Facebook Twitter

საქმე №ბს-960(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ.ს-ა

მესამე პირი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.ს-ამ 2019 წლის 18 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 02 მარტის №97 მიმართვისა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2010 წლის 01 დეკემბრის №76 საოქმო გადაწყვეტილების ვ.ს-ას ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, აგრეთვე მოსარჩელე ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისთვის სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ვ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 02 მარტის №97 მიმართვა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2010 წლის 01 დეკემბრის №76 საოქმო გადაწყვეტილება ვ.ს-ას ნაწილში, თანმდევ სამართლებრივ შედეგთან ერთად; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის წარმომადგენელი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მთავარ საფუძველს წარმოადგენს სწორედ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რის დასადასტურებლადაც უნდა დგინდებოდეს სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რაიმე ნიშანი, რაც განსახილველ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, არ არის სახეზე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვ.ს-აზე ...ში მდებარე 4336.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდება განმცხადებლის მიერ თვითნებურად დაკავების (ფლობის) ფაქტი, რაც სააპელაციო პალატის შეფასების მიღმა დარჩა.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სადავო აქტს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომელთა წარდგენაც განმცხადებელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოეთხოვებოდა, მათ შორის, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ან/და სასამართლო აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმხორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.2010წ. №76 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების დადგენას. ხსენებული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვ.ს-აზე 14.12.2007წ. გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. სამართლიანად განხილვის უფლება ფართო ცნებაა და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად მოიცავს დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის უზრუნველყოფას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, გამონაკლისს ადგენს კანონი, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. კანონმდებლის ამ იმპერატიული დანაწესის მიზანია იმ პირთა მაქსიმალური დაცვა, რომელთა უფლებასაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ისინი უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და გავლენა იქონიონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ერთი მხრივ, მართალია ემსახურება დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, მაგრამ ამავდროულად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყოველმხრივ გამოკვლეული გადაწყვეტილების მიღებას, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა იცავს უფლებას მოსმენაზე, რომელიც მოიცავს არამხოლოდ არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2010 წლის 01 დეკემბრის №76 საოქმო გადაწყვეტილებით გაუქმდა ვ.ს-ას სახელზე გაცემული აღმჭურველი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც მას ანიჭებდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა მოსარჩელე ვ.ს-ა; მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის საშუალება, მეტიც, მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაიგო მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებსა თუ უფლებებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტს საფუძვლად უდევს ვ.ს-ას მიერ 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად არ დგინდებოდა ვ.ს-ას მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი; სახელდობრ, წარდგენილი არ იყო სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ან/და სასამართლოს აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარეს არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება, შეუძლებელი იყო მის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის ჩაბმა, საქმის სრულყოფილად გამოკვლევის უზრუნველყოფისთვის მოეთხოვა მოსარჩელისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა საშუალებას საქმე გამოეკვლია ყოველმხრივ და მხოლოდ მას შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების უგულებელყოფა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციის მიღმაა მოქცეული, თუმცა სასამართლო კონტროლის განხორციელებისთვის საჭიროა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტების სათანადო დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებულობის სტანდარტს, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია პირის კანონით გარანტირებული უფლებები, მათ შორის, პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებისა და დამატებით მტკიცებულებათა წარდგენის უფლება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა