Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-390 (კ-23) 06 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ.მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2022წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2022წ. განჩინებით მ.მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2021წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.მ-ას მიერ.

საკასაციო სასამართლოს 21.04.2023წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ კასატორს არ ჰქონდა მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე სახის დასაბუთებას. ამასთან, საკასაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2022წ. განჩინებასთან ერთად კასატორი ასაჩივრებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 02.08.2021წ. გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 და 404.2 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს აქტების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია გადასინჯოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. ამდენად, დაზუსტებას საჭიროებდა საკასაციო განაცხადი. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2023წ. განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, დაზუსტებული საკასაციო განაცხადით. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2023წ. განჩინება გაეგზავნა კასატორს - მ.მ-ას საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 16.05.2023წ., ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 23.05.2023წ. 24 საათზე (სამშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, მ.მ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2022წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. დ.ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ.მ-ას საკასაციო საჩივარზე 01.06.2022წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი