Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-352(19კ-22) 7 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელეების ი. ბ-ას, ჟ. გ-ას, ი. ჯ-ას, კ. გ-ის, ნ. ხ-ეს, გ. მ-ას, დ. ქ-ას, რ. ქ-ას, ლ. კ-ას, მ. შ-ას, მ. ი-ის, მა. შ-ას, მ. ქ-ას, თ. გ-ას, ი. ა-ას, კ. ჯ-ას, ნ. ს-ას, ნ. დ-ას, გ. ხ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ხ-ას, ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ერთი საკასაციო საჩივრი წარმოდგენის გზით, გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მისი შემომტანი ყველა პირის ხელმოწერას. შესაბამისად, კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ყველა კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 6 აპრილს და ჩაბარდათ 2022 წლის 7 აპრილს. 2022 წლის 14 აპრილს კასატორებმა შეავსეს ხარვეზი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს 19 საკასაციო საჩივარი თითოეულის ხელმოწერით ცალ-ცალკე და ამასთანავე, წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც დადგინდა, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინების ასლი მეოცე კასატორს - ი. ჯ-ას არ ჩაბარებია. შესაბამისად, ხარვეზი შეივსო ი. ჯ-ას გარდა ყველა დანარჩენი კასატორის მიერ საკასაციო საჩივრების ცალ-ცალკე წარმოდგენის გზით.

2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შევსების შედეგად, წარმოებაში იქნა მიღებული 19-ვე საკასაციო საჩივარი (ი. ჯ-ას გარდა). ხოლო ი. ჯ-ას 2022 წლის 21 აპრილს განმეორებით გაეგზავნა ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინების ასლი მასთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად დადგენილ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ.№.... გზავნილი ადრესატს ჩაბარდა პირადად 2022 წლის 26 აპრილს, ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 2022 წლის 3 მაისს 24 საათზე (სამშაბათი). დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 399-ე მუხლის თანახმად, ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე