Facebook Twitter

№ბს-75(კ-23) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ.შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 30 მარტის №392 განკარგულება; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ჯ.შ-ასთვის ქ. თბილისში, ...ის მე-4 მ/რ, №...-ს მომიჯნავედ, საერთო ფართით 622 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №392 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ.შ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №... მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა ჯ.შ-ას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის IV მ/რ, №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 622.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია (მათ შორის, ხის კონსტრუქცია), რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ჯ.შ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით) და ფოტოსურათებით კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებს კანონით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. ამასთან, 2021 წლის 1 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, განმცხადებელმა, ჯ.შ-ამ, თავად განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ხის ალუმინის ფილებით შემოსაზღვრული) შენობა. კომისიის მიერ, დადგენილ იქნა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გარემოებები კი, წარმოადგენდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ.შ-ასთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 11 ივნისს ჯ.შ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის მე-4 მ/რ, №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართით 622 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შპს „პ...ის“ მიერ 2020 წლის 28 აპრილს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, 622 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ერთი არასაცხოვრებელი და ერთი საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტი (ს.ფ. 52-54); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №... წერილით საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ. 51); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 1 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) მე-7 საკითხად განხილულ იქნა ჯ.შ-ას განცხადება. კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ჯ.შ-ას მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამავე ოქმის მიხედვით, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღება), ფოტოსურათებითა და განმცხადებლის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი ნაგებობა (ლითონის ჯიხური), რომელიც არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. ამასთან, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ჯ.შ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 86-93); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 30 მარტის №392 განკარგულებით ჯ.შ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისში, ...ის მე-4 მ/რ, №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართით 622 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 43-45); ე) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ე.ჭ-ამ, მ.კ-ემ და მ.ბ-ამ დაადასტურეს, რომ 2020 წლის 11 იანვარს ჯ.შ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის IV მ/რ, №...-ს მიმდებარედ, 622 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 1994 წლიდან სარგებლობაში აქვს ჯ.შ-ას (ს.ფ. 22); ვ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, №...-ს მიმდებარედ, 622 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტით შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ის წარმოადგენს ,,შენობას’’ (ს.ფ. 123-133); ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 22 იანვრის MOD 1 21 00000121 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათ შორის, ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ჯ.შ-ა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებულნი იყვნენ ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში 2021 წლის 25 იანვრიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (ს.ფ. 105-106); თ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.შ-ამ განმარტა, რომ არის მოსარჩელე - ჯ.შ-ას ძმისშვილი. ვინაიდან ჯ.შ-ა იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გამართულ სხდომაზე მონაწილეობდა მამასთან ერთად, თუმცა მათ არ გააჩნდათ უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიის წევრებმა მათ აჩვენეს ფოტოები და დაუსვეს შეკითხვა შენობის მდგომარეობაზე. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია რას გულისხმობს კაპიტალური შენობა, მაგრამ ბავშვობიდან სადავო ტერიტორიაზე გაიზარდა და დაზუსტებით იცის, რომ იქ მდგარი შენობა არის მყარი ნაგებობა. მისივე განმარტებით, ჯ.შ-ა გარკვეული პერიოდი ამ შენობაში ცხოვრობდა და ამუშავებს მიწას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საკასაციო პალატის მითითებით მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-1008(კ-20) საქმეზე განმარტა, რომ ,,საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის მიწის ნაკვეთზე შენობის და არა დროებითი ნაგებობის არსებობის დადგენის მიზანია - პირის მიერ მიწის ნაკვეთის რეალურად დაკავების, ფლობის, მასზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების, ასევე პირის ნაკვეთის, როგორც საკუთარის, ფლობის და სარგებლობის ნების დადასტურება. კანონის მიზანია კერძო პირის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი არა ყველა მიწის ნაკვეთის განკერძოება, არამედ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც უტყუარად დასტურდება 2007 წლამდე დაუფლების ფაქტი, ნაკვეთის გამოყენება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, კერძო პირის მიერ ნაკვეთის „მისაკუთრება“, რაც დგინდება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრებით ან/და საქმიანობით, ნაკვეთის დაუფლების არადროებითი ხასიათით, ნაკვეთის, როგორც საკუთარის ფლობით“.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 დეკემბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, №...-ს მიმდებარედ, 622 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტით შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ის წარმოადგენს შენობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლია შენობის მახასიათებლები, აღნიშნული მახასიათებლების დასადგენად წარდგენილი დოკუმენტაციის საკმარისობის საკითხი. დაუსაბუთებელია რის საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა შენობისათვის ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ მახასიათებლებს. საკითხის ხელახალი განხილვისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და აღნიშნულის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე