Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-352(19კ-22) 21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. გ-ის, ნ. ხ-ეის, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას და ნ. ზ-ის, ი. ბ-ას და ჟ. გ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლი 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 13 სექტემბერს ჟ. გ-ამ და ი. ბ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებად დასახელდნენ: ი. ბ-ა, ჟ. გ-ა, ი. ჯ-ა, კ. გ-ი, ნ. ხ-ეე, გ. მ-ა, დ. ქ-ა, რ. ქ-ა, ლ. კ-ა, მ. შ-ა, მ. ი-ი, მა. შ-ა, მ. ქ-ა, თ. გ-ა, ი. ა-ა, კ. ჯ-ა, ნ. ს-ა, ნ. დ-ა, გ. ხ-ი, ლ. ბ-ი, ლ. ხ-ა, ნ. ზ-ი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ნებართვის/თანხმობის გაცემის დავალება, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოსახლეობისათვის კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ N... საჯარო სკოლა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჟ. გ-ას, ი. ბ-ას და სხვების სარჩელი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა თანხმობის გაცემა, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრებ მოსახლეობაზე (მოსარჩელეებზე) კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით, მესამე პირის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ბ-ას, ჟ. გ-ას, ი. ჯ-ას, კ. გ-ის, ნ. ხ-ეეს, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას, ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს თვითნებურად აქვთ დაკავებული თბილისში ...ის ქუჩა N10-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სსიპ თბილისის N... საჯარო სკოლისთვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობა. მათ ინტერესს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ნებართვის გაცემის დავალება, მითითებულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობაზე კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე. მოსარჩელეების განმარტებით, თვითნებურად დაკავებულ ფართში ცხოვრობენ მათი არასრულწლოვანი შვილებიც. ამასთანავე, მოსარჩელეები ი. ბ-ა, ჟ. გ-ა, ი. ჯ-ა, რ. ქ-ა, მ. შ-ა, მ. ქ-ა, ი. ა-ა, ლ. ბ-ი, ნ. ზ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აპრილის N001726014 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე N... საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსისა და გვერდითი ფლიგელის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო არ არის. დღეისათვის აღნიშნული ნაგებობები რთულ, დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაშია და მათი „სრულ საიმედო დონემდე“ აღდგენისათვის აუცილებელია ყველა მზიდი კონსტრუქციის მოქმედ, მათ შორის, სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც პრაქტიკაში არსებული და მიღებული მეთოდებით, შენობის ფაქტიური დაზიანებებიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, არარენტაბელურია. გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის და 2017 წლის 3 მარტის N205 ბრძანებებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 და 2017 წლის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლის შენობის პროექტირების სამუშაოები, რაც ვერ განხორციელდა სკოლის შენობაში მცხოვრებ პირთა გამო. ახალი სკოლის მშენებლობა უნდა დაწყოს ამ სკოლაში მცხოვრები დევნილებისა და თვითნებურად შეჭრილ პირთა განსახლებისთანავე. ამდენად, სამინისტროსთვის მიუღებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ამ პროცესს. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია თანხმობის გაცემა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (ს/კ ...) არსებული უძრავი ქონების ელექტროენერგიით, წყლითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, მეორე მუხლზე (კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა), 33-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“, „ჰ7“, „ჰ14“, „ჰ15“ ქვეპუნქტებზე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის (დევნილი ოჯახის) საცხოვრებელი პირობები შესაბამისობაში უნდა იყოს იმ მინიმალურ მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფს დევნილის ღირსეული არსებობის შესაძლებლობას და საფრთხეს არ შეუქმნის მისი და/ან მასთან მცხოვრები სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთანავე, სახელმწიფოს გააჩნია დევნილის სათანადო საცხოვრებლით და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონისმიერი ვალდებულება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების“ მეორე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წელს ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. პალატამ მიუთითა აღნიშნული მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე („ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ განმარტება), მე-5 მუხლზე და განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელეები (მათი ოჯახის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვები) ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად, საცხოვრებლად უვარგის, ავარიულ შენობაში. ამასთანავე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს სამოქმედი გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა, რომლის პროექტირების სამუშაოები და ახალი სკოლის მშენებლობის დაწყება ვერ ხორციელდება სკოლის შენობაში მცხოვრები, თვითნებურად შეჭრილი პირების გამო. არსებულ პირობებში სკოლა ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას და რაც მთავარია, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ნებართვა-თანხმობის გაცემა კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე, თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (...ის ქუჩა N10-ში), მდებარე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად, საცხოვრებლად უვარგის სსიპ თბილისის N... საჯარო სკოლის ავარიულ შენობაში თვითნებურად განსახლებულ მოსახლეობაზე, ეწინააღმდეგება შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ. საკასაციო საჩივარზე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ორი მოსარჩელის - ი. ბ-ას და ჟ. გ-ას ხელმოწერები, რის გამოც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით დანარჩენი მოსარჩელეების ნაწილში საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი: კ. გ-ის, ნ. ხ-ეეს, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას, ნ. ზ-ის და ი. ჯ-ას დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ყველა კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შევსების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. გ-ის, ნ. ხ-ეის, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით ი. ჯ-ას ნაწილში განუხილველად დარჩა თავდაპირველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საკასაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

კასატორები - ი. ბ-ა, ჟ. გ-ა, კ. გ-ი, ნ. ხ-ეე, გ. მ-ა, დ. ქ-ა, რ. ქ-ა, ლ. კ-ა, მ. შ-ა, მ. ი-ი, მა. შ-ა, მ. ქ-ა, თ. გ-ა, ი. ა-ა, კ. ჯ-ა, ნ. ს-ა, ნ. დ-ა, გ. ხ-ი, ლ. ბ-ი, ლ. ხ-ა და ნ. ზ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მესამე პირების დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

კასატორები თვლიან, რომ მათი საკასაციო საჩივრები დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი ასევე დასაშვებია ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურულ სამართალს.

კასატორები მიუთითებენ, რომ ისინი ცხოვრობენ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, გაუსაძლის პირობებში. არა აქვთ წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და არ გააჩნიათ ელემენტალური საყოფაცხოვრებო პირობები, არიან სოციალურად დაუცველები და დევნილები. ყოველივე აღნიშნული დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მის მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. სააპელაციო პალატამ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, მე-15, მე-16 მუხლები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლი (სათანადო საცხოვრებლის უფლება), ევროპის სოციალური ქარტია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. ამასთანავე, საქმეზე მართლმსაჯულების ფორმალურად განხორციელებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სრულყოფილად არ შესწავლილა და საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით სწორად არ შეფასებულა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი კონკრეტული პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ არ შეაფასა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანხმობა, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრებთათვის კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე (2016 წლის 20 სექტემბრის N02-02/08/24431 წერილი), ასევე ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის 2016 წლის 2 სექტემბრის თანხმობა. შესაბამისად, საქმეზე მიღებულია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ბ-ას, ჟ. გ-ას, კ. გ-ის, ნ. ხ-ეის, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2014 წლის 12 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ ...; დაზუსტებული ფართობი - 5330.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1 - საერთო ფართით 3489.61 კვ.მ; ნაგებობა N2 - (საქვაბე) ფართით 16,72 კვ.მ; და N3 (მშენებარე)). ამავე ამონაწერის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონებიდან, 4330 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებთან ერთად, სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ ,,ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლას“, მოსარგებლის არსებობის ვადით (უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2011 წლის 4 ოქტომბერი; საფუძველი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის პირველი სექტემბრის N15/2097/3-10 წერილი.

სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლის შენობაში (მშენებარე) მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანების/კომუნალური სერვისების მიწოდების მოთხოვნით მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლას. განმცხადებელთა მოთხოვნა რეაგირებისათვის გადაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. ამავე ორგანოს აცნობა, რომ სკოლა არ იყო წინააღმდეგი, სკოლის (მშენებარე კორპუსის) შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით.

მოსაზრებების წარდგენის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გადააგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 სექტემბრის N01-02/08/24431 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი, ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილთა სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით.

ი. ბ-ამ და სხვებმა 2017 წლის 31 მარტს მიმართეს ნაძალადევის რაიონის გამგეობას. განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შუამდგომლობის წარდგენა, საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N2-ში მდებარე შენობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს 18 იძულებით გადაადგილებული პირი და 16 სოციალურად დაუცველი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 აპრილის N01170952423 წერილით 2017 წლის 31 მარტის განცხადება განსახილველად გადაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.

2017 წლის 18 აგვისტოს ი. ბ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შენობაში კომუნიკაციების მოწყობაზე თანხმობისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით. ი. ბ-ას 2017 წლის 18 აგვისტოს განცხადება, მასში დაფიქსირებულ საკითხზე მოსაზრებების წარდგენის მიზნით, 2017 წლის 21 აგვისტოს და 19 სექტემბერს გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 7 ოქტომბრის MES 9 16 01202602 წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და გლდანი ნაძალადევის საგანამანათლებლო რესურსცენტრს, სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის შენობაში (მშენებარე კორპუსში) იძულებით გადადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანების საკითხთან დაკავშირებით ეცნობათ, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N1187983 წერილის გათვალისწინებით, არსებული ვითარებიდან და საჯარო სკოლის ინტერსებიდან გამომდინარე, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ მიაჩნია მიზანშეწონილად სსიპ ქალაქ თბილისის N... საშუალო სკოლის შენობაში (მშენებარე კორპუსში) მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანება.

ზემოაღნიშნულ შენობაში მცხოვრები 18 დევნილი ოჯახის კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის MES 10 17 01273019 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლისა და 2017 წლის 3 მარტის N205 ბრძანებებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 და 2017 წლის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გათვალისწინებული იყო ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლის შენობის პროექტირების სამუშაოები, რაც ვერ განხორციელდა სკოლის შენობაში მცხოვრებ პირთა გამო. სააგენტოს ასევე ეცნობა, რომ სამინისტროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც უნდა დაიწყოს ამ სკოლაში მცხოვრები დევნილებისა და თვითნებურად შეჭრილი პირების განსახლებისთანავე. შესაბამისად, სამინისტროს მიუღებლად მიაჩნია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ამ პროცესს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი 2017 წლის 18 აგვისტოს N74110 წერილის პასუხად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე უძრავი ქონებასთან (ს/კ ...) დაკავშირებით, ი. ბ-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის N5/56003 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის MES 10 17 01273019 წერილით მიწოდებული პოზიციის გათვალისწინებით, სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნია (წინააღმდეგია) განიხილოს მის მიერ წერილში დასმული საკითხი.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე, ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ შენობაში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებულ პირთა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებაზე მოსაზრების წარსადგენად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში იმსჯელეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის N5/60784 წერილზე, რომელიც შეეხებოდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში, სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ შენობაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის პრობლემებს. შედეგად, სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბრის წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამინისტროსთვის ცნობილია პრობლემის შესახებ, რომლის წინაშეც დგას მითითებულ მისამართზე მცხოვრები, როგორც დევნილი, ისე არადევნილი მოსახლეობა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ისინი განსახლდნენ თვითნებურად, სამინისტროს ნებართვისა და დევნილთა განსახლების შესახებ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, გაუწიოს მათ დახმარება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N5/66905 წერილით კ. ჯ-ას და ი. ბ-ას, მათი განცხადებების პასუხად ეცნობათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის წერილით წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია (წინააღმდეგია) დააკმაყოფილოს მოთხოვნა, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე უძრავი ქონების ელექტროენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 იანვრის N5/1098 წერილით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მათივე წერილების პასუხად ეცნობათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ურთიერთშეთანხმებული წინადადების წარდგენის შემდეგ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელებდა ქალაქ თბილისში, N... საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ შენობაში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის საკითხზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018 წლის 24 იანვარს წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ქ. თბილისში, N... საჯარო სკოლაში მცხოვრებ დევნილთა საკითხზე. წერილის მიხედვით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან გამომდინარე, შენობების მდგომარეობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის უსაფრთხო არ არის. შენობები იმყოფება ავარიულ, დაძაბულ, დეფორმირებულ მდგომარეობაში, ამასთანავე, შენობაში მცხოვრებ პირებს არ გააჩნიათ ელემენტალური საცხოვრებელი პირობები. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკოლის ინფრასტრუქტურის არსებობა, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა და რაც მთავარია, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა, თუმცა არსებულ პირობებში, აღნიშნულის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამდენად, პრიორიტეტულ საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული და შესაძლო მოკლე ვადებში იქნეს უზრუნველყოფილი სსიპ თბილისის N... საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრები პირების ალტერნატიულ ფართში გაყვანა, არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.

2018 წლის 8 თებერვლის N01-02/3597 წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N.../...ის ქუჩა N10-ში მდებარე შენობა (ს/კ ...) არ წარმოადგენს კომპაქტური განსახლების ობიექტს. დევნილი ოჯახები თვითნებურად განსახლდნენ სამინისტროს ნებართვის გარეშე და არ წარმოადგენენ დაკავებული ფართების მართლზომიერ მფლობელებს. საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 30 ოჯახი, საიდანაც დევნილის სტატუსით სარგებლობს 12 ოჯახი. აქედან 3 ოჯახი რეგისტრირებულია თბილისში, ხოლო 9 ოჯახი - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აპრილის N001726014 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე N... საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსისა და გვერდითი ფლიგელის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მათი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო არ არის. დღეისათვის აღნიშნული ნაგებობები რთულ, დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაშია და მათი „სრულ საიმედო დონემდე“ აღდგენისათვის აუცილებელია ყველა მზიდი კონსტრუქციის მოქმედ, მათ შორის, სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც პრაქტიკაში არსებული და მიღებული მეთოდებით, შენობის ფაქტიური დაზიანებებისა და მასშტაბების გათვალისწინებით, არარენტაბელურია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს: გააჩნია თუ არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სათანადო ფაქტობრივი წინაპირობები, იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მოსარჩელეთათვის სოციალური მნიშვნელობის მქონე მოთხოვნა - გასცეს თანხმობა თვითნებურად დაკავებულ ფართში კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც გააჩნია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, მართოს და განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაში მოიაზრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა გულისხმობს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მხრიდან მოსარჩელეთათვის გადაცემული არ არის სარგებლობის უფლებით. შესაბამისი უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სტატუსით „მშენებარე“ და არ არის კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი, სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლას. ამდენად, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობაში მოსარჩელეები ცხოვრობენ თვითნებურად, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მოსარჩელეთა სადავო ობიექტში თვითნებურად შესახლების ფაქტი არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან მათი სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ზოგად ვალდებულებას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოსარჩელეთა შესაბამის ფართში ცხოვრება განპირობებულია მათი მძიმე სოციალური მდგომარეობით და მოცემულ ეტაპზე ალტერნატიული საცხოვრებლით სარგებლობის შეუძლებლობით (მოსარჩელეთა ნაწილი დევნილის სტატუსის მქონე პირია, ხოლო ნაწილი - სოციალურად დაუცველი). აღნიშნული პირები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოკლებულნი არიან თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობას და დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოზე. ამასთანავე, მათი ინტერესია არა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, არამედ დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანება, საცხოვრებელი პირობების სათანადო დონის მისაღწევად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებული სოციალური სტატუსის მქონე პირთა სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებასთან ერთად, სახელმწიფოს ეკისრება შესაბამისი საცხოვრებლის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ვალდებულებაც, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის რისკების გამორიცხვით. სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება მოიცავს იმ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რომლითაც შესაძლებელი გახდება პირის ღირსეული არსებობა და შესაბამისი პირობების შექმნით საფრთხე არ შეექმნება მისი ან/და მასთან მცხოვრები სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა“ და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საყოველთაო პაქტის“ გათვალისწინებით, კასატორებისათვის, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისა თუ მასში მცხოვრები პირისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ის პირობები, რომელიც აუცილებელია მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. იმისათვის, რომ რეალურად აღსრულებადი იყოს სახელმწიფოს ვალდებულება, შესაბამისი პირებისათვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებლად არჩეული სივრცის შესაბამისობა დადგენილ მინიმალურ სტანდარტებთან.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის საფუძველზეც, სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი). ამავე კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი პირის „სათანადო საცხოვრებელში“ იგულისხმება დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. ამდენად, სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დააკმაყოფილოს დევნილი ადეკვატური საცხოვრებლით, საცხოვრებელი პირობები შესაბამისობაში მოიყვანოს მინიმალურ მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფს დევნილის ღირსეული არსებობის შესაძლებლობას და საფრთხეს არ შეუქმნის მისი და/ან მასთან მცხოვრები სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს განსახილველ საქმესთან მიმართებაში და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა კატეგორიის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ არ დგას მათი სოციალური საჭიროებების არსებობა. ამდენად, მოსარჩელეთა მოლოდინი, სახელმწიფოს მხრიდან მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მოკლებული არ არის საფუძველს. თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოსახლეობისათვის კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე თანხმობის გაუცემლობა, თავად მოსარჩელეთა უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის არსებულ მიმოწერაში ასახულ ინფორმაციას და დოკუმენტთა საერთო ანალიზის შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პრიორიტეტულია მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა, რაც შეუძლებელია ამ სკოლაში მცხოვრები დევნილებისა და თვითნებურად შეჭრილი სხვა პირების ცხოვრების პირობებში. ამავდროულად, სამინისტრო გასათვალისწინებლად მიიჩნევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის თანახმად, სადავო შენობების მდგომარეობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის უსაფრთხო არ არის. საგულისხმოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს - მისი პოზიციით, ვინაიდან შენობაში მოსარჩელეები განსახლდნენ თვითნებურად, სამინისტროს ნებართვისა და დევნილთა განსახლების შესახებ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, გაუწიოს მათ დახმარება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში. ამასთანავე, შენობა არ წარმოადგენს კომპაქტური განსახლების ობიექტს.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სუბიექტთა განსაკუთრებული სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებლის სათანადო პირობებით უზრუნველყოფა უნდა პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებს. უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო კვლევის შედეგად უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკითხის გადაწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტა - თანხმობის გაცემა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოსახლეობისათვის კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე, რეალურად წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელეთა ინტერესთან - უსაფრთხო გარემოში იქნეს უზრუნველყოფილი მათი საჭიროებები. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ სადავო ობიექტი საფრთხის შემცველია მასში მცხოვრები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აპრილის N001726014 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე N... საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსისა და გვერდითი ფლიგელის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო არ არის. ნაგებობები რთულ, დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაშია და მათი „სრულ საიმედო დონემდე“ აღდგენისათვის აუცილებელია ყველა მზიდი კონსტრუქციის მოქმედ, მათ შორის, სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც პრაქტიკაში არსებული და მიღებული მეთოდებით, შენობის ფაქტიური დაზიანებების და მასშტაბებიდან გამომდინარე არარენტაბელურია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ უპირველესად, მოსარჩელეთა ინტერესში არსებული საკითხის დადებითად გადაწყვეტას გამორიცხავს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ფართში ცხოვრება. სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავება განპირობებულია სწორედ იმ ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობით, რომლებიც მოსარჩელეთა საცხოვრებელი შენობის დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობას ადასტურებს და ადამიანისათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას გამორიცხავს.

ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები (მათი ოჯახის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვები) ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ობიექტში. შესაბამისად, მათი მხრიდან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა და იმავე შენობაში ცხოვრების გაგრძელების ინტერესი, ზიანის მომტანია უპირველესად შენობაში მცხოვრები არასრულწლოვანი პირებისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. გ-ის, ნ. ხ-ეის, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას, ნ. ზ-ის, ი. ბ-ას და ჟ. გ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლი 18 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე