სასამართლოში დავის განხილვისას დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, ერთი მხრივ, საკუთრივ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან წარმოდგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის #1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-46).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არსებითად თანასწორ ვითარებაში მყოფი შესადარებელი პირი ან პირთა ჯგუფი (ე.წ. „კომპარატორი“). ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს, სეკულარიზმის პირობებში საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და სხვა რელიგიის, მათ შორის, ...ი თემის წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან იდენტური უფლებრივი გარანტიებით. აღნიშნულზე საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომელიც მის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების წინაშე „სასწორზე დგას ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ - საჭიროება, შენარჩუნდეს ნამდვილი, რელიგიური პლურალიზმი, რაც დემოკრატიული საზოგადოების ცნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ („იეჰოვას მოწმეების სოლიდარობის ასოციაცია“ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, #36915/10 და #8606/13, §98, მაისი, 2016). სტრასბურგის სასამართლოს მიმოხილული პრეცედენტული სამართლისა და საქართველოს კონსტიტუციურ დონეზე გამყარებული სეკულარიზმის პრინციპის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას რელიგიის თავისუფლებით მოცული უფლებრივი კომპონენტებით სრულყოფილი სარგებლობისათვის საჭირო პირობები, მათ შორის, სახელმწიფოში მაცხოვრებელ რელიგიურ გაერთიანებებს მისცეს საქვეყნოდ ან განკერძოებით, თავისი რელიგიის აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით გამჟღავნების შესაძლებლობა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესადარებელ პირთა ჯგუფები ექცევიან არსებითად თანასწორ პირთა კატეგორიაში, თუმცა საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია განსხვავებულ მოპყრობას. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმეორებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გაცემულა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ ზონა-6-ში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაშვებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია განსხვავებულ მოპყრობაზე ხაზგასმა იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა არსებითად თანასწორი სუბიექტის მხრიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით არ წარდგენილა.
რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიის არსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებულ ტაძრებზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ნებართვა არ გაუცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის #ბს-576(კ-19) განჩინება).
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფომ ეკლესიის საკუთრებად ცნო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული. საკუთრების დაცვის თვალსაზრისით საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც ამ მიმართულებით ადგენს შემდეგ სტანდარტს - „კანონმდებლობის რეტროსპექტიული გამოყენება ისეთი ეფექტით, რომელიც ითვალისწინებს სუბიექტისთვის იმგვარი „აქტივის“ წართმევას, რომელიც მიიჩნევა „საკუთრებად“ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის, წარმოადგენს ისეთი ხარისხის ჩარევას სუბიექტის საკუთრების უფლებაში, რომელიც არღვევს სამართლიან ბალანსს, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესსა და მეორე მხრივ, სუბიექტის მიერ „საკუთრებით“ მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას შორის“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], #11810/03, §§ 90 და 93, 6 ოქტომბერი, 2005). ასევე, საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო მის პრეცედენტულ სამართალში ხაზს უსვამს ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსერვაციის მნიშვნელობას და ადგენს, რომ „მათი არსებული ფორმით კონსერვაცია/შენარჩუნება“, მიზნად ისახავს რეგიონისა და მისი მაცხოვრებლების ისტორიული და კულტურული ფესვების შენარჩუნებას. ამდენად, მოცემული ძეგლები არსებითი ღირებულების მქონეა, რისი დაცვაც სახელმწიფო ორგანოებისთვის წარმოადგენს კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლიდან გამომდინარე პოზიტიურ ვალდებულებას (ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], #33202/96, §112, 5 იანვარი, 2000). ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმართ ევროპული სასამართლოს ეს მიდგომა შესაძლოა მნიშვნელოვან ფაქტორად იქნეს მიჩნეული იმდენად, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“ (მე-8 მუხლი). ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდულია სამართლებრივი ბერკეტებით, რაიმე ზემოქმედება განახორციელოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის #ბს-864-860(კ-17) განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ „აჭარის რეგიონში წლებია თანაცხოვრობენ ქართველი ...ები, სადაც განხორციელდა ათობით ...ის მშენებლობა, რაც ასევე გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან ქართველი ...ების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.“
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, თვითმმართველ ქ. ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებს, კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალს, ასევე სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით-ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება („წესების“ პირველი მუხლის „ა“, „ზ“, „ი“ პუნქტები, მე-2 მუხლი).
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდება ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმების ხელშეწყობის პრინციპით. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-9 მუხლი განსაზღვრავს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ცნებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება არის კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, რომელზეც მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ძირითადი პარამეტრებისაგან (მოთხოვნებისაგან) განსხვავებული პარამეტრების (მოთხოვნების) დადგენა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას საჭიროებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ძირითადი ნებადართული სახეობის გარდა, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობ(ებ)ის განსაზღვრა. მითითებული „წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, კერძოდ: სპეციალური (ზონალური) შეთანხმება შესაძლებელია, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყოს დასახელებული პირობები.
საკასაციო სასამართლო, ასევე, განმეორებით მიუთითებს, რომ ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით ...ი თემის მოთხოვნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუპირისპირა საცხოვრებელი ზონის საცხოვრებელი დანიშნულებით განვითარების ინტერესი. საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ რელიგიის თავისუფლებით რეგლამენტირებული ყველა უფლებრივი კომპონენტის სრულყოფილად სარგებლობის მიმართ არსებული ...ი თემის ინტერესი პატივსადებია, თუმცა განსხვავებით რელიგიის თავისუფლებით დაცული შინაგანი რწმენისა (forum internum), მისი გარეგანი გამოხატვა (forum externum) არ არის აბსოლუტური და სათანადო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, ექვემდებარება შეზღუდვებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით. კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კი თავის მხრივ ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელიც ამ მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასაშვებ საფუძვლად შეიძლება მიიჩნეს, კერძოდ - მოცემული დანაწესის თანახმად, რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
მოცემულ საქმესთან მიმართებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „კონვენციის მე-9 მუხლით დაცული რელიგიის თავისუფლება მოიცავს პირთა უფლებას, გახსნან და შეინარჩუნონ ადგილები ან ნაგებობები, რომელიც გამიზნულია რელიგიური/საკულტო თაყვანისცემისთვის“ (Griechische Kirchengemeinde München und Bayern e.V. v. Germany (განჩინება), #52336/99, 18 სექტემბერი, 2007). თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დიდი ხნის მანძილზე ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „კონვენციის მე-9 მუხლი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, თითქოს ის ავტომატურად აღჭურავს რელიგიურ საზოგადოებას უფლებამოსილებით, მოიპოვონ საკულტო თაყვანისცემის ადგილი/ნაგებობა სახელმწიფო ორგანოებისგან“ .
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, საცხოვრებელ ზონა-6-ში საკულტო (საეკლესიო) ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია საგამონაკლისო წესით, მხოლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შემთხვევაში. ამ კუთხით არსებითია განსახილველი შემთხვევისაგან გაიმიჯნოს ვითარება, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ზღუდავენ კონკრეტული რელიგიური ჯგუფების უფლებას საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე ისეთ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც საკულტო (საეკლესიო) ნაგებობის მშენებლობა ძირითად სახეობად არის დაშვებული.
თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელ ზონა-6-ში საკულტო ნაგებობის მშენებლობა მხოლოდ საგამონაკლისო წესით არის დაშვებული, რის შესახებაც მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთების შეძენის მომენტში იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში კონკრეტული ნაგებობის მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საჭიროება ადასტურებს საკითხის გადაწყვეტის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეციას, თუმცა, ცხადია, იმთავითვე გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის დაშვებას. ასეთ ფუნქციურ ზონებში საგამონაკლისო წესით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობის უფლებით დაინტერესებული პირის აღჭურვა უნდა დაეფუძნოს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ან/და ფუნქციურ საჭიროებას. სხვაგვარი მიდგომა სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებულ სახეობებს გადააქცევდა ძირითად სახეობად და შთანთქავდა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების თავისუფალ სივრცეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ საკულტო ნაგებობის მშენებლობა ისეთ ფუნქციურ ზონაში, სადაც ნაგებობათა აღნიშნული სახეობა საგამონაკლისო წესით არის დაშვებული, შესაძლებელია, შეიზღუდოს გარკვეული ქალაქგანვითარებითი ინტერესებით, თუკი, რა თქმა უნდა, ამგვარი ინტერესების არსებობა სათანადო გარემოებებით იქნება დადასტურებული.
ამასთან, მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის საყურადღებოა აგრეთვე სტრასბურგის სასამართლოს მიერ რელიგიური თავისუფლების უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმად - „როგორც ზოგადი წესი, ისეთ რთულ და კომპლექსურ სფეროში, როგორიცაა სივრცითი დაგეგმარება, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ მიხედულების ფართო ფარგლებით ქალაქგეგმარებითი პოლიტიკის გატარებისას, ვინაიდან გეგმარებითი კანონმდებლობა ზოგადად მიჩნეულია, როგორც თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი უკონტროლო ურბანული განვითარების პრევენციის მიზნებისთვის“ („ISKCON“ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, #20490/92, 8 მარტი, 1994; კრივი რიჰს ტერნივსკის ოლქის იეჰოვას მოწმეების რელიგიური საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ #21477/10, §51, 3 სექტემბერი, 2019).
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სასამართლოს წლების მანძილზე ჩამოყალიებებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქალაქგეგმარებითი რეგულაციების მიღება და გამოყენება ექცევა მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის - კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნის ქვეშ“ („იეჰოვას მოწმეების სოლიდარობის ასოციაცია“ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, #36915/10 და #8606/13, §95, მაისი, 2016) და შესაბამისად, წარმოადგენს მე-9 მუხლით დაცული, რელიგიის მანისფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძველს. გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეზე - ვერგოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (#65501, 24 ივნისი, 2004) სტრასბურგის სასამართლო ასევე ადგენს, რომ ქალაქგეგმარებითი რეგულაციების გამო ეროვნული ორგანოების ჩარევა მომჩივნის რელიგიის მანიფესტაციის უფლებაში „ემსახურებოდა კონვენციით დაცულ ლეგიტიმურ მიზნებს: კერძოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“ (იქვე; §32).
ამდენად, ზემოაღნიშნულ კონვენციურ და კონსტიტუციურ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - რელიგიის მანიფესტაციის უფლებრივი სტანდარტი მოითხოვს, ერთი მხრივ, კონკრეტული რელიგიური გაერთიანებების მხრიდან საკულტო თაყვანისცემის ადგილის გახსნის ინტერესისა და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესის სათანადო დაბალანსებას. სხვა სიტყვებით, რელიგიის მანიფესტაციისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს, ლეგიტიმურ მიზნებზე - კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვათა უფლებათა/თავისუფლებათა დაცვის ინტერესზე არსებული ზეგავლენის შეფასება და განსაზღვრა იმისა, რელიგიის თავისუფლების აღნიშნული უფლებრივი კომპონენტის კონკრეტული პირობებით დაშვება მომეტებულად ხომ არ ზღუდავს კონვენციით დაცულ ამ ლეგიტიმურ ინტერესებს.
საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში საცხოვრებელ ზონა 6-ში ...ის მშენებლობაზე ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის მიერ უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა. მართალია, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს და მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო შინაარსისაა, თუმცა დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ დასკვნის საფუძველზე იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ სპეციალური ზონალური კომისიის წევრები. ასევე, საგულისხმოა, რომ კომისიის წევრები გასულები იყვნენ სამშენებლო ტერიტორიაზე და ადგილზე იქნა დათვალიერებული და შესწავლილი სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კომისიის წევრების მოსაზრებების სათანადო შეფასებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა არის მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპების საფუძველზე ადამიანის ცხოვრების, საქმიანობისა და რეკრეაციისათვის ღირსეული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დასახლებებისა და სხვადასხვა ტიპის ტერიტორიებისთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესი. ქალაქთმშენებლობითი ზონირება კი ნიშნავს დასახლებული ტერიტორიის დაგეგმარებას ფუნქციური ზონების განსაზღვრისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენის მიზნით. სწორედ ქალაქთმშენებლობის დაგეგმვის დონეზე წყვეტს მუნიციპალიტეტი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს შესაბამისი დასახლება თუ ცალკეული მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ უმსჯელია, ქალაქ ბათუმში ...ი თემის და ამ თემის ასეულობით წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული ...ის მშენებლობის მოთხოვნა რამდენად წარმოადგენდა ისეთ განსაკუთრებულ მიზეზს, რომელსაც შეეძლო გადაეფარა კონკრეტული ქალაქგანვითარებითი ინტერესი.
ინტერესების შეპირისპირების კუთხით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი ...ის (...ეს) არსებობის პირობებში, ...ი თემისთვის არასაკმარისია სალოცავი სივრცე, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში იძულებულნი არიან ღია ცის ქვეშ ილოცონ, რითაც მათ ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მოხმობილია სახალხო დამცველის 2018 წლის 28 მარტის #04-9/4743 რეკომენდაცია. ამასთან, ...ის მშენებლობის მოთხოვნის საფუძვლიანობის კუთხით ასევე მიეთითა 12 000 პირის ხელმოწერაზე, რომელიც მოითხოვდა და უთითებდა ბათუმის ტერიტორიაზე ...ის მშენებლობის აუცილებლობაზე. დასახელებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით საყურადღებოა კასატორის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის #342/01 განცხადებას ფიზიკურად არ ახლდა ...ი მრევლის 12 000 ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა, შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია ვერ იმსჯელებდა და ვერ მისცემდა სამართლებრივ შეფასებას აღნიშნულ ხელმოწერებს.
თუმცა, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შეფასება მისცეს აღნიშნულ ხელმოწერებს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელმოწერებით მოთხოვნილია, ზოგადად, ბათუმის ტერიტორიაზე ...ის მშენებლობის აუცილებლობა. საქმეზე არ დგინდება, რომ დასახელებული ხელმოწერები მიეკუთვნება სწორედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ ... მრევლს და კონკრეტულად კი იმ ზონაში ან ზონის მიმდებარედ მაცხოვრებელ მოსახლეობას. საკასაციო სასამართლო ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ არ აყენებს ზოგადად ...ი თემის საჭიროებას ...ის მშენებლობაზე, თუმცა ინტერესთა შეპირისპირებისას საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნულ ხელმომწერ პირთა კავშირის დადგენას მოცემულ ტერიტორიასთან, რადგან განსახილველი დავის ფარგლებში სადავოა კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე ...ის მშენებლობა.
კასატორის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მტკიცებით, აღნიშნულს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან იმ პირობებშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ ქ. ბათუმის მერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის განცხადებას არ ახლდა მსგავსი დოკუმენტი და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი ტიპის დოკუმენტის საფუძველზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესაძლებლობას და ბათუმის მერიას მაინც უნდა გაეთვალისწინებინა 12 000 ადამიანის სურვილი ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ ასეთი სურვილი გამოხატული უნდა ყოფილიყო იმ ტერიტორიის ან მიმდებარე მაცხოვრებელთა მიერ, სადაც მდებარეობს სამშენებლო მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატის დასკვნა არ ეფუძნება გარემოებათა სათანადო შეფასებას. სასამართლომ 12 000 ხელმომწერის მოთხოვნა საზოგადოებრივ და სოციალურ საჭიროებას გაუთანაბრა. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხსენებული გარემოების კვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს ...ი მოსახლეობის მოთხოვნის საზოგადოებრივ და სოციალურ საჭიროებად დაკვალიფიცირებისათვის, რამდენადაც განსახილველი დავა შეეხება არა ზოგადად ბათუმში ...ის მშენებლობის შეზღუდვას, არამედ ...ის მშენებლობისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, საცხოვრებელ ზონა 6-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის კანონიერებას. შესაბამისად, ხელმომწერთა გადაუდებელი ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება აიხსნება იმ პირობებში, თუკი დადასტურდება, რომ მოსახლეობას უდგას ...ის კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე აღმართვის გადაუდებელი საჭიროება.
საკასაციო პალატის შეფასებით, სადავო გადაწყვეტილებები არ ადასტურებს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ბათუმში ...ის მშენებლობის წინააღმდეგია. ამასთან, საკასაციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს დავის აღმოფხვრისა და ინტერესთა დაბალანსებისათვის სათანადო კომპრომისის მოძიებას, რა დროსაც განსაკუთრებული როლი ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
ინტერესთა შეპირისპირების თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 6.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საცხოვრებელი ზონა 6-ის ტერიტორიისათვის სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას დაქვემდებარებული უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალი (მოხუცთა ინტერნატები; საავადმყოფოები; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები; თეატრები; არქივები; მუზეუმები; საცეკვაო დარბაზები – დისკოთეკები; რესტორნები; კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; ბანკები; მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები; ოფისები და კანტორები; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლოები; საეკლესიო ობიექტები; პოლიციის განყოფილებები; სახანძრო დეპოები; საზოგადოებრივი ტუალეტები; კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები). მათი სპეციფიკის და ინტენსივობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის საკითხის შეფასებისას გადამწყვეტია სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე განაშენიანების ხარისხი, ფუნქციური ზონის კონკრეტული ტერიტორიის სამშენებლო განვითარება. ამასთან, რამდენადაც ერთსა და იმავე ფუნქციურ ზონას, შესაძლოა, გააჩნდეს რადიკალურად განსხვავებული მოწყობა, არსებითია ინდივიდუალურ შემთხვევებთან მიმართებით შეფასდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის განსაზღვრული ფუნქციით განვითარება. სხვა სიტყვებით, სამშენებლო ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის საფუძველზე ერთი რომელიმე სახეობის ობიექტის მშენებლობის დაშვება არ გულისხმობს, რომ ამავე ტერიტორიაზე საგამონაკლისო წესით გათვალისწინებული სხვა სახეობის ნაგებობის მშენებლობაც ავტომატურად იქნება დაშვებული. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა საჭიროებს მოთხოვნილი ტიპის ნაგებობის განაშენიანებულ სივრცესთან თავსებადობის გამოკვლევა-დადასტურებას, ასევე, სხვა ქალაქგანვითარებადი საკითხების კომპლექსურ შეფასებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო დასაშვებად თვლის იმ ვითარების არსებობასაც, რომ ერთსა და იმავე ფუნქციურ ზონაში ერთ რომელიმე ტერიტორიაზე დაიშვას საგამონაკლისო წესით გათვალისწინებული კონკრეტული ნაგებობის მშენებლობა, ხოლო იმავე ფუნქციური ზონის სხვა ტერიტორიაზე ამავე ტიპის ნაგებობის მშენებლობა შეიზღუდოს უბნის სხვაგვარი განვითარების ინტერესისა და საჭიროების მტკიცებით ან არსებულ განაშენიანებასთან მოთხოვნილი ნაგებობის შეუთავსებლობის მოტივით.
ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ზონა 6-ის ტერიტორიისათვის სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას დაქვემდებარებული უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვებ სახეობათა დანიშნულებასა და ფუნქციას, კერძოდ, ყველა მათგანი წარმოადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს. შესაბამისად, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ინტერესის ერთი ფუნქციური ზონის ფარგლებში კუმულაციური დაკმაყოფილებისათვის, შესაძლოა, კონკრეტული შენობის მახასიათებლების გათვალისწინებით, განაშენიანებამ მოითხოვოს დასაშორებელი (ე.წ. „ბუფერული“) სივრცე დასახლებულ და საზოგადოებრივი ობიექტებით ათვისებულ ტერიტორიებს შორის. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელ ზონა 6-ში ერთი რომელიმე ტერიტორიის განაშენიანების ხარისხი და სამშენებლო განვითარება, შესაძლოა, თავად კარნახობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ამავე ტერიტორიის განვითარების მიმართულებას, რამაც, შესაძლოა, შეზღუდოს სივრცის საგამონაკლისო წესით ათვისების შესაძლებლობა. ამდენად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით კონკრეტული ნაგებობის მშენებლობის დაშვებისათვის არსებითია საპროექტო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების თავისებურებისა და მოწყობის საფუძვლიანი შესწავლა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიანიჭა უპირატესობა ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსარჩელის კერძო ინტერესს, რომ სათანადოდ არ უმსჯელია იმ საჯარო თუ საზოგადოებრივ ინტერესზე, რომელიც, შესაძლოა, ობიექტურად დაპირისპირებოდა კონკრეტულ ტერიტორიაზე ...ის მშენებლობის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება ...ი თემის საჭიროებას, კერძოდ, რელიგიის თავისუფლებით მოცული უფლებრივი კომპონენტებით სრულყოფილი სარგებლობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან ხელშეწყობის მოთხოვნის საფუძვლიანობას, რომელმაც, პალატის მოსაზრებით, დააკმაყოფილა სოციალური და საზოგადოებრივი მოთხოვნა და გადაწონა ქალაქგანვითარებადი ინტერესები. საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ...ი თემის ინტერესი და საჭიროება არის პატივსადები მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია კონკრეტულ საპროექტო ტერიტორიაზე ...ის განთავსებით მიმდებარე სივრცესა და მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზეგავლენა, რასაც, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა დავის მართებული გადაწყვეტისათვის.
ინტერესთა შეპირისპირების თვალსაზრისით, იღებს რა მხედველობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკვანძო პრეცედენტულ სამართალს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ორ საქმეზე, რომელშიც შესაძლოა ილუსტრირებული იყოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სტანდარტი მოცემული დავის ფაქტობრივი მოცემულობის სამართლიანი შეფასების მიზნებისთვის.
ერთ-ერთ ასეთ საქმეს წარმოადგენს განჩინება 2019 წლის საქმეზე - პანტელიდოუ საბერძნეთის წინააღმდეგ (განჩინება) (#36267/19, 10 ოქტომბერი, 2019), რომელიც ეხებოდა რელიგიური საზოგადოების, სახელად „ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანების“ მიერ ერთ-ერთი შენობის ეკლესიად გარდაქმნას, რაც განხორციელდა შესაბამისი რაიონის (სამეზობლოს) ურბანული გეგმარებითი სტატუსის დამდგენ საკანონმდებლო დანაწესთა დარღვევით. ეროვნულმა ორგანოებმა ხსენებულ ქალაქ-მშენებლობით რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო რელიგიური საზოგადოების წევრებს წინამდებარე შენობაზე წვდომა აუკრძალეს. მომჩივნები ევროპული სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ორგანოთა აღნიშნული ქმედების ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული - რელიგიის მანიფესტაციის უფლების დარღვევად ცნობას მოითხოვდნენ. წინამდებარე საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ „რაციონალური ურბანული განვითარების საჯარო ინტერესს ვერ გადაწონიდა ლიტურგიული საჭიროებები იმ რელიგიური საზოგადოებისა, რომელმაც ურბანული განვითარების გეგმასთან შეუსაბამოდ დაარსა და აამოქმედა რელიგიური/საკულტო თაყვანისცემის ადგილი (ნაგებობა)...“ [§28] შედეგად, ურბანულ დაგეგმარებისა და განვითარების სფეროში ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიხედულების ფართო ფარგლების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მომჩივანთა საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.
მოცემულ დავასთან მიმართებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრეცედენტს წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილება საქმეზე - ვერგოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (#65501, 24 ივნისი 2004). წინამდებარე საქმეში, რელიგიური საზოგადოების - „ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანების“ წევრი მუნიციპალური ორგანოებისგან ითხოვდა ნებართვას, რათა აეშენებინა „სამლოცველო სახლი“ მის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე. საბერძნეთში იმ დროისათვის მოქმედი, ქალაქების სივრცითი გეგმარების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტის მიხედვით, ამგვარი მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო იყო შესაბამისი ზონის ხელახალი დეზიგნაცია/განსაზღვრა, რისი განხორციელებაც მოითხოვა კიდეც მომჩივანმა. მუნიციპალური ორგანოების წინაშე დაყენებული ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ბოლოს უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე გასაჩივრდა. საბერძნეთის საკასაციო სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „სამლოცველო სახლი“, რომლის მშენებლობაც სურდა მომჩივანს, იმგვარი კატეგორიის შენობას წარმოადგენდა, რომლის მშენებლობაც ქალაქთმშენებლობითი („მიწის გამოყენების“) გეგმის მიხედვით, არ დაიშვებოდა ქალაქის იმ არეალში/ზონაში, სადაც მომჩივნის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთი მდებარეობდა. მოცემული „სახლის“ მშენებლობის უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ მიწის გამოყენების გეგმის მოდიფიცირებით, რის „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებასაც“ მომჩივანი ვერ ადასტურებდა. მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული - მისი რელიგიის მანიფესტაციის უფლების ხელყოფას.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემული შიდა საკანონმდებლო აქტი 1923 წელს იყო მიღებული, ის ახორციელებდა ქალაქთმშენებლობითი საკითხების „ნეიტრალურ მოწესრიგებას“ (§40), ხოლო მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეროვნული სასამართლოების, განსაკუთრებით კი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ვერ მიიჩნეოდა თვითნებურად.“ (§41) ევროპული სასამართლოს შეფასებით, „ქალაქის ტერიტორიის რაციონალური დაგეგმვის საჯარო ინტერესს ვერ გადაწონიდა რელიგიური საზოგადოების წევრის საკულტო საჭიროებები მაშინ, როდესაც მეზობელ ქალაქში არსებობდა ისეთი „სამლოცველო სახლი“, რომელიც მოცემულ რეგიონში ამ რელიგიური საზოგადოების საჭიროებებს აკმაყოფილებდა“ (იქვე). წინამდებარე არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა ხელმშემკვრელი სახელმწიფოების ფართო მიხედულების ფარგლებს ქალაქთმშენებლობით სფეროში, ეროვნული ორგანოების ქმედება რელიგიის მანიფესტაციის უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად განხორციელებულ პროპორციულ ზომად მიიჩნია და მოცემულ საქმეზე მე-9 მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით კასატორის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებაზე მიუთითებს, რომ ა(ა)იპ „ბ...“ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით მოითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკულტო ნაგებობის - ...ის მშენებლობის მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემასა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, ხოლო ამავდროულად ცალკე სასარჩელო მოთხოვნად აფიქსირებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრას და ამ მიზნით: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენას და ბ) დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მერიის მითითებას იმ ნაწილში, რომ ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარე მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით სადავო აქტების ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიღწევადია სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებითაც, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული არ ქმნის აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს უნდა მისცეს სასარჩელო მოთხოვნის სწორად ფორმულირების შესაძლებლობა. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით.
რაც შეეხება მერიის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ დისკრიმინაციის დადგენა ვერ იქნებოდა განხილული როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნა და აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ განხილულიყო პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და დასაშვებად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებას როგორც დამოუკიდებლად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენით, ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე მითითებით. ამ კუთხით სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების არჩევანის თავისუფლება მოსარჩელის მიხედულებაზეა დამოკიდებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბ...ს“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბ...ს“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა